ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის პირველი ანგარიში
4 ოქტომბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” პროექტის „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის“ ფარგლებში წარადგინა „ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის პირველი ანგარიში”.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც დაიწყო 2011 წელს საერთაშორისო პლატფორმის უზრუნველყოფის მიზნით იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას ხელისუფლება გახადონ უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული.
2014 წლიდან „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პლატფორმა გაფართოვდა და მოიცვა საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობაც. 2015 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც შეადგინა და მიიღო ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა და ასევე ხელი მოაწერა „დეკლარაციას ღია პარლამენტის შესახებ“.
საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა შედგება 18 ვალდებულებისგან, რომელთა მიზანია საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის გაზრდა და საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშვალდებულების გაძლიერება.
საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 18 ვალდებულებიდან 15 შეთავაზებულ იქნა საკონსულტაციო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ხოლო დანარჩენი სამი ვალდებულება საქართველოს პარლამენტის აპარატისა და ცალკეული პარლამენტის წევრების მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა აქტიურად ითანამშრომლეს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესი წარმატებით ვერ წარიმართა, რადგან 2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით სრულად შესრულებულია მხოლოდ ოთხი ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის მაისისთვის საპარლამენტო საბჭოს განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების უმეტესობა მომზადებული ჰქონდა.