ENG

საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმა: დიდი კორპორაცია თუ კონკურენტული ბაზარი?

04 თებერვალი, 2010

საჯარო სამსახურის რეფორმა ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გარდაქმნის ქვაკუთხედად შეიძლება ჩაითვალოს. ერთი მხრივ, რეფორმირებულმა საჯარო სამსახურმა სახელმწიფო ინსტიტუტების ქმედითობის ეფექტური მექანიზმები უნდა შექმნას. ამავე დროს, საჯარო სამსახურმა მოქალაქეების სამართლიანად და თანასწორად მომსახურება უნდა უზრუნველყოს. ეფექტური საჯარო სამსახური ასევე უმნიშვნელოვანესია საქართველოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებული მიზნების მისაღწევად, რადგან აუცილებელი სამუშაო პოლიტიკურად ნეიტრალურმა ბიუროკრატიამ უნდა დაგეგმოს და განახორციელოს. ახალმა მთავრობამ ეფექტურად ფუნქციონირებადი საჯარო სამსახურის მნიშვნელობა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აღიარა. შედეგად, 2004 წელს პრეზიდენტმა საჯარო სამსახურის საბჭო და საჯარო სამსახურის ბიურო შექმნა. საჯარო სამსახურის საბჭო პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანოა; ბიურო კი პრეზიდენტს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.