ENG

საქართველოს სახელმწიფო საწარმოები: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და კორუფციის პრევენცია

07 დეკემბერი, 2016

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო საწარმოებში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის პრევენციის საკითხებია შესწავლილი.

 

სახელმწიფო საწარმოებში კორუფციის რისკების პრობლემა მსოფლიოს მასშტაბით მზარდი ყურადღებისა და ინტერესის საგანია კორუფციისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის შესწავლით დაკავებული ორგანიზაციებისა და მკვლევარების წრეში.

 

საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოში არსებული პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე ანგარიშის ბოლოს წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელთა განხორციელებაც, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოებში კორუფციის რისკების შემცირებას და მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტურობის ზრდას.

 

კერძოდ, კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

 

საქართველოში სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა მთელი რიგი ხარვეზებით ხასიათდება:

 
  • კანონმდებლობა არ ადგენს სახელმწიფო საწარმოს დაარსების კრიტერიუმებს და ლეგიტიმურ მიზნებს;

  • არ არსებობს სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ერთიანი სისტემა;

  • ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის სფეროში არსებული კანონმდებლობა (მცირე გამონაკლისების გარდა) სახელმწიფო საწარმოებზე არ ვრცელდება;

  • კანონმდებლობა არ ადგენს სახელმწიფო საწარმოების დირექტორებისა და დირექტორთა საბჭოების წევრების დანიშვნისა და გათავისუფლების გამჭვირვალე წესებს, რაც მნიშვნელოვანი ხარვეზია ამ საწარმოებში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის, ასევე მათ საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის პრევენციის მხრივ;

  • არ არსებობს სახელმწიფო საწარმოების მოგების განაწილების მკაფიო მეთოდოლოგია და ქმედითი სისტემა;

  • სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ არის სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის მაკოორდინირებელი ეფექტური ორგანო;

 

მთელი რიგი პრობლემები იკვეთება, ასევე, კვლევის ფარგლებში შერჩეული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის ანალიზიდან:

  • არაერთგვაროვანი და არადამაკმაყოფილებელია საწარმოების პრაქტიკა როგორც ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების, ისე მოთხოვნის შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის მხრივ;

  • საწარმოებს არ აქვთ ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის პრევენციის შიდა მექანიზმები;

  • აშკარად იკვეთება პოლიტიკური ზეგავლენა საწარმოების მართვაზე, რაც მმართველ თანამდებობებზე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების დანიშვნაში გამოიხატება;

  • კვლევამ ასევე გამოავლინა სახელმწიფო საწარმოებში თანამდებობის პირთა ოჯახის წევრების დასაქმების არაერთი შემთხვევა;

  • კვლევამ დაადგინა, რომ მმართველი პარტიის შემომწირველთა შორის სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელი პირებიც არიან;

 

შესაბამისად, კვლევის მიგნებების საფუძველზე შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები:

 
  • გაძლიერდეს ანტიკორუფციული მექანიზმები - გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტები სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის, სათანადო საკანონმდებლო რეგულაციების დაწესების გზით:

    • მოხდეს სახელმწიფო საწარმოების მართვის მოდელისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების დახვეწა და პარლამენტს მიეცეს მეტი შესაძლებლობა, ზედამხვედველობა გაუწიოს სახელმწიფო საწარმოების საქმიანობას;

    • საქართველოში მოქმედი ანტიკორუფციული კანონმდებლობის პრინციპები სრულად გავრცელდეს სახელმწიფო საწარმოებზე, მათ შორის, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის პრევენციის, სამსახურში სამართლიანი და გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე მიღებისა და სამსახურიდან დათხოვნის მკაფიო საფუძვლების შემუშავების კუთხით;

    • საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, მოხდეს სახელმწიფო საწარმოებისთვის ეთიკის კოდექსისა და მამხილებლის დაცვის მექანიზმების შემუშავება;

    • საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე დადგინდეს ინფორმაციის გაცემის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრინციპები, რომელიც გავრცელდება ყველა სახელმწიფო საწარმოზე. სახელმწიფო საწარმოებს კანონით უნდა დაეკისროთ ვალდებულება, გამოეხმაურონ ინფორმაციის გაცემის  მოთხოვნებს და პროაქტიულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია.

    • სახელმწიფო საწარმოებმა შეიმუშავონ და გამოაქვეყნონ სახელფასო, სოციალური და ეკოლოგიური პოლიტიკა საკუთარ ვებგვერდებზე;

  • სახელმწიფო საწარემოების ხელმძღვანელების შერჩევისთვის კანონით დადგინდეს გამჭვირვალობის, ღია და სამართლიანი კონკურსით შერჩევის მაღალი სტანდარტი. კანონით უნდა განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოების დირექტორებისა და დირექტორთა საბჭოების შერჩევის და სამსახურიდან დათხოვნის მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმები.

  • აღმოიფხვრას პოლიტიკური ჩარევის პრაქტიკა სახელმწიფო საწარმოების საქმიანობაში.