ENG

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის ანგარიში

13 ივნისი, 2014

2014 წლის 13 ივნისი თბილისი – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. საანგარიშო პერიოდი 2014 წლის 1 იანვრიდან 12 ივნისამდე დროის შუალედს მოიცავს.

2014 წლის 1 იანვრიდან 12 ივნისამდე ჩვენ მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ამ პერიოდში ნაკლები იყო ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნებით გამოყენების შემთხვევები, თუმცა 2013 წელთან შედარებით, პრობლემები გაცილებით უფრო მეტი იყო.

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

ამ კატეგორიაში შემდეგი შემთხვევები არის აღსანიშნავი:

  • კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლა მათი რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით მაისის ბოლოს დაფიქსირდა. მთელი წინასარჩევნო პროცესის განმავლობაში ეს იყო ყველაზე პრობლემური საკითხი, რომელსაც უარყოფითი გავლენა ჰქონდა კონკურენტულ საარჩევნო გარემოზე. საბოლოო ჯამში ჩვენ მიერ მოგროვებული ინფორმაციით, 8 რეგიონის 15 ოლქში, 6 ოპოზიციური პარტიის 50-მდე კანდიდატმა, სავარაუდოდ ზეწოლის ფონზე, მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.
  • დაფიქსირდა, ასევე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კანდიდატების საგამოძიებო სტრუქტურებში დაბარებების და მათ წინააღმდეგ საქმეების აღძვრის ფაქტები. ამ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა ხონში, დუშეთში, ქობულეთსა და ყვარელში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატების მიმართ სამართლებრივი დევნა ტენდენციად არ ქცეულა, რაშიც დადებითი როლი, სავარაუდოდ, ითამაშა პრემიერმინისტრის 14 აპრილის მიმართვამ სამართალდამცავი ორგანოებისადმი პოლიტიკური პარტიების აქტივისტების საგამოძიებო სტრუქტურებში დაბარებაზე წინასაარჩევნო პერიოდში თავის შეკავებაზე.

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

ამ კატეგორიაში შემდეგი შემთხვევები მოხდა:

  • საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დამოუკიდებელ არაპარტიულ კანდიდატებს არ აძლევს საშუალებას, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენონ მერებისა და გამგებლების არჩევნებისთვის. 
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ დამატებაზე, რომლის ძალითაც 15 ივნისის არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ცხადდებოდა.
  • ცესკოს არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები რამდენიმე საარჩევნო კანდიდატის რეგისტრაციის მოხსნა/არმოხსნის საკითხზე.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

ამ კატეგორიაში კი შემდეგი ფაქტებია აღსანიშნავი:

  • მოქმედი სახელმწიფო თანამდებობის პირების არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე საარჩევნო კანდიდატებად წარდგენა (არაფორმალურად). კერძოდ, თბილისი მერობის კანდიდატები დავით ნარმანია და ნიკა მელია, ბათუმის მერობის კანდიდატი დავით ერმაკოვი, ქუთაისის მერობის კანდიდატი შოთა მურღულია, ფოთის მერობის კანდიდატი ირაკლი კაკულია და რუსთავის მერობის კანდიდატი დავით ჯიქია.
  • კონკრეტული პირების მიერ სახელმწიფოს სახსრებით შეძენილი საჩუქრების მოსახლეობისთვის დარიგება.,კერძოდ,  ხობში, რუსთავში, გარდაბანში, ახმეტაში, ქარელსა და ადიგენში.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

ამ კუთხით აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

  • დუშეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროგრამა წინასაარჩევნო პერიოდში გაიზარდა, რითაც კანონის მოთხოვნები დაირღვა;
  • 13 მუნიციპალიტეტში (ვანი, ხარაგაული, ბოლნისი, ჭიათურა, ოზურგეთი, კასპი, ხაშური, ზესტაფონი, თელავი, ამბროლაური, ონი, ხობი და მცხეთა) წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე ერთი და ორი დღით ადრე გაიზარდა ზოგიერთი საბიუჯეტო პროექტის დაფინანსება,
  • ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ზრდის გარდა, წინასაარჩევნოდ ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარებების მიმღებების წრეთა გაფართოებასაც ჰქონდა ადგილი, რაც ბიუჯეტის დამატებითი ცვლილების საკითხს არჩევნების შემდეგ აუცილებლად დააყენებს. ასეთი ფაქტები დაფიქსირდა საჩხერეში, ბოლნისში, ხონსა და ლანჩხუთში.
  • ზოგიერთ შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლებაც გამოირჩეოდა საარჩევნოდ მოტივირებული ინიციატივებით. წინასაარჩევნო პერიოდში წარმოდგენილ იქნა რამდენიმე ისეთი პროგრამა, რომელშიც ნაწილობრივ მაინც ჩანდა, რომ საარჩევნოდ იყო გამიზნული. კერძოდ, აქ იგულისხმება 1 ივნისს დაწყებული ისეთი პროგრამები, როგორიცაა მრავალშვილიან ოჯახებზე ფულადი დახმარების გაცემა, და პროგრამა „აწარმოე საქართველოში”.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა 

2014 წელს საარჩევნო გარემოს ფორმირებაში ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მნიშვნელოვან როლს თამაშობდა:

  • დადებითად უნდა შეფასდეს 3 ივნისის განკარგულება, რომლითაც დაზუსტდა საკრებულოს პარტიული სიების გაუქმების საკითხი, რითაც თავიდან აცილებულ იქნა ოპოზიცური პარტიების ზოგიერთ მუნიციპალიტეტში პროპორციული სიების გაუქმების საფრთხე;
  • თუმცა, ცესკო არათანმიმდევრულადაც მოიქცა, კერძოდ, აქ საუბარი მარნეულის გამგებლობის კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის რეგისტრაციიდან მოხსნის გადაწყვეტილების მხარდაჭერაზე. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობა

  • სახელმწიფო აუდიტის უწყებაში არსებული პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის საქმიანობა 2014 წელს დადებითად შეიძლება შეფასებას. 2012 წლისგან განსხვავებით, სამსახურის საქმიანობაში არ შეიმჩნეოდა განსხვავებული მიდგომა სხვადასხვა პარტიების მიმართ.

საპარლამენტო ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა

  • ჯგუფმა საბოლოო ჯამში საკმაოდ ბევრი საკანონმდებლო ცვლილება წარადგინა, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტექნიკური ხასიათის იყო. ამ პროცესში ჩართული პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობის მიუხედავად არ მომხდარა საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება. მთლიანობაში, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ინტერფრაქციული ჯგუფი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებდა.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა

  • იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კომისიის შემადგენლობა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით 3 აპრილს დამტკიცდა, ხოლო პირველი სხდომა 11 აპრილს ჩატარდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომისიამ მუშაობა კანონის დარღვევით, დაგვიანებით დაიწყო.
  • მუშაობის დაწყების შემდეგ კომისიამ 18 რეკომენდაცია შეიმუშავა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციებისა და განცხადებების აღსრულება სათანადოდ არ მოხდა.
  • ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კანდიდატებზე მათი რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით სავარაუდო ზეწოლის ფაქტების არაჯეროვანი გამოძიება საგამოძიებო სტრუქტურების მიერ ასევე სერიოზული ხარვეზი იყო.

რეკომენდაციები 

  • საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს საშუალება უნდა მიეცეთ, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა დონის არჩევნებში;
  • წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი პოლიტიკის განხორციელებისგან, რაც შეიძლება აღქმულ იქნეს საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოხელეებზე ზეწოლად და მათ საარჩევნო პროცესებში ჩართვის მცდელობად;
  • მერობისა და გამგებლობის კანდიდატისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების მოთხოვნა საარჩევნო პროცესებს დადებითს ვერაფერს მატებს, პირიქით, ბევრი ძლიერი კანდიდატის არჩევნებიდან გამოთიშვა შეუძლია, რაც თავის მხრივ კონკურენციას ასუსტებს. მიგვაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ეს ჩანაწერი;
  • საარჩევნო პერიოდში სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტებზე სამართალდამცავმა ორგანოებმა მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინონ და საქმეების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია დროულად უნდა მიაწოდონ. მხოლოდ უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები საკმარისი არ არის საარჩევნო პროცესებში არსებული დაძაბულობის განსამუხტად;
  • წინასაარჩევნო პერიოდი უნდა გაიზარდოს 2-დან 4 თვემდე, ასევე, უნდა გაიზარდოს კანდიდატად რეგისტრაციის ბოლო ვადა, რის შემდეგაც შედარებით უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ მოქმედ საჯარო  პირებს იმისა, რომ საკუთარი თანამდებობა საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენონ;
  • არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე თვის განმავლობაში იმ საჯარო მოხელეებმა, რომლებიც საარჩევნო კანდიდატებად მოიზრებიან თავი უნდა შეიკავონ მოსახლეობისთვის საჩუქრების დარიგებისგან;
  • სახელმწიფო ინსტიტუტებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან სოციალური რეკლამის შესახებ არსებული რეგულაციები და არ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა პოლიტიკური რეკლამის შინაარსის მქონე ვიდეორგოლების გასავრცელებლად;
  • კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს სოციალური რეკლამების საკითხს და მკაცრად უნდა გააკონტროლოს მათი შინაარსის კანონთან შესაბამისობა;
  • როგორც ადგილობრივმა, ისე ცენტრალურმა ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური დახმარებების ან მსგავსი ეფექტის მქონე პროგრამების დაფინანსების გაზრდისგან. ასევე, სასურველია ახალი მასშტაბური ინიციატივების წარდგენა არ მოხდეს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე.

 

ამ ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდსაერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოსდა შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის  შეხედულებებს.