რამდენიმე ფაქტი დევნილების განსახლებასთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რამდენიმე ფაქტი დევნილების განსახლებასთან დაკავშირებით

22 იანვარი, 2022

მძიმე პირობებში მცხოვრებ დევნილთა განსახლება დღემდე პრობლემად რჩება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 92,079 ოჯახი, ჯამში კი 286,442 იძულებით გადაადგილებული პირი. აქედან სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით 50,000-მდე დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი ფართი 23,000-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღო. 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საცხოვრებელი ფართი 2,900 ოჯახს გადაეცა. 2020-2021 წლების ანგარიშის მიხედვით კი, საცხოვრებელი ფართით 7,000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მაჩვენებელმა იმატა, ათიათასობით ოჯახი საცხოვრებელ ფართს დღემდე ელოდება და მათი ნაწილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში ცხოვრობს. მთავრობისთვის მათი განსახლება და ამ მიმართულებაზე ბიუჯეტიდან მეტი თანხის გამოყოფა პრიორიტეტი უნდა იყოს.

საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესში პრიორიტეტი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებია, მაგრამ არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ოჯახი ცხოვრობს ასეთ ობიექტებში, რადგან ყველა დევნილთა საცხოვრებელი არ არის შესწავლილი. ამასთან, აშკარაა, რომ სიცოცხლისთვის საშიში ზოგიერთი ობიექტისთვის წლებია რეალურად არაფერი იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ობიექტებში მცხოვრები დევნილების პრობლემები მედიაში აქტიურად შუქდება. ამის ბოლო მაგალითია თბილისში ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახები, რომელთა გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრება ექსპერტიზის დასკვნის გარეშეც აშკარაა. 17 იანვარს „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა მთავრობისგან საცხოვრებელი ფართების მიღების მიზნით შიმშილობის აქცია დააანონსეს, რომელსაც წინა დღით ტრაგიკული შემთხვევა, თვითმკვლელობა უძღოდა წინ.

დევნილთა ნაწილის დღემდე სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ შენობებში დარჩენა, წლების განმავლობაში განსახლების პროცესის არასათანადოდ მართვაზე მიანიშნებს.

საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ე. წ. ნგრევადი ობიექტებიდან დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებული არათანმიმდევრული მიდგომა. ამავე ანგარიშში საუბარია, რომ დევნილთა საერთო საცხოვრებლების ზოგიერთი დახურული ობიექტი უფრო უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე ის ობიექტები, რომლებიც არ დახურულა და დევნილები ცხოვრობენ. სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში საუბარია, რომ 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან განსახლებული ოჯახების რაოდენობა 92 ოჯახით შემცირდა. 2019 წელს სულ 245 ოჯახი განსახლდა. დარჩენილი კომპაქტურად განსახლების ობიექტების მდგომარეობა კი დროდადრო კიდევ უფრო მძიმდება. სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს, გასული წლებისაგან განსხვავებით, ყველაზე მეტი  - 711 ოჯახი განსახლდა. თუმცა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების რიცხვი კვლავ მაღალია. ექსპერტიზის საფუძველზე 71 ობიექტია შეფასებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველად. თუმცა, შესაძლოა მათი რაოდენობა მეტი იყოს, რადგან ყველა ობიექტი არ არის შემოწმებული ექსპერტიზის მიერ.

დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროც. გასული წლის ბოლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღნიშნული სამინისტროს „დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის პროგრამის“ აუდიტი ჩაატარა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული პროგრამა დაგეგმვის ეტაპიდან, განხორციელების ეტაპამდე, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების ჩათვლით, დარღვევებით და ნაკლოვანებებით ხორციელდება. დასკვნაში საუბარია ისეთ მძიმე დარღვევებზე, როგორებიცაა: დარღვევები ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტის შერჩევისას, დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებზე არასათანადოდ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები და საბიუჯეტო ხარჯების არაჯეროვნად ხარჯვა.

2018 წლამდე დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო მუშაობდა. „ფაქტმეტრის” სტატიის მიხედვით, 2013-2018 წლებში დევნილთა საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან 353 მლნ ლარი დაიხარჯა, შესაბამისად, წლიურად საშუალოდ 59 მლნ ლარი იხარჯებოდა. 2019 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო გაუქმდა. განსახლების ადგილებში მცხოვრებ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობა, რომელიც მათთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას და დაკანონებასაც მოიცავს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა, ხოლო დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენების ფუნქცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა. 2019-2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტების მიხედვით, დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე 218 მლნ ლარი დაიხარჯა, თუმცა ცალკე არ არის გამოყოფილი აქედან რა თანხა დაიხარჯა კონკრეტულად საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საცხოვრებელი კორპუსების აშენებაზე 2019 წელს 70 მლნ ლარი დახარჯა. 2020-2022 წლებში კორპუსების აშენებაზე გამოყოფილი თანხები მნიშვნელოვნად შემცირდა.

2013-2021 წლებში დევნილების განსახლებაზე და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე სულ 693 მლნ ლარი დაიხარჯა, თუმცა ასობით ოჯახი ისევ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში ცხოვრობს.

მონაცემთა წყარო: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

 

გამომდინარე იქედან, რომ დევნილების ნაწილი დღემდე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში ცხოვრობენ:

  • მთავრობისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ასეთი ობიექტის მოკლე პერიოდში დახურვა და დევნილების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა;
  • მნიშვნელოვანია ამ პროცესში კორუფციული რისკები მაქსიმალურად იყოს დაზღვეული და გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარიმართოს.

 

 

print