წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი, პრესრელიზი,11 მაისი
თბილისი, საქართველო – დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ეს ანგარიში 2010 წლის 15 მარტიდან 5 მაისამდე პერიოდს მოიცავს და ყურადღებას ადმინისტრაციული რესურსების ოთხ ძირითად სახეობაზე ამახივლებს. ესენია: ხისტი, ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსები. ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეგიონული კოორდინატორების და სხვა რეგიონული კონტაქტების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, საჯარო მოხელეების და პარტიის აქტივისტების მიერ არის მოწოდებული. თითოეული ფაქტი რამდენიმე წყაროსთანაა გადამოწმებული. როგორც ანალიზიდან ჩანს, წინა – 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო – არჩევნებთან შედარებით, 30 მაისის თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში დღევანდელი მდგომარეობით ნაკლები დარღვევაა, თუმცა საერთო სურათი დადებითი შეფასების შესაძლებლობას მაინც არ იძლევა. ხისტი რესურსები ყველაზე შემაშფოთებელი ამომრჩევლებსა და ოპოზიციის აქტივისტებზე ზეწოლის ფაქტებია. ასეთი შემთხვევები, კერძოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების იძულება არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვან, საჯარო მოხელეების დავალდებულება მმართველი პარტიის საარჩევნო ღონისძიებებს დაესწრონ, ოპოზიციური პარტიებისთვის საარჩევნო ღონისძიებების ორგანიზებაში ხელის შეშლა და სხვა მსგავსი ფაქტები უფრო ხშირად რეგიონებში ხდება. 3 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, სამხედრო პოლიციის უფროსი, კოდორის პოლიციის მაღალჩინოსანი, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, მესტიის გამგებელი, სამხარეო საფინანსო პოლიციის უფროსი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რომელთაც თან შეიარაღებულ ადამიანთა დაახლოებით 50-კაციანი ჯგუფი ახლდათ, 22:00 სთ-დან ღამის 3:00 საათამდე გამგეობაში იბარებდნენ პარტია „თავისუფლების” მაჟორიტარობისა და პარტიული სიის კანდიდატებს და არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას აიძულებდნენ. ოთხმა პირმა იმავე ღამეს დაწერა განცხადება კანდიდატურის მოხსნის შესახებ. ყვარლის რაიონის გამგებლისა და პოლიციის უფროსის მხრიდან ზეწოლის შედეგად კანდიდატურები მოხსნეს ახალსოფლისა და მთისძირის საკრებულოს წევრობის „ეროვნული საბჭოს” კანდიდატებმაც. პარტიის „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, შოთა ქავთარაშვილს პოლიტიკურ საქმიანობაზე უარის თქმა და „ნოღაიდელის პარტიის” დატოვება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და სოფელ დუისის რწმუნებულმა მოსთხოვეს. ისინი ქავთარაშვილთან სახლში მივიდნენ და 30 წუთის განმავლობაში ემუქრებოდნენ, რის შემდეგაც ქავთარაშვილს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში და ყვარლის რაიონის სოფელ ალვანში საარჩევნო ხმის უფლების მქონე მეთორმეტეკლასელები გააფრთხილეს, რომ თუ მხარს მმართველ პარტიას არ დაუჭერდნენ, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებამდე გაიწვევდნენ ჯარში. ოზურგეთში 24 მარტს, „ეროვნული საბჭოს” ლიდერების ჩასვლის დღეს მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს სოფლებიდან და სოფლების მიმართულებით გადაადგილება აუკრძალეს. ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ამომრჩევლებზე სხვადასხვა ფორმით ზეწოლის, მათ შორის მოსყიდვის ფაქტები ასევე დაფიქსირდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ საბათლოში, ახმეტაში, ყვარელში, ოზურგეთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში, მესტიაში და თბილისში. ფინანსური რესურსები ფინანსურ რესურსებთან მიმართებაში აღსანიშნავია როგორც თბილისში, ისე რაიონულ საკრებულოებსა და გამგეობებში დასაქმებულ პირთა რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ზრდა, გარკვეული (არასეზონური) ღონისძიებების მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში დაფინანსება და ადგილობრივი მედიასაშუალებებისთვის მუნიციპალური ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სუბსიდიების ზრდა. დასაქმებულთა რიცხოვნობა და შრომის ანაზღაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შესწავლილი 43 მუნიციპალიტეტიდან 13-ში გაიზარდა. დამატებით, 9 მუნიციპალიტეტში არ არის გაზრდილი დასაქმებულთა რაოდენობა, მაგრამ გაზრდილია სახელფასო ფონდი. სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო, სოციალური და ა.შ., მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გორში, რუსთავში, ხობში, სიღნაღში, გურჯაანში, თელავში, ლაგოდეხში და ახმეტაში ფინანსდება. მედიასაშუალებების სუბსიდირება კი ონში, აბაშაში, მარტვილში, თელავში, გურჯაანში, სიღნაღში, ყვარელში და ახმეტაში გაიზარდა. მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსები მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების გამოყენების მხრივ დარღვევები თბილისში, თელავში, გურჯაანში, საგარეჯოში, ბათუმში და რამდენიმე სხვა რაიონში გამოვლინდა. თელავში სოფელ ყარაჯალას გამგებელმა დაახლოებით 50-60 ადამიანს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჩამოართვა ჰუმანიტარული დახმარების გაცემის მოტივით. ბათუმში საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებამ სხვადასხვა საჯარო უწყებებისა და კერძო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს დაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა მათი თანამშრომლების პირადი ნომრებისა და სხვა პერსონალური მონაცემების შეგროვების თაობაზე. ოზურგეთის რაიონში გამგეობის წარმომადგენლებმა პატიმრების ოჯახების წევრებს `ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის~ 100-დან 500-მდე მხარდამჭერის ხელმოწერის და პერსონალური მონაცემების შეგროვება სთხოვეს და სანაცვლოდ პატიმრების გათავისუფლებას დაჰპირდნენ. გურჯაანში გამგეობის თანამშრომლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონულ ორგანიზაციაში მოქალაქეებს ერთჯერადი სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო განაცხადების მომზადებაში ეხმარებოდნენ და შემდეგ მათ გამგეობაში აგზავნიდნენ. თბილისში განსაკუთრებით ხშირია თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული, ე.წ. თბილისის რებრენდინგის ფარგლებში შექმნილი ლოგოს – „მე მიყვარს თბილისი” _ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში გამოყენების შემთხვევები. მერიის განმარტებით, ამ ლოგოზე მერიას საავტორო უფლება არა აქვს და მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ „მე მიყვარს თბილისი” მერიის პროექტების პრეზენტაციისას გამოიყენებოდა, ეს ლოგო მერიასთან ასოცირდება, 1990 წლის კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტში კი წერია, რომ სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნათელი განსხვავება უნდა არსებობდეს. უწყებათაშორისი ჯგუფი მიმდინარე წლის 8 მაისს უწყებათაშორისი ჯგუფი ოთხ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, „ახალ თაობა – ახალ ინიციატივას”, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” შეხვდა, რათა მათ მიერ გამოვლენილ დარღვევებს გაცნობოდა. ჯგუფის წევრებმა დარღვევებთან დაკავშირებული დეტალები ჩაინიშნეს და მათზე დაუყოვნებლივ რეაგირების პირობა დადეს. `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო~ უწყებათაშორის ჯგუფთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს და საზოგადოებას გააცნობს, თუ რამდენად ცდილობს ჯგუფი დარღვევების აღმოფხვრას. „მნიშვნელოვანია, რომ კანონდამრღვევთა წინააღმდეგ გატარებული ზომების შესახებ საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული. ეს, ერთი მხრივ, ამომრჩეველთა ნდობის გაზრდისთვის არის აუცილებელი და მეორე მხრივ, მსგავსი დარღვევების პრევენციისთვის. თუ დღეს კანონდამრღვევები სათანადოდ დაისჯებიან და ამის შესახებ ინფორმაცია ფართოდ გავრცელდება, მომავალში სხვები დარღვევების ჩადენას უფრო მოერიდებიან,” _ აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამების ხელმძღვანელმა ნინა ხატისკაცმა. სამომავლო საქმიანობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო” განაგრძობს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს და მის შედეგებს არჩევნებამდე კიდევ ორჯერ გააცნობს საზოგადოებას. არჩევნების შემდეგ ორგანიზაცია გამოაქვეყნებს საბოლოო ანგარიშს, რომელშიც ასახული იქნება მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ყველა დარღვევა და ხარვეზი, და წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები მომავალში მათი პრევენციისათვის.
