ENG

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სახელმწიფო საჩუქრების გადაცემაში მონაწილეობენ,14 მაისი

14 მაისი, 2010

ლანჩუთის რაიონის სოფლებში შუხუთსა და ჩოჩხათში, ასევე, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები 9 მაისს მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებს ურიგებდნენ ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო მედლებს საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით და ერთჯერად ფულად დახმარებას 50 ლარის ოდენობით (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტი განკარგულება #291). სოფელ ჩოჩხათში ვეტერანებს სევერიან ზენაიშვილს, ბიჭიკო ზენაიშვილს, ამირან ტუღუშს, კახი ძიმისტარიშვილსა და პავლე ხუციშვილს საღამოს 9 საათის შემდეგ, მედლებთან ერთად, თითოეულს 50 ლარის ოდენობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცეს. საჩუქრების დარიგებაში მონაწილეობას იღებდნენ სოფლის რწმუნებული ჯუმბერ ლომინეიშვილი, რწმუნებულის თანაშემწე გედევან ცინცაძე და სკოლის დირექტორი, ამავე სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დალი კვერენჩხილაძე. დალი კვერენჩხილაძემ თავიდან უარყო უშუალოდ მედლების გადაცემის ღონისძიებაში საკუთარი მონაწილეობა. „მე მათთან [ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან] ერთად არ მივსულვარ ამ ადამიანებთან. როცა ისინი წავიდნენ, შემდეგ მივულოცე მათ 9 მაისი”, _ განუცხადა „გურია ნიუსის” ჟურნალისტს სატელეფონო საუბარში კვერენჩხილაძემ. თუმცა 13 მაისს, დილის 9 საათზე დალი კვერენჩხილაძე ჩოჩხათის სოფლის რწმუნებულთან ერთად ოზურგეთში შეხვდა „გურია ნიუსის” ჟურნალისტს და დაუდასტურა, რომ ის ნამდვილად მივიდა ზემოთ აღნიშნულ ოჯახებში, რადგან ვეტერანთა ოჯახები მისი ახლობლები არიან, თუმცა თავად არ გადაუცია საჩუქრები. არსებობს ჩოჩხათელი ომის ვეტერანების ფარულ აუდიო ჩანაწერები, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საჩუქრების დარიგებაში მონაწილეობდა. სოფელ შუხუთში, „ალიანსი საქართველოსთვის” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ელგუჯა ჩხაიძის ინფორმაციით, მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” რევაზ ჩიტიძე, „ენერგო-პრო ჯორჯიას” ლანჩხუთის სერვისცენტრის თანამშრომელთან გიგა აფხაძესთან ერთად, ამავე მედლებსა და საჩუქრებს ურიგებდა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ანონიმურად დაადასტურა დეპუტატობის კანდიდატის მანქანით გადაადგილების ფაქტი ვეტერანების ოჯახებში. რევაზ ჩიტიძემ „გურია ნიუსის” ჟურნალისტს განუხცადა, რომ მისი ავტომანქანით ხშირად სარგებლობს სოფლის რწმუნებული და თავად მასთან ერთად არ იმყოფება ხოლმე. კასპის რაიონში, სოფელ ახალქალაქში ასეთივე მედლების დარიგებაში სოფლის რწმუნებულთან მამუკა მამასახლისთან ერთად მონაწილეობდა ამავე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ირემაშვილი. მან პირადად მიუტანა პრეზიდენტის საჩუქარი საღამოს საათებში სოფლის მცხოვრებ ნადენა ოქრუაშვილს და სხვა ვეტერანებს. ვეტერანებისთვის მედლების გადაცემის ფაქტი დააფიქსირა ამავე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან „ალიანსი საქართველოსთვის” ხათუნა ელისაბედაშვილმა. სატელეფონო საუბარში ხატია ელისაბედაშვილს სოფლის რწმუნებულმა განუმარტა, რომ იგი თავად გადაადგილდებოდა კანდიდატის მანქანით და ირემაშვილი ამ ღონისძიებაში არ მონაწილეობდა. პრეზიდენტის საჩუქრის ვეტერანებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ გადაცემის ფაქტი სხვა სოფლებსა და სოფლებშიც დაფიქსირდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ ასეთი ქმედებების განხორციელებით ერთის მხრივ, ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვა ხდება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, რაც ამავე დროს 91 ნაწილით კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველია, მეორეს მხრივ კი ირღვევა ეუთო-ს კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტის 5.4-ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ უნდა არსებობდეს „ნათელი განსხვავება სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. კერძოდ, არ უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფოს აღრევა” „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” აღნიშნულ ფაქტზე 13 მაისს რეაგირებისთვის მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და უწყებათშორის სამუშაო ჯგუფს.

elections