საქართველოს პროფესიული კავშირების მოძრაობა
საქართველოში პროფესიული კავშირების მდგომარეობას ნაკლები ყურადღება ექცევა. მიუხედავად იმისა, რომ შრომითი უფლებების კუთხით რამდენიმე ზოგადი მიმოხილვა არის მომზადებული (მეტწილად კანონმდებლობის კვლევის ფორმით), ნაკლებადაა შესწავლილი, თუ რამდენად დაცულია შრომითი უფლებები პრაქტიკაში. საქართველო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა და მას აქვს აღებული ვალდებულება, დაიცვას შრომითი უფლებები. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შრომითი უფლებების შესახებ არსებული საბაზისო კონვენციების რატიფიცირება და ეფექტიანი განხორციელება საქართველოსთვის პრეფერენციათა საერთო სისტემით (GSP+) დაწესებული უპირატესობებისა და ევროკავშირთან ხელსაყრელი სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. წინამდებარე ანგარიშთან უშუალო კავშირში, პირველ რიგში, ორი საერთაშორისო შრომითი კონვენციაა, ესენია – „ასოციაციის თავისუფლება” და bdquo;ორგანიზების უფლების დაცვა, ორგანიზების უფლება და კოლექტიური მოლაპარაკებები პროფესიულ კავშირებს შორის”. სხვა საკითხებთან ერთად, ამ კონვენციებზე ხელმომწერ ქვეყნებს მოეთხოვებათ, დამსაქმებლების ან მთავრობის მხრიდან ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, დაიცვან პროფესიული კავშირის ფორმირების და მასში გაწევრიანების უფლება. ანგარიში იწყება კავშირების ძლიერი მხარეების შეფასებით, რის შემდეგაც შევეცდებით პასუხები გავცეთ კითხვებს: რატომ არ შესწევთ პროფესიულ კავშირებს საკმარისი ძალა, რომ სრულყოფლად დაიცვან დასაქმებულთა უფლებები საქართველოში? მათი სისუსტის მიზეზი ხომ არ არის შიდა პრობლემები ან საბჭოთა პერიოდის უუნარო პროფესიული კავშირებისაგან მიღებული მემკვიდრეობა? იქნებ პოლიტიკური გარემოა არახელსაყრელი სამუშაოდ? ამ ანგარიშში საქართველოში პროფესიული კავშირების საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი, თუმცა, ის შეეცდება მოცემულ შეკითხვებს მეტნაკლებად სრულყოფილი პასუხები გასცეს და საქართველოს პროფესიული კავშირების დღევანდელი მდგომარეობის სურათი დახატოს.