კონკურენციის პოლიტიკა: საფოსტო მომსახურების ბაზარი საქართველოში
ქვეყნის კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასების მიზნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პერიოდულად იკვლევს ისეთ მსხვილ ბიზნესსექტორებს, რომლებშიც კონკურენციის შეზღუდვას ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზული ზიანი შეიძლება მოჰყვეს. ამჯერად ორგანიზაციამ საფოსტო მომსახურების ბაზარი შეისწავლა.
ამ ანგარიშში განხილულია საქართველოში საფოსტო მომსახურების ბაზარზე სახელმწიფო ორგანოების ჩარევის შემდეგ შექმნილი რეალობა და თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის ფაქტები. საფოსტო გადამზიდავების ბაზრის კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ამ ბაზარზე შესაძლოა ადგილი ჰქონდა „პოლიტიკური კორუფციის“ ერთ–ერთ სახეს, ე.წ. „სახელმწიფო თანამდებობის პირებზე გავლენის მოხდენას“ (State Capture), რაც ბაზარზე სახელმწიფო კომპანიის „საქართველოს ფოსტის“ მიერ ეკონომიკური პოლიტიკის პასუხისმგებელი თანამდებობის პირებზე ზეგავლენის მოხდენითა და ამ კომპანიისთვის ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაწესების გზით ბაზარზე პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნით გამოიხატა.
ასეთმა სავარაუდო კორუფციის შემთხვევებმა სერიოზულად შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რადგან ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება არა საჯარო ინტერესის საფუძველზე, არამედ - მხოლოდ კონკრეტული ინტერესის გამტარებელი მცირე ჯგუფის სასარგებლოდ. კორუფციის ამ სახეობის აღკვეთისა და პრევენციის ერთ–ერთი აუცილებელი პირობა ქვეყანაში ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკისა და, შესაბამისად, ქმედითი კონკურენციის სააგენტოს არსებობაა, რომელიც სათანადო რესურსებითა და უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი, უზრუნველყოფს ბაზრის ღიაობასა და გამჭვირვალობას, ეკონომიკური აგენტების საქმიანობის პროცესში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვას და კონკურენტული გარემოს ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებას, რათა ბაზარზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ჩარევის შედეგად არ მოხდეს კანონისმიერი მონოპოლიის დაწესება (ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაწესების გზით) და კონკურენციის არამართლზომიერად შეზღუდვა.
წინამდებარე ანგარიში მომზადდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.