ENG

პრესრელიზი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ანტიკორუფცილი ვალდებულებების მონიტორინგის შესახებ

06 მაისი, 2010
ბრიუსელი, 2010 წლის 6 მაისი _ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების გასაუმჯობესებლად სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ანტიკორუფციული კანონმდებლობა უნდა დახვეწონ და ის პრაქტიკაში სრულად განახორციელონ - ასეთია საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანიზაციის, "საერთაშორისო გამჭვირვალობის", სამ ახალ ანგარიშში გაკეთებული დასკვნა. ეს ანგარიშები "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ეროვნულმა ბიუროებმა მოამზადეს. მათში სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის სასამართლო სისტემებში და საჯარო სამსახურებში განხორციელებული რეფორმებია განხილული. ანგარიშებში აგრეთვე შეფასებულია, თუ რამდენად ასრულებენ ეს ქვეყნები საერთაშორისო ანტიკორუფციული კონვენციების მოთხოვნებს და "კორუფციის წინააღმდეგ ქვეყანათა ჯგუფის"(GRECO), ევროსაბჭოს ანტიკორუფციული მონიტორინგის სტრუქტურის, რეკომენდაციებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ანგარიშები ევროკომისიის "სამოქმედო გეგმების წლიური მიმოხილვის" გამოქვეყნებამდე გამოსცა. ევროკომისიის მიმოხილვა 11 მაისს გამოქვეყნდება. "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP) ანტიკორუფციული საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპებს ადგენს. ამ ინიციატივაში ჩართული ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის სამოქალაქო მონიტორინგს დიდი მნიშვნელობა აქვ", _ აღნიშნა "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორმა, მიკლოს მარშალმა. მისივე თქმით, _ "ეს ანგარიშები და ევროკომისიის მიმოხილვა ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებას და შესაბამისად, კორუფციული წნეხის შემცირებას შეუწყობს ხელს". "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშებში სახელწოდებით "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ანტიკორუფციული რეფორმების მონიტორინგი" იმ სამოქმედო გეგმების განხორციელებაა შეფასებული, რომლებიც სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ENP-ის ფარგლებში 2006 წელს შეიმუშავეს. თავად ENP-ის მიზანი ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებში საერთო ღირებულებების, მათ შორის, ეფექტიანი მმართველობის და კანონის უზენაესობის სფეროებში თანმიმდევრული და მდგრადი პოლიტიკის, ხელშეწყობაა. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასება კონკრეტულ ინდიკატორებზეა დაფუძნებული. ის უფრო დეტალური და კრიტიკულია, ვიდრე თავად ევროკომისიის მონიტორინგის მექანიზმები. ასეთი მიდგომა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების განმტკიცებაში დამოუკიდებელი ანალიზის მნიშვნელობის ხაზგასმას ისახავს მიზნად. ანგარიშებში შემდეგი დასკვნები და რეკომენდაციებია მოცემული: სომხეთი: მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, სომხეთმა მმართველობის სტანდარტები გააუმჯობესა, სასამართლოს გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის კუთხით პრობლემები კვლავ რჩება. ეს სისტემა ყველაზე კორუმპირებულად მიიჩნევა. საჯარო სამსახურში გარკვეული რეფორმები ხორციელდება, თუმცა მისი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების დონე ჯერ დაბალია. სომხეთი GღEჩO-ს რეკომენდაციების შესრულების მხრივაც ჩამორჩება. აზერბაიჯანი: ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემის და საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობა გამართულია, კანონების სათანადოდ აღსრულება არ ხდება. იგივე მდგომარეობაა ანტიკორუფციულ კანონმდებლობაშიც - კანონები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, მაგრამ საჭიროა მათი პრაქტიკაში გამოყენება. აზერბაიჯანმა GRECO-ს რეკომენდაციების შესრულების მხრივ ნაბიჯი წინ გადადგა. ეს განსაკუთრებით საკანონმდებლო ინიციატივების, სხვადასხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების და ტრენინგ-პროგრამების განხორციელებას ეხება. საქართველო: ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ საკანონმდებლო რეფორმა წარმატებით განახორციელა. GRECO-ს რეკომენდაციების შესრულებისა და სასამართლო სისტემის რეორგანიზაციის კუთხით წინსვლაა, თუმცა ეს სფერო დამოუკიდებლობის ნაკლებობას კვლავ განიცდის. ის აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენისგან დაცული არ არის. საჯარო სამსახურში კორუფციის შემცირების მხრივ სხვადასხვა სტრუქტურაში განსხვავებული ვითარებაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ სისტემის რეფორმის ერთიანი, ნაციონალური სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციაა. შენიშვნა ჟურნალისტებისთვის: ENP 2004 წელს ამოქმედდა. დღევანდელი მდგომარეობით ის ევროკავშირის მეზობელ 16 ქვეყანას მოიცავს. მათგან 13-ს კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვს (რუსეთი ENP-ის ნაწილი არ არის. მას ევროკავშირთან `სტრატეგიული პარტნიორობა~ აქვს). GRECO 1999 წელს, ევროსაბჭოს ინიციატივით შეიქმნა. ამჟამად ის ევროპის 46 ქვეყანას და აშშ-ს აერთიანებს. ინტერვიუები შეგიძლიათ აიღოთ სომხურ, აზერბაიჯანულ, ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.