კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის საკითხებზე ფორუმი მოაწყო - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის საკითხებზე ფორუმი მოაწყო

09 თებერვალი, 2015

 

დღეს, 9 თებერვალს, კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის გამართა რიგით მეთერთმეტე საზოგადოებრივი ფორუმი სახელწოდებით „პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების პერსპექტივები“. ფორუმი გახსნეს კოალიციის თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა, აშშ ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ. ყველა მომხსენებელმა ხაზი გაუსვა ამ ინსტიტუტების შემდგომი რეფორმირების მნიშვნელობას და სამოქალაქო საზოგადოების როლს ამ პროცესში. კოალიციის სახელით, ეკა გიგაურმა განაცხადა:

„დადებითად ვაფასებთ იმას, რომ პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფია შექმნილი. მიგვაჩნია, რომ პროკურატურის რეფორმის შედეგად გენერალური პროკურორისთვის დამოუკიდებლობის გარანტიები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამ მიზნის მიღწევა კი, მათ შორის, მისი დანიშვნის წესის შეცვლით იქნება შესაძლებელი. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, რა გეგმები აქვს კრიზისების საბჭოს შსს-სთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა მოგვეცემა. ცხადია შსს-დან მხოლოდ უშიშროების სამსახურის გამოყოფა არ იქნება საკმარისი. შსს უფრო სიღრმისეულ რეფორმებს მოითხოვს.“

ფორუმის გახსნისას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ:

„მართლმსაჯულება ჯერ კიდევ არის ის სფერო, რომელსაც სჭირდება რეფორმირება და განვითარება. საქართველოს პრემიერმინისტრმა დაიწყო საუბრები შს სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმირებაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დაწესებულებების სანდოობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებაზე მუშაობა ახლა სწორედ დროულია. დღევანდელი დებატები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ უწყებების წარმატებულ რეფორმირებაში.“

ფორუმის მონაწილეებისთვის მიმართვისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ:

„პირველი, რაც ჩვენ ამ კონფერენციაზე უნდა გავიაროთ, არის ის, რომ გვაქვს დროსთან, ეპოქასთან, მნიშვნელოვანი ჩამორჩენა. ეს არ არის კონკრეტული ხელისუფლების, მინისტრის ან მუშაკის ბრალი, არამედ განპირობებულია საზოგადოების განვითარების იმ ლოგიკით, რომელშიც აღმოვჩნდით. შესაძლოა, 20 წლის წინაც აღმოვჩნდით განვითარების იმ ლოგიკაში, რომელმაც დღემდე ამ ფუნდამენტური საკითხების მოგვარება ვერ შეგვაძლებინა. არც ერთი წამი აღარ უნდა დავკარგოთ და ვიმუშავოთ მართლა, მონდომებით და არანაირი მიზეზით და საბაბით არ უნდა გადავდოთ იმის გაკეთება, რაც გასაკეთებელია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი გაკეთებულა. პროგრესი აშკარად სახეზეა. სერიოზული ცვლილებები მოხდა, მაგრამ პარლამენტმა, მთავრობამ, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა უკვე წარმოვაჩინეთ ის პრიორიტეტები, რაც უნდა გაკეთდეს.“

ფორუმზე მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის საკითხებზე.  კოალიციამ წარმოადგინა რეკომენდაციები, რომელთა მიზანია პროკურატურის დამოუკიდებლობის, ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლება. დისკუსია წარიმართა როგორც კონცეპტუალურ საკითხებზე, როგორიცაა პროკურატურის საკონსტიტუციო სტატუსი და ადგილი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში, ასევე კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელთა განხორციელების შემთხვევაში გაიზრდება პროკურატურის დამოუკიდებლობა და ეფექტურობა. კოალიციამ ასევე განიხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიზების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის პრობლემები.

როგორც წინა ფორუმებზე, ამ ფორუმზეც კოალიციამ მოიწვია განსხვავებული მოსაზრებების მქონე პირები, რათა დისკუსიის შედეგად განმარტებულიყო და უკეთ წარმოჩენილიყო პრობლემატური საკითხები. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე იურისტებმა, ჟურნალისტებმა, ექსპერტებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის აერთიანებს 34 პროფესიულ, ადამიანის უფლებათა დამცველ, ბიზნეს და მედია ორგანიზაციას და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების განვითარებას სასამართლოს მონიტორინგისა და რეფორმების ადვოკატირების გზით.

ფორუმს მხარს უჭერს ამერიკის მთავრობა, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტი. ფორუმის მხარდამჭერია აგრეთვე ფონდი ღია საზოგადოება — საქართველო.

ფორუმზე წარმოდგენილი პრეზენტაციები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პროკურატურის რეფორმის კონცეფცია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, შსს-ს სისტემის ღიაობა და გამჭვირვალობა

EMC, შინაგან საქმეთა სამინისტრო — რეფორმის პერსპექტივები

print