„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაფასებლად ჩატარებული კვლევის შედეგებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაფასებლად ჩატარებული კვლევის შედეგებს

23 ივნისი, 2010
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ჩაატარა კვლევა საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაფასებლად. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, 52 განცხადება გაიგზავნა 10 სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში (პარლამენტში, ფინანსთა, იუსტიციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებში, უზენაეს სასამართლოში, პროკურატურაში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სახალხო დამცველის ოფისში და კონტროლის პალატაში) სხვადასხვა განმცხადებლის (როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების, ისე ეთნიკური უმცირესობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების) მიერ. ჯამში შემთხვევათა 78.8%-ში შედეგი დამაკმაყოფილებელია, ხოლო 21.2% წარმოადგენს შემთხვევებს. როდესაც საჯარო დაწესებულებებმა არ გასცეს განმცხადებლებს პასუხი; ზეპირი ფორმით, ახსნა განმარტების გარეშე განაცხადეს უარი საჯარო ინფომრაციის მოწოდებაზე; არამართებულად გადაამისამართეს განცხადება სხვა დაწესებულებაში; ან არასრული ინფორმაცია მიაწოდეს განმცხადებელს. გამოთხოვილი ინფორმაციის სრულად მიღების მაჩვენებელი ოდნავ ნაკლებია. 100-დან 67.3% შემთხვევაში მივიღეთ ამომწურავი პასუხი გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე. განსხვავება ზემოთ მოყვანილ და ამ უკანასკნელ მაჩვენებელს შორის ის არის, რომ აქ იგულისხმება მხოლოდ ის შედეგები, რომელზეც ამომწურავი პასუხი მივიღეთ, ხოლო წინა მაჩვენებელი იმ პასუხებსაც გულისხმობს, როდესაც საჯარო დაწესებულებებმა ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს შესაბამისი მონაცემთა ბაზის არარსებობის გამო. ინფორმაციის მოწოდების მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა ცენტრალური საარჩევნო კომისია (100%), უზენაესი სასამართლო (100%), კონტროლის პალატა (100%) და პარლამენტი (93.8%), ყველაზე სავალალო მაჩვენებლით კი გამოირჩეოდა პროკურატურა (25%), რომელმაც 4-იდან მხოლოდ 1 განხადებაზე მოგვაწოდა გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, ხოლო დანარჩენ 3 განცხადებაზე რეაგირება არ გაუკეთებია. დაბალი მაჩვენებლებით აღინიშნებოდნენ ასევე თავდაცვის სამინისტრო (50%), შინაგან საქმეთა სამინისტრო (50%) და იუსტიციის სამინისტრო (25%). დადებით შედეგად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ არ აღმოჩნდა რაიმე სახის დისკრიმინაცია განმცხადებლის ტიპის მიხედვით. საჯარო დაწესებულებები ერთნაირი წარმატებით პასუხობენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების, ისე ეთნიკური უმცირესობებისა და “რიგითი” მოქალაქეების განცხადებებს. ინფორმაციის მოწოდების თვალსაზრისით დიდი განსხვავება არ არის რთულ და სტანდარტულ კითხვებს შორისაც. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ არადამაკამოფილებელ პასუხთა მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია (21%). ასეთი დაბალი საშუალო ჯამური მაჩვენებელი ძირითადად სამინისტროებისა და პროკურატურის დაბალი აქტივობის შედეგია. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს საჯარო დაწესებულებების ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების დაუხვეწაობა და საჯარო ინფორმაციის მოწოდების 10 დღიანი ვადის დარღვევების შემთხვევები, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებლის უფლებებისა და გასაჩივრების წესის განუმარტაობის შემთხვევები და საჯარო დაწესებულების მიერ განმცხადებლისათვის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივისა და მიზნის დაზუსტების თხოვნის ერთი შემთხვევა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არ იზიარებს საჯარო დაწესებულებათა მიდგომას, რომ თანამდებობის პირთა პრემიების ოდენობა არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციასDდა მოუწოდებს ყველა საჯარო დაწესებულებას, ინფორმაცია თანამდებობის პირთა პრემიების შესახებ საჯარო გახადოს.
print