მიეცეს თავისუფლება საქართველოს სკოლებს? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მიეცეს თავისუფლება საქართველოს სკოლებს?

21 ივნისი, 2010

2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ზოგადი განათლების შესახებ”, რომელიც ითვალისწინებდა სასკოლო სისტემის მართვის სწრაფ და რადიკალურ რეფორმირებას მისი დეცენტრალიზაციის გზით. სკოლებში დაფუძნდა სამეურვეო საბჭოები, რომლებიც უფლებამოსილი არიან დანიშნონ და გაათავისუფლონ სკოლების დირექტორები და შეიმუშაონ სკოლის ბიუჯეტი. დაინერგა სასკოლო ვაუჩერების ახალი სისტემაც, რომელიც მშობლებს არჩევანის საშუალებას აძლევს და სკოლას, თეორიულად მაინც, საკუთარი ბიუჯეტის მართვის უფლებას ანიჭებს. ეს ანგარიში აანალიზებს ზემოაღნიშნული რეფორმის შედეგებს და ასკვნის, რომ, სამწუხაროდ, დეცენტრალიზაციამ ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს. ვაუჩერების სისტემის მწირმა დაფინანსებამ გამოიწვია ის, რომ სკოლებმა ფინანსური ავტონომია ვერ მოიპოვეს. სკოლებში სამეურვეო საბჭოების მუშაობის მნიშვნელოვანი შეფერხება მრავალი მიზეზით იყო გამოწვეული, მათ შორის, ცენტრიდან კონკრეტული მითითებების ნაკლებობით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავრობას ვერ გადაუწყვეტია, საერთოდ სურს თუ არა დეცენტრალიზაცია. „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში 2009 წელს შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად დააკნინა სკოლების დირექტორების სტატუსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე. ეს შეფასება ამტკიცებს, რომ რეფორმების გატარება და განათლების სისტემის პოლიტიკის დახვეწა აუცილებელია იმისთვის, რომ სისტემამ ისეთი სახე მიიღოს, როგორიც დაგეგმილი იყო. აქვე მოცემულია განათლების სისტემის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის მიღწევისათვის აუცილებელი კონკრეტული რეკომენდაციების ჩამონათვალი.