„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საჯარო სამსახურის რეფორმის ზოგიერთ საკითხს აფასებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში წარმოდგენილია საჯარო სამსახურთან დაკავშირებულ ორი თემის ანალიზი, შეფასებები და რეკომენდაციები, რომლებიც, შესაბამისად, ორ ბლოკად არის დაყოფილი. პირველი თემა შეეხება საკადრო პოლიტიკას, მეორე კი საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციებს.
მიღწევები/დადებითი მხარეები
„საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონის მიღება საკადრო პოლიტიკის რეგულირების კუთხით მთლიანობაში დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალოს.
დადებითად ვაფასებთ მოვალეობის შემსრულებლის მანკიერი ინსტიტუტის გარდაქმნას, მოხელის ყოველწლიური შეფასებისა და სერთიფიცირების სისტემების დანერგვას;
ასევე, წინგადადგმული ნაბიჯია საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმების/მონიტორინგის სისტემის ამოქმედება.
გამოწვევები
პრობლემურია გამოსაცდელი ვადის ზედა ზღვრის დღეს მოქმედი 6-დან 12 თვემდე გაზრდა. 12 თვიანი გამოსაცდელი ვადა კვალიფიციურ კადრს შეუმცირებს მოტივაციას დაიწყოს მუშაობა საჯარო სამსახურში და უფლებამოსილების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების რისკს ზრდის ზემდგომი თანამდებობის პირების მხრიდან;
ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ამოქმედება შეიძლება 2017 წლამდეც.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხარვეზიანი იყო საკონკურსო-საატესტაციო კომისიების ფუნქციონირება, კერძოდ, კანონის ფართო დისკრეციის ბოროტად გამოყენების, გამჭვირვალობის დაბალი დონის და გარე მონიტორინგისთვის შეზღუდვების დაწესების კუთხით.
რეკომენდაციები
გამოსაცდელი ვადის ზედა ზღვარი 12 თვიდან კვლავ 6 თვემდე უნდა შემცირდეს;
„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების შესახებ” მთავრობის დადგენილებაში უნდა გაკეთდეს მკაფიო ჩანაწერი, რომელიც საკონკურსო კომისიებში საჯაროობის მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს;
საჭიროა ნეპოტიზმის საკითხის კანონმდებლობაში ნათლად გამოკვეთა და კრიმინალიზება;
ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა 2017 წლამდე უნდა ამოქმედდეს.
მნიშვნელოვანია, ქონებრივი დეკლარაციის წარმდგენ თანამდებობის პირთა ჩამონათვალის გაფართოება და მასში ადგილობრივი საკრებულოს წევრებისა და მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის მრჩევლების ჩართვა.
ასევე, საურველია თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა ჩამონათვალის გაფართოება მასში იმ პირების ჩართვით, რომლებზეც უნდა გავრცელდეს ქონების გასაჯაროების ნორმები.
წინამდებარე ანგარიში მომზადდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს დონორის შეხედულებებს და მათზე პასუხისმგებელია მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.