„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ახალ კვლევას „ღია მმართველობა საქართველოში – მიღწევები და გამოწვევები“ აქვეყნებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ახალ კვლევას „ღია მმართველობა საქართველოში – მიღწევები და გამოწვევები“ აქვეყნებს

12 დეკემბერი, 2012

დაუყოვნებლივ გასავრცელებლად

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ მოსახლეობას მისი საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს? რომელი მონაცემების მოპოვება შეიძლება მთავრობის ვებ გვერდებზე? სად გავიგოთ ინფორმაცია მინისტრების და სხვა მოხელეების ქონების შესახებ? სად მოვიპოვოთ ინფორმაცია კომპანიების მფლობელთა შესახებ?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ მოსახლეობას არა თუ ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ მოეპოვება ინფორმაცია, არამედ ზემოთ დასმულ კითხვებზეც არა აქვს პასუხი.  

საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობას შეუერთდა და 2012 წლის აპრილში ქვეყნის მთავრობამ შესაბამისი სამოქმედო გეგმაც წარმოადგინა. ამ სამოქმედო გეგმის მთავარი მიზანია სახელმწიფო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო მოხელეების კეთილსინდისიერების ამაღლება, სახელმწიფო რესურსების ეფექტური მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა. გეგმის განხორციელება ამჟამად იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმთან კოორდინაცით ხორციელდება.

ღია მმართველობის პარტნიორობა 2011 წლის სექტემბერში დაფუძნებული გლობალური ინიციატივაა, რომლითაც მთავრობები ვალდებულებას იღებენ მოქალაქეებს მეტი ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთი საქმიანობის შესახებ, გაზარდონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა, სახელმწიფო სამსახურში დანერგონ მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტები და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ხელი შეუწყონ ინოვაციას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ქვეყანაში ღია მმართველობის სტანდარტების  უკეთ დანერგვის მიზნით მთავრობას შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს:

 

  • საჭიროა მეტი პოპულარიზაცია გაეწიოს საქართველოს მონაწილეობას ღია მმართველობის პარტნიორობაში და მის მიერ შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას. ამ მიზნით მთავრობამ ფართოდ უნდა გამოიყენოს მედია, როგორც კომუნიკაციის ეფექტური საშუალება.
  • მთავრობამ პროაქტიულად უნდა გამოაქვეყნოს საჯარო მონაცემთა ბაზები სექტორების მიხედვით ისე რომ ადვილად იყოს მათი გამოყენება შესაძლებელი. ამ მონაცემებს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია, სადაც ახსნილი იქნება, თუ რისთვის ქვეყნდება ისინი და როგორ ისარგებლებენ მოქალაქეები მათი გამოყენებით.
  • მთავრობისა და ბიზნესის ურთიერთობა უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს. იმ კერძო კომპანიებმა, რომლებიც ქვეყნის ძირითად სექტორებში დიდ საბაზრო წილს ფლობენ და მნიშვნელოვან საჯარო ფუნქციებს ახორციელებენ მოქალაქეებს მეტი არჩევანი და ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მათი საქმიანობისა და მომსახურების შესახებ.
  • იუსტიციის სამინისტრომ სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად უნდა ჩააბას არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმის მუშაობაში. ისინი გაამდიდრებენ ფორუმის დღის წესრიგს თავიანთი გამოცდილებით და საჯარო მონაცემებსა და მომსახურებაზე იოლი წვდომით ხელს შეუწყობენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
  • მთავრობამ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, უნდა დააწესოს ნათლად განსაზღვრული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების შესრულებაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი გაიზომება.

 

პროექტი „ღია მმართველობის პარტნიორობისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში“ ხორციელდება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - უკრაინასთან“ თანამშრომლობით და ბრიტანეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების ფინანსური მხარდაჭერით.