არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები ახალ კანონპროექტზე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები ახალ კანონპროექტზე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“

24 აპრილი, 2012

2012 წლის 24 აპრილი – დღეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი’’, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო’’ და ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თავის მოსაზრებებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის „ინფორმაციული უსაფრთხოების“ თაობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დროულია, რადგან ის რისკები, რომლებიც არსებობს ინფორმაციული ტექნოლოგიების მზარდი ტემპით განვითარებისა და გამოყენების კუთხით შესაბამისად უნდა იყოს ასახული საქართველოს კანონმდებლობაშიც.

საკანონმდებლო ინიციატივა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ , რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს მეტად საყურადღებოა, ვინაიდან მისი მთელი რიგი დებულებები გავლენას ახდენენ ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე და გარკვეული კორექტივები შეაქვთ მასში. კერძოდ,

  1. კანონპროექტი ადგენს დახურული საჯარო ინფორმაციის ახალ სახეებს, როგორებიცაა: კონფიდენციალური, შეზღუდული და არაკლასიფიცირებული ინფორმაცია. საჯარო ინფორმაციის ეს ახალი სახეები სცილდება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ საიდუმლოებათა ჩამონათვალს (სახელმწიფო, კომერციული და პირადი საიდუმლოება) და მათ არალეგიტიმურ გაგრძელებას წარმოადგენს.
  2. ადმინისტრაციულ ორგანოებს უფლება ექნებათ თვითონ მიანიჭონ საჯარო ინფორმაციას ოთხი კლასიფიკაციიდან ერთ-ერთი, ანუ გადაწყვიტონ თუ რომელი საჯარო ინფორმაცია რომელ კატეგორიას განეკუთვნება – კონფიდენციალურს, შეზღუდულს, არაკლასიფიცირებულს თუ ღიას. ასეთი სახის უფლებამოსილების გადაცემამ შეიძლება გამოიწვიოს ინფორმაციის მოძიების გართულება,  მიუხედავად ინფორმაციის საჯაროობისა.
print