მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპის მიმოხილვა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპის მიმოხილვა

20 ნოემბერი, 2013

2013 წლის 8 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისთვის გამიზნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა, რითიც, სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, მათ სასამართლო სისტემის რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყეს.  იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ცვლილებები, რომელიც სასამართლო ხელისუფლების მნიშვნელოვანი საკითხების რეფორმირებას ისახავს მიზნად, საერთო ჯამში, დადებითად უნდა შეფასდეს, ვინაიდან ისინი სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიების ზრდას, ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერებას, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის დახვეწას, სასამართლოებში თავმჯდომარეთა არჩევის დემოკრატიული წესის დამკვიდრებასა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირებას ისახავს მიზნად.[1] ამასთან, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მოსამართლეთა დანიშვნის წესმა, კერძოდ, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნამდე მათი სამწლიანი გამოსაცდელი ვადით თანამდებობაზე გამწესების და, ასევე, ამ სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მათი შეაფასების საკითხმა.

 

იუსტიციის სამინისტროს პარალელურად, ცვლილებები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ნაწილმაც მოამზადა. სასამართლო სისტემის წარმომადგენლების განმარტებით, ცვლილებები განპირობებულია სისტემის სუსტი მხარეების გაძლიერების სურვილით. ამ კანონპროექტის ძირითადი მიმართულება მოსამართლეთა სოციალური დაცვის საკითხის მოწესრიგება, იუსტიციის სკოლის რეფორმა და მოსამართლეთა დანიშვნის წესის განსაზღვრა იყო.

ასევე, საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 4 ოქტომბერს დაამტკიცა ცვლილებები საერთო სასამართლოთა შესახებ ორგანულ კანონში. მათი მიზანი იყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს კონსტიტუციის ახალ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონი 2013 წლის 17 ნოემბერს, ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შევიდა ძალაში.  

წინამდებარე ანგარიშის მიზანია საზოგადოებას გააცნოს სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილი მნიშვნელოვანი ცვლილებების ნაწილი. ამასთანავე, წარმოგიდგენთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პოზიციას მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით.

 


[1] ცვლილებები შემდეგ კანონებს შეეხება: საერთო სასამართლოების შესახებ, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

წინამდებარე ანგარიშის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ­-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. ის არ ასახავს USAID­-ის, აშშ­-ს მთავრობის ან „აღმოსავლეთ­ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.

 

print