ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პოლიტიკური პარტიების ფინანსებთან დაკავშირებით ახალი ანგარიში წარმოადგინა

13 ივნისი, 2014

 

თბილისი, 2014 წლის 13 ივნისი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების გამჭვირვალობასთან და მათ ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ახალი ანგარიში წარმოადგინა. მასში მოცემულია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებების წლიური დეკლარაციების, მათ შორის, პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატთა საარჩევნო კამპანიის შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი. გარდა ამისა, ანგარიშში მიმოხილულია 2014 წლის გარკვეული საკითხებიც, კერძოდ, კი პოლიტიკური გაერთიანებების შემოწირულობებთან დაკავშირებული საინტერესო ტენდენციები.

კვლევისათვის ის პოლიტიკური გაერთიანებები შეირჩა, რომელთა  კანდიდატებმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 10%-ზე მეტი მოაგროვეს: 1. კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელშიც 6 პარტია მოიაზრება; 2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; და 3. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“

1. შემოსავლები 2013

2013 წელს მიღებული შემოსავლების საერთოდ რაოდენობით კოალიცია „ქართული ოცნება“ დაახლოებით 9 მილიონი ლარით ლიდერობდა. მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაახლოებით 5 მილიონი ლარით, ხოლო მესამეზე იყო დემოკრატიული მოძრაობა დაახლოებით 3.5 მილიონი ლარით.

რაც შეეხება გასულ წლებთან შედარებას, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 2012 წელსაც დაახლოებით 9 მილიონის შემოსავლები ჰქონდა, რომელიც ასევე მოიცავს 2011 წლის რამდენიმე თვესაც, მას შემდეგ რაც ეს კოალიცია ჩამოყალიბდა. ამ მხრივ უფრო საინტერესოა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც 2012 წელს, 2013 წელთან შედარებით, თითქმის 6-ჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებიდან ოპოზიაციაში გადანაცვლებამ ამ პარტიას ფინანსურად დიდი დარტყმა მიაყენა. გასულ წლებში შეუდარებლად ნაკლები შემოსავალი ჰქონდა „დემოკრატიულ მოძრაობასაც“, რაც, სავარაუდოდ იმით იყო განპირობებული, რომ ამ პარტიას წინა არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

1.1.   შემოწირულებები 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 ივნისამდე

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 680 შემომწირველისგან 8,302,826 ლარი მიიღო (მათ შორის 370 შემომწირველისგან 3,735,442 ლარი 2014 წელს). იმავე პერიოდში „დემოკრატიულმა მოძრაობამ” 426 დონორისგან 2,671,704 ლარი (მათ შორის მხოლოდ ერთი შემომწირველისგან 1520 ლარი 2014 წელს), ხოლო „ერთიანმა ნაციონალურ მოძრაობამ” 306 შემომწირველისგან 701,142 ლარი (მათ შორის 216 შემომწირველისგან 271,149 ლარი 2014 წელს) მიიღო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2013-2014 წლენში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წლიური შემოწირულებები 40-ჯერ და მეტჯერ შემცირდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვს, რომ 2012 წელს მმართველი პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული ბევრი შემოწირულება ბოლომდე ნებაყოფლობით შეიძლება არ ყოფილიყო. ასევე, საინტერესოა „დემოკრატიული მოძრაობის“ შემთხვევაც, რომელსაც 2013 წელს დაახლოებით 2.5 მილიონი ლარის შემოწირულება გააჩნდა, ხოლო 2014-ში - მხოლოდ 1520 ლარი და ისიც ერთი შემომწირველისგან.

სხვადასხვა პარტიის 387 შემომწირველი 875 კომპანიასთან იყო ან არის დაკავშირებული მესაკუთრის, დირექტორის, წარმომადგენლის ან განმცხადებლის  სახით. ამ დონორებმა მთლიანობაში პარტიებს 5,119,662 ლარი შესწირეს. ამ 875 კომპანიიდან 2013-2014 წლის განმავლობაში 102-მა მათგანმა წარმატებით მიიღო 27,140,114 ლარის სახელმწიფო კონტრაქტები, მათ შორის, კონკურენტული ტენდერის სახით 11,654,908 ლარი, ხოლო გამარტივებული პირდაპირი შესყიდვით - 15,445,206.

2. ხარჯები

2012 წლისგან განსხვავებით, 2013 წელს კვლევაში წარმოდგენილი სამი პოლიტიკური სუბიექტიდან ყველაზე მეტი ხარჯი (დაახლოებით 6.5 მილიონი ლარი) კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაახლოებით 5 მილიონი ლარით, ხოლო მესამეზე კი - „დემოკრატიული მოძრაობა“ დაახლოებით 3 მილიონი ლარით. 2013 წელი ასევე იმით იყო გამორჩეული, რომ წამყვან საარჩევნო სუბიექტების ხარჯებს შორის ისეთი დიდი სხვაობა არ იყო, როგორც წინა წლებში, როდესაც სახელისუფლებო პარტიის ხარჯები ზოგჯერ საგრძნობლად აღემატებოდა სხვა დანარჩენი პარტიების ხარჯებს.

ასევე, საინტერესოა, რომ 2013 წელს პარტიების ხარჯები გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე 2012-ში. ეს კი საპრეზიდენტო არჩევნებისას უფრო ნაკლები კონკურენციითა და დაძაბულობით შეიძლება აიხსნას.

„დემოკრატიულ მოძრაობას“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 2013 წელს პრემიები საერთოდ არ გაუცია, შრომის ანაზღაურებაზე ხელფასების სახით კი მხოლოდ 15,500 ლარი დახარჯა, რაც მისი დანახარჯების მხოლოდ 0.5% წარმოადგენდა. ეს მონაცემი საეჭვოდ მოჩანს, იმ აქტიური საარჩევნო კამპანიის ფონზე, რაც ნინო ბურჯანაძეს საპრეზიდენტო არჩევნებისას ჰქონდა.

2013 წელს საინტერესო იყო რეკლამაზე დახარჯული თანხები იმის გამო, რომ ეს ხარჯები სხვა კატეგორიებში დაფიქსირებული ტენდენციების საპირისპირო იყო. კერძოდ, რეკლამაზე ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი (დაახლოებით 2 მილიონი ლარი) „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ გაიღო, საიდანაც ყველაზე დიდი წილი სატელვიზიო რელამაზე მოდიოდა. მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაახლოებით 1.3 მილიონი ლარით. ხოლო მესამეზე - კოალიცია „ქართული ოცნება“ დაახლოებით 715 ათასი ლარით. სარეკლამო ხარჯებში ყველაზე დიდი ხარჯი 2013 წელს მაინც სატელევიზიო რეკლამა იყო, ხოლო ყველაზე მცირე - რეკლამა ბრენდირებული აქსესუარებით და ინტერნეტრეკლამა.

2011 წლიდან პარტიების დეკლარაციებში „სხვა ხარჯების“ წილი საგრძნობლად შემცირდა. ეს გამოწვეული იყო დეკლარაციის სავალდებულო ფორმის შექმნით, რომელიც საკმაოდ დეტალურია და მოცემული თანხების გაშიფვრა შესაძლებელია.

2012 წელს ზოგიერთ პოლიტიკურ გაერთიანებას ან საერთოდ არ გაუწევია ასეთი ხარჯი, ან იგი 1–5%-ს არ აღემატებოდა. რაც შეეხება 2013 წელს, აქაც ამ ტიპის ხარჯი საკმაოდ მცირე იყო, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.

რეკომენდაციები

კვლევისას გამოვლინდა რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომელთა გადაწყვეტაც სასურველია, რათა პოლიტიკური პარტიების ფინანსები უფრო მეტად გამჭვირვალე და ღია იყოს საზოგადოებისთვის. კერძოდ, ჩვენი აზრით, საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორცილებული შემოწირულებების საკითხს. მნიშვნელოვანია, გადამოწმდეს შემომწირველთა სავარაუდო კავშირები ბიზნესებთან. ასეთი კავშირის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა ამ კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის საკითხის შესწავლა, რათა შემცირდეს პოლიტიკური კორუფციის რისკები;
  • ფინანსური დეკლარირების ელექტრონული ფორმის შემუშავებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა გამოიყენოს ინფორმაციის გადამუშავების გასაიოლებელი მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ინფორმაცია ადვილად აღსაქმელი და გასარჩევი იქნება, რაც მის მარტივად დამუშავებას უზრუნველყოფს (ე. წ. მანქანაკითხავდი ფორმატი). ვებგვერდზე ატვირთული დასკანირებული დეკლარაციების წაკითვა ხშირად შეუძლებელია.
  • აუცილებელია ფინანსური დეკლარაციის ფორმაში მოცემული რეკლამის ხარჯის დეტალიზება, განსაკუთრებით წლიური ანგარიშგების ფორმისა და საარჩევნო კამპანიის საბოლოო ანგარიშგებისათვის. კერძოდ, დეკლარაცია უნდა შეიცავდეს თითოეული შესრულებული გადახდის აღწერილობას: ვის გადაუხადა პარტიამ თანხა, რა მომსახურებისათვის, რა ტერიტორიაზე და რა პერიოდში იქნა გაწეული  მომსახურება, საქონლის/მომსახურების ერთეული (მაგალითად, კვ. მ, ცალი, წუთი და სხვა) და მიღებული საქონლის/მომსახურების საერთო ოდენობა. ამ მონაცემების მეშვეობით შესაძლებელი იქნება რეკლამის ხარჯის ტერიტორიულად და ხარისხობრივად შემოწმება.

ამ ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარებისსააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და შესაძლოა,არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის  შეხედულებებს.