საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება 2015 - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება 2015

06 ივნისი, 2015

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს გამოაქვეყნა ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ვრცელი ანგარიში, რომელშიც საქართველოს 12 ინსტიტუტის საქმიანობაა განხილული. ანგარიში „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება 2015“ მომზადდა რეგიონული პროექტის „ეროვნული ანტიკორფუციული სისტემების შეფასება ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც კოორდინირებას საერთაშორისო გამჭვირვალობის სამდივნო უწევს და რომელიც ევროკავშირის მიერ ფინანსდება 680 517 ევროს ოდენობით.

ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის კვლევა (რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ შექმნილი ერთიანი მეთოდოლოგიით მრავალ ქვეყანაში ტარდება) მიზნად ისახავს არა ქვეყანაში კორუფციის დონის გაზომვას, არამედ იმ ინსტიტუტების სიძლიერის შეფასებას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყანაში კარგი მმართველობის დამკვიდრების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებისა და, ამრიგად, კორუფციის პრევენციის კუთხით. პირველი მსგავსი შეფასება 2011 წელს გამოქვეყნდა. 2015 წლის დოკუმენტი ასახავს იმ (დადებით თუ უარყოფით), რომლებიც სისტემაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოხდა.  

2011-2015 წლებში მომხდარი ძირითადი პოზიტიური ცვლილებებიდან აღსანიშნავია:

  • მედიის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა, რაც გამოიხატება ძირითადი ტელეარხების მიერ პოლიტიკური პროცესებისა და მთავრობის საქმიანობის უფრო მრავალფეროვან და გაწონასწორებულ გაშუქებაში
  • უფრო დამოუკიდებელი სასამართლო, რაც გამოიხატება მოსამართლეთა უფრო გაბედულ პოზიციაში პროკურატურასთან ურთიერთობისას სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს, აგრეთვე კერძო მხარეების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული ადმინისტრაციული დავების რიცხვის ზრდაში
  • უფრო პლურალისტური და მთავრობისგან უფრო დამოუკიდებელი პარლამენტი
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების რაოდენობისა და ხარისხის ზრდა
  • უფრო დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც უფრო გამჭვირვალედ მუშაობს და უკეთ ართმევს თავს არჩევნების ორგანიზებას, ვიდრე წარსულში

ამავე დროს, სისტემის ინსტიტუტებში აღინიშნება ზოგიერთი სერიოზული პრობლემაც:

  • არსებობს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არაფორმალური გარეშე გავლენის ნიშნები, რაც ამცირებს მის დამოუკიდებლობას
  • პარლამენტი კვლავაც არ არის საკმარისად დამოუკიდებელი იმისთვის, რომ ეფექტიანი ზედამხედველობა გაუწიოს მთავრობის საქმიანობას
  • ყოფილი თანამდებობის პირთა მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში პოლიტიკური მოტივაციისა და სამართლის შერჩევითად გამოყენების ნიშნები ჩრდილს აყენებს როგორც სასამართლოს, ისე სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობას
  • ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურიდან თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი, პროფესიონალური საჯარო სამსახური
  • შეშფოთებას იწყვევს ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის სავარაუდო შემთხვევები საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის პროცესში
  • სახელმწიფო შესყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც ღია და კონკურენტული ტენდერების გარეშე ხორციელდება

ძირითადი რეკომენდაციები:

  • გაუმჯობესდეს საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფისთვის გამიზნული სამართლებრივი ნორმები და შეიქმნას პრაქტიკაში მათი განხორციელების სათანადო მექანიზმები, რისი ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია შესაბამისი უფლებამოსილებებითა და რესურსებით აღჭურვილი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა
  • აღმოიფხვრას ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში და შემცირდეს ელექტრონული შესყიდვების გამჭვირვალე სისტემის გვერდის ავლით გაფორმებული კონტრაქტების ხვედრითი წილი
  • გაგრძელდეს წინსვლა პოლიტიკური პარტიებისთვის უფრო თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნის მიმართულებით, რისთვისაც საჭიროა საარჩევნო სისტემის დარჩენილი პრობლემების გადაჭრა და რესურსებზე პოლიტიკური პარტიების უფრო თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა
  • აღმოიფხვრას მთავრობაზე არაფორმალური გარე გავლენა
  • შეიქმნას დამოუკიდებელი და პროფესიონალური საჯარო სამსახური, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური გავლენისგან. ამისთვის აუცილებელია საკანონმდებლო რეფორმის დასრულება, საჯარო სამსახურში დასაქმების, დაწინაურების, სამსახურიდან დათხოვნისა და ანაზღაურების გამჭვირვალე სისტემის შექმნა, ფავორიტიზმისა და ნეპოტიზმის შემთხვევებისა და არჩევნების შემდეგ საჯარო მოსამსახურეების მასობრივი დათხოვნის პრაქტიკის აღმოფხვრა

კვლევის სრული შედეგები მოცემულია ანგარიშში „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება 2015“ (რომელიც ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენებზე).

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ერეკლე ურუშაძეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფრო ანალიტიკოსსა და პროგრამის მენეჯერს: erekle@transparency.ge

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება 2011

print