ახალი ანგარიში: „სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვა“ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ახალი ანგარიში: „სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვა“

27 სექტემბერი, 2012

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ახალ ანგარიშს აქვეყნებს

დაუყოვნებლივ გასავრცელებლად
 

2012 წლის 27 სექტემბერი, თბილისი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში აქვეყნებს ახალ ანგარიშს  „სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვა (ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების ანალიზი)“. ანგარიშში გაანალიზებულ იქნა 2009-2012 წლების ადგილობრივი ბიუჯეტების საარჩევნო მიზნით ხარჯვის ტენდენციები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ხუთ ერთეულზე (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი და გორი). ამ პერიოდის განმავლობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” რამდენიმე ტენდენცია გამოავლინა,კერძოდ:

  • საარჩევნო კოდექსის დარღვევა - გორის მუნიციპალიტეტმა 2012 წლის 10 აგვისტოს ბიუჯეტში შეიტანა ცვლილებები, რითაც ზოგიერთი ხარჯი გაზარდა. ამ ქმედებით დაირღვა საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომელიც არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე საბიუჯეტო პროგრამების ზრდას კრძალავს;

  • 1 აგვისტოს ცვლილებები 14 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებში - თოთხმეტმა მუნიციპალიტეტმა ზუსტად არჩევნების თარიღის გამოცხადების დღეს, 1 აგვისტოს შეიტანა ბიუჯეტში ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ დაირღვა, თავისთავად საინტერესო დამთხვევასთან გვაქვს საქმე;

  • ზოგიერთი პროგრამის დაფინანსების საარჩევნო წლებში ზრდა და არასაარჩევნოში - კლება - ბევრი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ანალიზმა აჩვენა, რომ მოსახლეობის ფართო მასებზე გათვლილი ბევრი საბიუჯეტო პროგრამის მასშტაბები იცვლება საარჩევნო და არასაარჩევნო წლების მიხედვით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ინფრასტურქტურული და კეთილმოწყობის პროგრამების დაფინანსების ზრდა საარჩევნო წლებში;

  • ბიუჯეტის დაუხარჯავი თანხის არასათანადო განკარგვის შესაძლებლობა - ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ ბიუჯეტის დაუხარჯავი რესურსების ნაწილი მომდევნო წელს გადაიტანონ და იმისთვის დახარჯონ, რისთვისაც სურთ, ან რასაც ცენტრალური მთავრობა მოისურვებს. ამგვარი თავისუფლება ადგილობრივი სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნებისთვის ხარჯვის არსებით რისკს შეიცავს;

  • ნაკლებად დეტალიზებული ხარჯები - ადგილობრივ ბიუჯეტებში არსებობს ხარჯები, რომლებიც საარჩევნოდ მოტივირებული შეიძლება იყოს, თუმცა, რადგან ეს ხარჯები არ არის ჩაშლილი, ანალიზის გაკეთება რთულდება. ხარჯების ნაკლები დეტალიზება ადგილობრივი ხარჯვის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს;

  • პრობლემური „სხვა ხარჯები“ - შესწავლილი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების უმრავლესობაში 2010 და 2012 საარჩევნო წლებში კატეგორიის „სხვა ხარჯები“ წილი იზრდება. სხვა ხარჯებიდან თანხის გამოყოფა შესაძლებელია ისეთი პროგრამებისა თუ ერთჯერადი პროექტების დასაფინანსებლად, რომელთა ამომრჩევლის გულის მოსაგებად გამოყენება საკმაოდ ადვილად შეიძლება.

პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წინასაარჩევნოდ კიდევ ერთ კვლევას გამოაქვეყნებს. 


ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ­ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და ის შესაძლოა არ ასახავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID­ის და აშშ­ის მთავრობის შეხედულებებს. 

                                                                                                                     

ანგარიში მომზადდა ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

elections