რა შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რა შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობაში

06 ივლისი, 2020

 

2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. მივესალმებით ამ ფაქტს, ვინაიდან ბევრი საარჩევნო საკითხი უკეთესად იქნება მოწესრიგებული. გთავაზობთ ძირითადი ცვლილებების და დარჩენილი პრობლემების მოკლე მიმოხილვას.

ძირითადი ცვლილებები

საარჩევნო გარემო და ადმინისტრაციული რესურსები

  • საჯარო მოხელეების მსგავსად, სამუშაო საათებში წინასაარჩევნო აგიტაცია აეკრძალათ სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს, მათ შორის საჯარო სკოლების პედაგოგებს;
  • არჩევნებამდე ორი თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს პირდაპირ აეკრძალათ განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლების განთავსება;
  • არჩევნების დღემდე 8 საათის განმავლობაში და არჩევნების დღის 20 საათამდე აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერებში. აგრეთვე იკრძალება საარჩევნო მიზნებით ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა;
  • კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელი იქნება სააგიტაციო მასალის განთავსება, აგრეთვე უბნიდან 25 მეტრის რადიუსში, პირთა მიერ ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

პარტიების დაფინანსება

  • მცირდება სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად დაწესებული ბარიერი, ხოლო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის ფორმულა მარტივდება:
    • დაფინანსებას მიიღებს პარტია, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 1%-ს
      (ნაცვლად 3%-სა) ან მეტი მიიღო;
    • პირველ 50 000 მიღებული ხმისთვის თითოეულზე – 15 ლარი;
    • 50 000-ის შემდეგ მიღებულ თითოეულ ხმაზე კი, 5 ლარი.
  • პოლიტიკური პარტიის კონტრაგიტაციის მიზნით უკანონო ხარჯების გაწევისთვის სანქცია წესდება.

გენდერული კვოტები

  • 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მიერ წარდგენილ საარჩევნო სიაში ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს. თუ პარტია სიაში ყოველ სამეულში განსხვავებული სქესის ერთ წარმომადგენელს მაინც წარადგენს, სახელმწიფო დაფინანსება 30%-ით გაეზრდება;
  • 2028 წლიდან 2032 წლამდე ჩასატარებელ არჩევნებში პარტიის მიერ წარდგენილ საარჩევნო სიაში ყოველ სამეულში ერთ კანდიდატი მაინც განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს;
  • 2028 წლამდე ჩასატარებელ მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში პარტიის მიერ წარდგენილ სიაში ყოველი ორი კანდიდატიდან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

სარჩევნო კომისიების დაკომპლექტება

  • საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებისას ინერგება ინტერესთა კონფლიქტის გამომრიცხავი რეგულაციები, კერძოდ არჩევის პროცედურაში არ მონაწილეობს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი;
  • აიკრძალა საუბნო საარჩევნო კომისიის არაპარტიულ წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული იყო პოლიტიკური პარტიის მიერ.

მედია რეგულაციები

  • წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლებს ფასიანი რეკლამის ტარიფების შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ. სატარიფო პოლიტიკის ასეთმა შეზღუდვამ მაუწყებლებს მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება შეუქმნას;
  • იკრძალება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ საკუთარი სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება;
  • იკრძალება მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი დროის დათმობა დამკვეთისთვის, აგრეთვე, უფასო რეკლამის განთავსებისას საარჩევნო სუბიექტისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად;
  • უფასო სარეკლამო დროით ის პარტიები ისარგებლებენ, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იან ბარიერს გადალახავენ, ხოლო 2024 წლიდან ამისთვის 3%-იანი ბარიერის გადალახვა იქნება საჭირო;
  • მაუწყებლის მიერ დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევა მკაცრ კრიტერიუმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აკმაყოფილებდეს, თუ მაუწყებელი ამ გამოკითხვის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტისთვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფას აპირებს.

საარჩევნო დავები

  • საარჩევნო კომისიებში და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მცირდება სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის ვადები;
  • 30 დღიდან 10 დღემდე მცირდება საარჩევნო კომისიებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული დავების განხილვის ვადები.

დარჩენილი პრობლემები

ბევრი დადებითი ცვლილების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში კვლავ რჩება რამდენიმე ძირითადი პრობლემა, რომელთა შორის აღსანიშნავია:

  • საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მანკიერი წესი, რომელიც კომისიების საქმიანობაზე პოლიტიკური პარტიების გავლენის ზრდას იწვევს;
  • საარჩევნო კომისიებში პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შესარჩევი პროცედურების ვადები და მათი ჩატარების მომწესრიგებელი არასაკმარისი რეგულაციები;
  • სოციალური ქსელების მეშვეობით საარჩევნო აგიტაციის საკითხის არასაკმარისი რეგულირება;
  • საარჩევნო დავების და გასაჩივრების პროცედურებში არსებული გარკვეული ხარვეზები.