„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უწყებათაშორისი ჯგუფის მიერ ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების უარყოფას პასუხობს, 26 აპრილი
წარმოგიდგენთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პასუხს მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფის მიერ მიმდინარე წლის 21 აპრილს გამოქვეყნებულ კომენტარზე, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების შესახებ ჩვენს 29 მარტის ანგარიშს ეხება. უწყებათაშორისმა ჯგუფმა ანგარიში პუნქტობრივად განიხილა და თითოეულ პუნქტზე თავისი არგუმენტაციის დართვის შემდეგ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევები, გარდა ზუგდიდში ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაში შესაძლო უკანონო ჩარევისა, არ ყოფილა. კომენტარში ასევე ნათქვამია, რომ უწყებათაშორისი ჯგუფი ზუგდიდის შემთხვევას გამოიძიებს და მისი დადასტურების შემთხვევაში, შესაბამის ზომებს მიიღებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აფასებს ხელისუფლების ამგვარ გამოხმაურებას. წინა არჩევნებთან შედარებით, ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა, რადგან ჩვენ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას 2006 წლის ადგილობრივი არჩევნებიდან მოყოლებული ვაკვირდებით, მაგრამ ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ამ ტიპის დეტალური კომენტარი წელს პირველად მივიღეთ.