საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის პრაქტიკაში განხორციელება პრობლემად რჩება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის პრაქტიკაში განხორციელება პრობლემად რჩება

07 დეკემბერი, 2015

 

თბილისი, 2015 წლის 7 დეკემბერი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის ნორმების პრაქტიკაში შესრულებას ეხება.

საქართველოს საჯარო სექტორში ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიანად განხორციელება, დანაშაულის გამოვლენა თუ პრევენციური ზომების  გატარება რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული. პრობლემებს კომპლექსური ხასიათი აქვს და რამდენიმე ასპექტს მოიცავს.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • სამინისტროების უმრავლესობაში არსებობს შიდა ორგანო (როგორც წესი, შიდა აუდიტის სამსახური) რომლის მოვალეობებში “საჯარო სამსახურის შესახებ” და “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონებით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევების გამოვლენა, შესწავლა და რეაგირება შედის.

  • ხშირ შემთხვევაში ამ სტრუქტურების საქმიანობა არაეფექტიანია. ამ ვარაუდს ამყარებს მედიისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები, რომლებიც ინტერესთა კონფლიქტისა თუ კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ მიუთითებენ, მაშინ, როცა ზემოხსენებულ ორგანოებს შესაბამისი კანონის დარღვევის არც ერთი შემთხვევა არ გამოუვლენიათ.

  • დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიებში ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო შემთხვევების შემსწავლელი შიდა ორგანოები არ არსებობს

  • საჯარო უწყებების უმრავლესობას მხილების მკაფიო შიდა მექანიზმი შემუშავებული არ აქვს და მათ ეს არც კანონით ევალებათ, რაც მამხილების დაცვის მოქმედი კანონმდებლობის რეალობაში განხორციელების მხრივ მნიშვნელოვან ხარვეზს ქმნის და არ პასუხობს საუკეთესო პრაქტიკის მოთხოვნებს.

  • შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურს მამხილებელთა დაცვის სპეციალური კანონმდებლობის შემუშავება ევალებათ, რომელიც დღემდე არ არსებობს.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის საქმიანობა გამჭვირვალე არ არის.

  • პარლამენტის წევრთა ქონებრივ დეკლარაციებში ბოლო წლებში არაერთი უზუსტობა იქნა აღმოჩენილი

  • “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ანტიკორუფციული დებულებებიდან ყველაზე მეტ კითხვას ე.წ. „მბრუნავი კარის“ მარეგულირებელი ნორმები (მუხლი 65. სამსახურში შესვლის შეზღუდვა) და მისი პრაქტიკაში აღსრულება ბადებს. კერძოდ, კანონი არ ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებზე და გაუგებარია, თუ რომელი ორგანოა  პასუხისმგებელი მის აღსრულებაზე.

ძირითადი მიგნებებიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავა:

  • საჯარო უწყებებში “საჯარო სამსახურის შესახებ” და “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ” კანონების აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოებისთვის უფრო მეტად პრიორიტეტული უნდა გახდეს ამ კუთხით დარღვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება. აუცილებელია, აგრეთვე, ამ ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის მათი თანამშრომლების გადამზადების გზით.

  • დამოუკიდებელ მარგულირებელ კომისიებს კანონით უნდა დაევალოთ ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო შემთხვევების შემსწავლელი შიდა ორგანოების შექმნა.

  • საჯარო უწყებებს კანონით უნდა დაევალოთ მხილების მკაფიო და მარტივი შიდა პროცედურების შემუშავება, რომლის შესახებ ინფორმაციასაც საკუთარ თანამშრომლებს პროაქტიულად მიაწოდებენ.

  • უნდა შეიქმნას ძალოვან უწყებებში მამხილებელთა დაცვის უზრუნველმყოფი ქმედითი და ეფექტური კანონმდებლობა ან არსებული კანონმდებლობა უნდა გავრცელდეს ამ უწყებების თანამშრომლებზე.

  • “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 65-ე მუხლი (სამსახურში შესვლის შეზღუდვა), რომელიც “მბრუნავი კარის” მარეგულირებელ ნორმებს შეიცავს, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებზეც უნდა გავრცელდეს. უნდა გამოსწორდეს ამ ნორმის სხვა ხარვეზებიც (მაგალითად, მისი შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყების არარსებობა).

  • უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის საქმიანობა უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს.

  • პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას

  • ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულებისთვის აუცილებელია შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით, რესურსებით და პოლიტიკური დამოუკიდებლობით იქნება აღჭურვილი.

 

print