საპარტნიორო ფონდის საქმიანობა მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს
სს „საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია - მისი 100% სახელმწიფო საკუთრებაშია. შესაბამისად, მისი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების ეფექტიანობა და გამჭვირვალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო’’ ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე 2014 წელს უკვე წერდა. ჩვენ, ასევე, დავინტერესდით, თუ რა პროექტებს ახორციელებს ამ ეტაპზე ფონდი, რომელი პროექტი დაასრულა, და ვინ არიან ინვესტორები. ამ მიზნით ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ’’ კიდევ ერთხელ გამოიკვლია.
ჩვენ მიერ შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „საპარტნიორო ფონდის” მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების უმრავლესობა აკმაყოფილებს მიზანშეწონილობისა და გამჭვირვალობის კრიტერიუმს, თუმცა არის სამი პროექტი (ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა და კომპანია სს „ჰუმანითი ჯორჯია’’), რომლებიც გარკვეულ კითხვებს აჩენს.
ამ პროექტებში „საპარტნიორო ფონდთან” ერთად თანაინვესტორი კომპანიების: Merrydow Development Holdings LTD (მისი დირექტორი/ოფიცერი კომპანია ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული), შპს „როიალ დეველოფმენთის’’ (საეჭვოა მათი პროექტში მონაწილეობა) და სს „ჰუმანითი ჯორჯია’’ (კვალს ოფშორამდე მივყავართ) საქმიანობის შესახებ არსებული ინფორმაცია არასაკმარისი ან ბუნდოვანია. გარდა ამისა, სს „ჰუმანითი ჯორჯიასა” და შპს „როიალ დეველოფმენთის” შემთხვევაში იკვეთება კავშირები საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან და პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გავრცელებული ინფორმაციის ჭრილში - ივანიშვილის ახლო ნათესავის უჩა მამაცაშვილის „საპარტნიორო ფონდში” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ პირად საუბრებში ფონდშიც გვიდასტურებენ, რომ მამაცაშვილი ფონდში 2012-2016 წლებში მუშაობდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე არ მოიპოვება. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ პროექტებში, სადაც „საპარტნიორო ფონდი” მინორიტარია შემსრულებელი კომპანიების არჩევა ფასთა გამოკითხვით, მხოლოდ ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება. ეს სტანდარტები, ვფიქრობთ, საკმარისი არ არის პროექტების სათანადო გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ეს ყველაფერი ზოგიერთ შემთხვევაში კითხვებს აჩენს სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის” მიერ სახელმწიფო თანხების გამჭვირვალე და ეფექტიან ხარჯვასთან მიმართებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიაჩნია, რომ:
-
აუცილებელია, „საპარტნიორო ფონდის’’ ვებგვერდზე მოცემული იყოს დეტალური და გადამოწმებული ინფორმაცია ყველა პროექტის შესახებ;
-
„საპარტნიორო ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით დამატებითი რეგულაციები უნდა იქნას შემოღებული. კერძოდ, უმჯობესი იქნება, თუ კანონის დონეზე აიკრძალება „საპარტნიორო ფონდის” სახსრების ისეთ იურიდიულ პირებზე გაცემა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონაში, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი;
ყველა პროექტში, მიუხედავად იმისა ფონდის მონაწილეობა მაჟორიტარულია თუ მინორიტარული, აუცილებელია, პროექტის მიზნებისთვის ნებისმიერი სამუშაოს შემსრულებელი პირის გამოვლენა სრულყოფილი (ღია და ინკლუზიური) ტენდერის გზით ხდებოდეს.
