ახალი ანგარიში: „წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგები“ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ახალი ანგარიში: „წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგები“

28 სექტემბერი, 2012

 

  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ახალ ანგარიშს აქვეყნებს

 

დაუყოვნებლივ გასავრცელებლად

2012 წლის 28 სექტემბერი, თბილისი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში აქვეყნებს ახალ ანგარიშს  „წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგები“. ანგარიში აფასებს 2012 წლის 1 აგვისტოდან 27 სექტემბრამდე საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს. ამ პერიოდის განმავლობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ რამდენიმე ტენდენცია გამოავლინა, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში აღინიშნა:

  • სამართლებრივი რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით გამოყენება - წინასაარჩევნო პერიოდში მიზანშეუწონელია ახალი განსხვავებული რეგულაციების მიღება, მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მაინც მოხდა რამდენიმე საკითხის ახლებურად დარეგულირება. მაგალითად ცესკოს ბოლო დადგენილება ფოტო/ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ასევე წინასაარჩევნოდ კანონმდებლობის შეცვლა ეწინააღმდება საერთაშორისო სტანდარტებს და დაუშვებელია.   

  • კანონის აღსრულების პრობლემა  და  შერჩევითი სამართალწარმოება -  წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ დაფიქსირდა კანონმდებლობის არაერთგვაროვანი და, ხშირ შემთხვევაში, მიუღებელი ინტერპრეტაცია. ეს ძირითადად გამოიხატებოდა იმაში, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან შერჩევითად ხდებოდა რეაგირება მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ ჩადენილ გარკვეულ ქმედებებზე, ხოლო კანონის შესაბამისი ნორმების განმარტება ხდებოდა პოლიტიკური ოპონენტების საწინააღმდეგოდ და მმართველი გუნდის სასარგებლოდ. მაგალითად: საგამოძიებო ორგანოები დაუსაბუთებლად აფართოებენ სისხლის სამართლის კოდექსის ნორმებს, რათა მოეხდინათ მმართველი გუნდის პოლიტიკური ოპონენტების პასუხისგებაში მიცემა, მეორეს მხრივ, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის დაწყების ნაცვლად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგებოდა.  

  • პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა - წინასაარჩევნო პერიოდში და გასნსაკუთრებით კი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთი ზეწოლის ფაქტი გამოვლინდა. მართალია, საგრძნობლად იკლო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებმა, იმატა პოლიტიკური ოპონენტების და მათი წარმომადგენლების დაკავება/დაპატიმრების შემთხვევებმა. მათგან თითქმის ყველა ვითარებაში დაკავებულ პირებს ბრალი წაეყენათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ გადაცდომებზე, რომლებიც ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ასევე თავისუფლების აღკვეთას. თუმცა, თითქმის ყველა შემთხვევაში ხდებოდა თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ დაკავებულ/დაპატიმრებულ პირებში არიან არა მხოლოდ ოპონენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არამედ სამოქალაქო აქტივისტებიც.  ასეთები არიან დაჩი ცაგურია და ალექსანდრე ცარაგელი.

  • სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით გამოყენება -  საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსები (საჯარო მოხელეები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა) მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხშირად გამოიყენებოდა. კერძოდ, ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების მხრიდან აგიტაციას სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების დროს, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე აგიტაცია და ა.შ. მისასალმებელია, რომ ხშირ შემთხვევაში, ასეთ ფაქტებზე მოხდა რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციისა და უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან, თუმცა ტენდენცია მაინც შენარჩუნებულია.

  • ამომრჩევლის მოსყიდვა - საანგარიშო პერიოდში ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნების შემცველი ქმედებებიც დაფიქსირდა, როგორც ოპოზიციური ასევე მმართველი პარტიის მხრიდან.

     

პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” წინასაარჩევნოდ უკვე გამოაქვეყნა ოთხი კვლევა.

 


ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ­ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და ის შესაძლოა არ ასახავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID­ის და აშშ­ის მთავრობის შეხედულებებს.

                                                                                                                     

ანგარიშ მომზადდა ფონდიღია საზოგადოება - საქართველოსფინანსური მხარდაჭერით. ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

elections