კონფერენცია „ფარული თვალთვალი და პირადი მონაცემების დაცვა: მთავარი გამოწვევები“ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კონფერენცია „ფარული თვალთვალი და პირადი მონაცემების დაცვა: მთავარი გამოწვევები“

24 მაისი, 2013

ბოლო რამდენიმე წელია, მთავრობის მიერ ფარული თვალთვალის წარმოება ქვეყანაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინტერნეტის თავისუფლების შესახებ კვლევაში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის მოხსენებებშიც აისახა. უკონტროლო სისტემატური თვალთვალი და მიყურადება მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო უფლებებს უქმნის სერიოზულ საფრთხეს. ეს კი ის პრინციპებია, რომლებზეც თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო არის დაფუძნებული. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული აღნიშნული ქმედებები სერიოზული კონტროლის საგანი უნდა იყოს, რის საშუალებასაც, პირველ რიგში, კანონმდებლობა უნდა გვაძლევდეს.

ახალმა მთავრობამ დადო პირობა, რომ უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შეზღუდვის ძლიერ მექანიზმებს შექმნიდა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლიდან შვიდი თვის თავზეც არ გადადგმულა არსებითი ნაბიჯები პირადი მონაცემების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების შესაქმნელად. სამწუხაროდ, იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც უკანონოდ მოპოვებული კადრები გამოყენებულიც კი იქნა კონკრეტული პირების წინააღმდეგ. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ შეეცადნენ, გაეანალიზებინათ სტატუსკვო და შეეფასებინათ არსებული კანონმდებლობა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტებთან მიმართებაში. ორგანიზაციები ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ საკანონმდებლო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შემდეგი პრობლემები გამოავლინა:

  • საქართველოს კანონმდებლობა უმეტესწილად არ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და, ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი დებულება პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო მოთხოვნებს.
  • კანონი არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა ტიპის დანაშაულებისთვის არის ნებადართული მიყურადება და თვალთვალი, რაც ევროპული კანონმდებლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
  • არ არსებობს ფარული მიყურადებით მიღებული მონაცემების ფილტრაციის, ამ მონაცემთა მთლიანობის და კონფიდენციალურობის შენარჩუნების, მათი შენახვისა და განადგურების წესები.
  • საგამოძიებო ორგანოები უსაზღვრო უფლებებით სარგებლობენ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის გამოყენების თვალსაზრისით.
  • კანონი არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას თვით ოპერატიულ-სამძებრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, იუსტიციის მინისტრის ან პროკურორის მიერ კონტროლის განხორციელების მეთოდების შესახებ.
  • კანონი არ განსაზღვრავს ფარული მიყურადების პერიოდის ხანგრძლივობის ლიმიტებს, რის გამოც სატელეფონო მოსმენა ან თვალთვალი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს განუსაზღვრელი ვადით.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ხაზს უსვამს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების საჭიროებას. კერძოდ, ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კანონის განჭვრეტადობა; ფარული მიყურადების, როგორც უკიდურესი ღონისძიების სახით გამოყენების აუცილებლობა; იმ დანაშაულთა წრის განსაზღვრა, რომელთა გამოსავლენადაც აუცილებელია ფარული მიყურადება; საპროკურორო კონტროლის გაზრდა ფარული მიყურადებისას და სასამართლო ზედამხედველობის როლის გაზრდა ფარული მიყურადებისას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციებია:

  • უკანონოდ მოპოვებული მასალების განადგურება: მთავრობამ უნდა შექმნას კომისია, რომელიც დააფიქსირებს უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შედეგად მოპოვებულ მასალებს, აღრიცხავს და მოახდენს მათ განადგურებას.
  • სამართალდამცავი ორგანოების კონტროლი: მთავრობამ კანონმდებლობით უნდა გაამყაროს და  შექმნას ზედამხედველობის ძლიერი მექანიზმები, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული ფარული თვალთვალის პროცესში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გამორიცხავს.
  • დაზვერვის კონტროლი: პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს სადაზვერვო სამსახურების საქმიანობაზე შესაბამისი ზედამხედველობა და საფუძველი ჩაუყაროს ანგარიშვალდებულების ახალ კულტურას.  შესაძლოა, საპარლამენტო კომისიას მიენიჭოს სადაზვერვო სამსახურების ზოგადი საქმიანობის, მათ შორის თვალთვალისა და  სატელეფონო მოსმენების მონიტორინგის განმახორციელებლის როლი, რაც ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში.
  • მონაცემთა შეგროვება: შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელეკომუნიკაციო კომპანიების ინფრასტრუქტურიდან უნდა ამოიღოს მისთვის კუთვნილი შავი ყუთები და მობილურ ოპერატორებთან მათი ურთიერთობა კანონიერ ჩარჩოში ჩასვას. ამ მოწყობილობების მეშვეობით, მოქალაქეების საკომუნიკაციო მონაცემებზე პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომის არსებობა საფრთხეში აგდებს  სასამართლოს დამოუკიდებელი ზედამხედველობის შესაძლებლობას მოსმენებზე/მიყურადებაზე და ქმნის უფლებამოსილების გადამეტების რისკს.
  • სასამართლოს ზედამხედველობა: სამართალდამცავ ორგანოებს მონაცემებზე წვდომა მხოლოდ სასამართლო ნებართვის მიღების შემდეგ უნდა მიეცეთ (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა). სასამართლო ნებართვა კონკრეტულად უნდა განსაზღვრავდეს თუ რა სახის ინფორმაციაზე გაიცემა წვდომა; მასში მოცემული უნდა იყოს პირის ვინაობა, ტელეფონის ნომერი და დროის შუალედი, რაზეც გაიცემა მეთვალყურეობის ნებართვა. ამასთან, სამეთვალყურეო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია უნდა აღირიცხებოდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები.
  • პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი: სასურველია პერსონალურ მონაცემთა ახალი ინსპექტორისა და მისი ოფისის მანდატის გაზრდა, რათა მან მოიცვას როგორც კრიმინალურ გამოძიებასთან, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევებიც.
  • ცვლილებები კანონმდებლობაში: მნიშვნელოვანია შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი საქართველოს პარლამენტში, რომელიც შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტს შეიმუშავებს. კომისიაში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
  • გამჭვირვალობა: იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საკუთარი ინიციატივით, რეგულარულად უნდა გამოაქვეყნოს ზოგადი ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული სამეთვალყურეო საქმიანობის სიხშირისა და ტიპის შესახებ.

 

 

კონფერენცია პროგრამა G-MEDIA-ს გრანტის ფარგლებში გაიმართა. 

პროგრამა G-MEDIA USAID-ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. 

print
Media