ENG

მოსაზრებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლების მიერ წარდგენილ წინადადებებზე

30 ივნისი, 2011

2011 წლის 27 ივნისს ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს ეხება. ჩვენ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ვაკვირდებოდით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებს, მივესალმებით ამ მიმართულებით გარკვეული აქტივობების განახლებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი შეთანხმება, რომლებსაც რიგი ოპოზიციური პარტიებისა დათანხმდა, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. ისევე როგორც ადრე გაკეთებულ განცხადებებში, დღესაც ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოში არსებული საარჩევნო გარემოს პრობლემური საკითხები კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან მხოლოდ ნაწილის მოგვარება ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნას. დათქმა იმის თაობაზე, რომ წარდგენილი წინადადებების გარდა სხვა საკითხებზე შეთანხმება აღარ მოხდება, მიუღებელია, ვინაიდან, შემოთავაზებული დოკუმენტი სისტემურად არ ეხმიანება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემის დახვეწა, ფინანსური მონიტორინგის მექანიზმების შექმნა და ა.შ. გარდა ამისა, აღნიშნულ შეთანხმებაში მოცემული რეგულირებები ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებებს თითოეულ შეთავაზებასან დაკავშირებით:

  • დაზუსტებას საჭიროებს ის, თუ სამართლებლივად როგორ მოახდენს მმართველი გუნდი პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას 190 დეპუტატამდე (83 მაჟორიტარული და 107 პროპორციული სისტემით). აღნიშნულის განხორციელება მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების შედეგად არის შესაძლებელი, ვინაიდან „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნტქის თანახმად, „რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში, იქნება საქართველოს ორგანული კანონის დარღვევა.ასევე, გაუგებარია რატომ ხდება შეთანხმებაში მონაწილე პარტიების მიერ წინასწარ იმის დაპირება, რაც საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმის გზით უშუალოდ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს.
  • აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აღნიშნული წინადადებები ვერ აგვარებს იმ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია პარტიის მიერ მიღებული ხმებისა და მათ მიერ პარლამენტში მოპოვებული მანდატების ერთმანეთთან პროპორციულობასთან. გარდა ამისა, ეს ინიციატივა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმის წონის თანაბრობის პრონციპს ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობებს შორის მაქსიმალური გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 15-20%-ს.
  • ამომრჩეველთა სიების დაზუსტება უმნიშვნელოვანესი საკითხია სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამომრჩეველთა სიებზე მომუშავე ჯგუფის შექმნის იდეა, რომელიც დაკომპლექტდება ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით და გასული არჩევნებისგან განსხვავებით, არჩევნებამდე მნიშვნელოვანი დროით ადრე დაიწყებს საქმიანობას. თუმცა, მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ამომრჩეველთა სიის შედგენაზე პასუხისმგებელი ერთი უწყება და უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა სიის ფორმირებაში მონაწილე მონაცემთა ბაზების ერთმანეთთან თავსებადობა ვფიქრობთ, რომ მხოლოდ სპეციალური კომისიის შექმნა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემების საბოლოოდ აღმოფხვრას.
  • კანონის საფუძველზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნაც არასაკმარის მექანიზმად მიგვაჩნია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების პრევენციისათვის. როგორც მრავალჯერ განვაცხადეთ, ბოლო სამი არჩევნების დროს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ვერ ახერხებდა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული გამოძიების დროულად დასრულებას და დამრღვევების სათანადოდ დასჯის უზრუნველყოფას. ამიტომ ვთვლით, რომ მონიტორინგის გაძლიერებასთან ერთად აუცილებელია არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევათა დროული გამოძება და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
  • დავების განხილვის დადგენილი ვადები 2–დან 4 დღემდე გაზრდა მისასალმებელია, თუმცა აღნიშნული ცვლილება არ არის საკმარისი საარჩევნო დავებთან დაკავშირებული პრობლებების მოსაგვარებლად, რადგანაც კანონმდებლობაში არსებული ნორმები ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანია და/ან სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
  • პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდის პარალელურად, მნიშვნელოვანია შემოწირულებათა ეფექტური მონიტორინგის მექანიზმის შექმნა. მათ შორის „მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საარჩევნო კოდექსში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება პარტიების დაფინანსების მონიტორინგისა და ანგარიშების ფორმების დახვეწის მიზნით. ასევე, აუცილებელია დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა, რომელსაც პარტიების დაფინანსებისა და მათი წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი დაევალება.
  • არ ვეთანხმებით ინიციატივას საარჩევნო სუბიექტის შემოწირულებათა ზღვრის გაორმაგებასთან დაკავშირებით. არსებული ზღვარი ისედაც საკმაოდ მაღალია და საქართველო მაღალი შემოწირულებების თვალსაზრისით ისედაც ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ არსებული ცვლილება ვერ უზრუნველყოფს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნას და ოპოზიციური პარტიებისთვის შემოწირულობების ზრდასა და დივერსიფიკაციას.
  • მივესალმებით შეთანხმებაში არსებულ ინიციატივას, რომლის მიხედვით აიკრძალება საოლქო კომისიების განთავსება თვითმმართველობებისა და პრეზიდენტის რწმუნებულების კუთვნილ შენობებში, ხოლო საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს საუბნო კომისიის წევრებთან ერთად საჩივრების რეგისტრაციისა და ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის უფლება მიენიჭებათ. ასევე, გაადვილებული იქნება საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია.
  • შეთანხმებაში წარმოდგენილი მედია მონიტორინგის მექანიზმებს მოქმედი საარჩევნო კოდექსიც ითვალისწინებს, არ მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით წინადადებები ნოვაციას შეიცავს, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლიდა მედიის მხრიდან საარჩევნო თემატიკის გაშუქებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

და ბოლოს, ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი წინადადები ამომწურავად არ ეხმიანება იმ არსებულ პრობლემებს, რაც აუცილებელია საქართველოში საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ შეთანხმებაზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს, კომპლექსურად მიუდგნენ აღნიშნულ საკითხებს, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი წინადადებები გარკვეულ პოზიტიურ ინიციატივებს მოიცავს, ყოველივე ეს არ არის საკმარისი სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისათვის. ზუსტად ამის გამო აუცილებელია დისკუსიის გაგრძელება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით. მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საარჩევნო გარემოს რეალურად გაუმჯობესებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში.

elections