საპრეზიდენტო არჩევნები – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საპრეზიდენტო არჩევნები – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

03 თებერვალი, 2010

თბილისი, საქართველო – 2007 წლის 8 ნოემბერს, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ წარმოქმნილი დაძაბულობის განსამუხტავად, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოსტიდან გადადგომისა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოებამ, ქართველმა პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რიგგარეშე არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებაზე მნიშვნელოვნად იქნებოდა დამოკიდებული საქართველოს მომავალი განვითარება. დასკვნები იმის შესახებ, თუ რამდენად ობიექტური და დემოკრატიული იქნება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, გაკეთდება იმის საფუძველზე, თუ რამდენად დემოკრატიულად წარიმართება წინასაარჩევნო პერიოდი, კანონის მოთხოვნების დაცვით ჩატარდება თუ არა კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცედურები, და რამდენად ობიექტურად შეჯამდება არჩევნების საბოლოო შედეგები. წინასაარჩევნო პერიოდში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” საარჩევნო აგიტაციისთვის ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების მონიტორინგს ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება ყოველთვის კანონდარღვევასთან არ არის კავშირში, ამგვარი ქმედება საარჩევნო სუბიექტებს არათანაბარ პირობებში აყენებს და შესაბამისად, საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მონიტორინგს 8 ნოემბრიდან ახორციელებს, რადგან მიხეილ სააკაშვილმა საჯარო განცხადება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების იანვარში დანიშვნის შესახებ ამ დღეს გააკეთა და პოლიტიკოსთა ნაწილმა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება მეორე დღესვე დაიწყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მონიტორინგი ყურადღებას ამახვილებს ხუთი ტიპის ადმინისტრაციულ რესურსზე. ესენია: სამართლებრივი, ინსტიტუციონალური, ფინანსური, მედია და ე.წ. ხისტი რესურსები. იქიდან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციულ რესურსებზე ხელი, როგორც წესი, მმართველ პოლიტიკურ ძალას მიუწვდება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მონიტორინგის დროს აქცენტს მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატზე აკეთებს. ამ ეტაპზე მონიტორინგის შედეგად შემდეგი ძირითადი ტენდენციები და დარღვევები გამოიკვეთა:

  • რიგგარეშე არჩევნების გამოცხადების შემდეგ ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო სხვადასხვა სახის სოციალური პროექტების განხორციელება, რომელთა უმეტესი ნაწილი 2007 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო. პრეზიდენტის ინიციატივით პირველი დეკემბრიდან გაიზარდა პედაგოგების ხელფასები და პენსიები; რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს ურიგდებათ შეშის ვაუჩერები და 50 კგ. ფქვილი; პედაგოგები, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები და პენსიონერები იღებენ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ვაუჩერებს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ შეშის ვაუჩერებს „პრეზიდენტის საჩუქარი”, ხოლო ელექტროენერგიის ვაუჩერებს “პრეზიდენტის სუბსიდია” აწერია და ხშირია შემთხვევები, როდესაც მათი დარიგებისას საჯარო მოხელეები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აგიტაციასაც ეწევიან.
  • მასშტაბური სოციალური პროექტების გარდა, ნოემბერში ხელისუფლებამ განახორციელა ან გაახმოვანა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომლებსაც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე თავადვე ეწინააღმდეგებოდა. ასეთ ცვლილებათა შორისაა ინდივიდუალური მოვაჭრეების სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან გათავისუფლება, სადავო ქონების ლეგალიზაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დროებითი საცხოვრებლების დაკანონება და მსუბუქი დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა ამნისტია. ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ ეტაპზე არ გაუკეთებიათ იმის განმარტება, თუ რამ გამოიწვია აქ მითითებულ საკითხებთან მიმართებაში მათი პოზიციის ცვლილება.
  • ყოფილი პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს საარჩევნო აგიტაციაში ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობას, თუმცა ადგენს, რომ ისინი საარჩევნო გიტაციას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს არ უნდა ეწეოდნენ. მიუხედავად ამისა, ბევრ რაიონში საჯარო მოხელეები წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები არიან როგორც სამსახურისგან თავისუფალ დროს, ისე სამუშაო საათებშიც.
  • განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს რეგიონებიდან მიღებული ინფორმაცია ამომრჩევლებზე და ოპოზიციური პარტიების აქტივისტებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ: ზოგიერთ რაიონში საჯარო მოხელეები ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხმის მისაცემ კაბინებში დამონტაჟებული იქნება ფარული კამერები და ხმის მიცემა იქნება ღია; ხშირია შემთხვევები, როცა მოქალაქეებს გაურკვეველი მიზეზებით ართმევენ თავიანთ და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობებს ან მათ ასლებს; რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას პრობლემები შეექმნა საარჩევნო შტაბების გახსნასთან დაკავშირებით; მათ მხარდამჭერთა ნაწილს კი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.

„ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომლებიც 8 ნოემბიდან 4 დეკემბრამდე გამოიკვეთა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” წინასაარჩევნო მონიტორინგს მომავალშიც განაგრძობს და მონიტორინგის შედეგებს საზოგადოებას პერიოდულად გააცნობს” - აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა თამუნა ქაროსანიძემ. არჩევნების შემდეგ ორგანიზაცია გამოაქვეყნებს საბოლოო ანგარიშს, რომელშიც ასახული იქნება მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ყველა დარღვევა და ხარვეზი და ასევე, წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები მომავალში მათი პრევენციისათვის. პრეს კონტაქტი: ნანა ლობჟანიძე, (995 32) 921403, nana@transparency.ge„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” წინასაარჩევნო მონიტორინგს ახორციელებს ევროპის კავშირისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით

print
elections