ხუთლარიანი სადაზღვევო პოლისი
2008 წლის 12 თებერვალს, პარლამენტისადმი ყოველწლიური მიმართვის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა სახელმწიფოს მიერ თანადაფინასებული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სქემის ამოქმედების შესახებ. ხსენებული სქემა პოტენციურად ვრცელდება იმ ერთ მილიონ ადამიანზე, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებული სხვა უფასო სქემებით ვერ სარგებლობენ.შემოთავაზებული პაკეტი მოიცავს ძირითად რისკებს და სამი ნაწილისგან შედგება:უბედური შემთხვევის შედეგად საჭირო სამედიცინო მომსახურება, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება.პოლისის ფასი თვეში 5 ლარია, საიდანაც 3,35 ლარს სახელმწიფო იხდის. წინამდებარე ანგარიშის მიზანია ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სქემის განხილვა და დადგენა იმისა, თუ რამდენად აკმაყოფილებს სქემა საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილებებს, აგრეთვე რამდენად შეესაბამება ის საქართველოს მიერ გაერო-ს ადამიანის უფლებების დეკლარაციის ხელმოწერისას ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც ყველა ინდივიდისთვის ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასაც გულისხმობს. სქემის ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ აგრეთვე შევეცდებით იმის განსაზღვრას, თუ რამდენად განხორციელებადია ის.
