პრემიერმინისტრობის კანდიდატის განცხადებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს
19 ივნისს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ მის მიერ 2012 წლის აგვისტოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ შეწირული 20 000 ლარი საკუთარი არ იყო და მისი საბანკო ანგარიში „იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად“.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრძალულია შემოწირულების სხვა პირის მეშვეობით განხორციელება. ეს ქმედება იწვევს აკრძალული შემოწირულების განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას შენატანის ორმაგი ოდენობით. თუმცა, ვინაიდან ამ ტიპის დარღვევებზე 2012 წლის 12 დეკემბერს მიღებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ აქტი, დამრღვევის მიმართ სანქცია ვეღარ იქნება გამოყენებული.
მიუხედავად ამისა, აღნიშნული შემთხვევის სრულყოფილი შესწავლა უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მსურველ კანდიდატს, რომელსაც კარგი საჯარო მმართველობის უზრუნველყოფის საკითხში მთავარი როლი აკისრია. საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ უნდა განმარტოს, რა სახით მონაწილეობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ შემოწირულობის განხორციელებაში. აუცილებელია, გაირკვეს, იყო თუ არა იგი ჩართული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მუხლი ამნისტირებულია და სანქცია ვერ იქნება გამოყენებული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამ შემთხვევის შესასწავლად მაინც მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რათა დადგინდეს სიმართლე ამ საქმეზე. ცნობისათვის 2013 წელს მსგავსი პრაქტიკა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უკვე ჰქონდა, როდესაც მან ამნისტირებულ დარღვევაზე მაინც იმსჯელა და დაადგინა სამართალდარღვევის ფაქტი მიუხედავად იმისა, რომ სანქცია ვერ დააწესა.
შენიშვნა: ამ განცხადების გამოქვეყნებამდე რამდენიმე მედიასაშუალებამ უკვე გაავრცელა ჩვენი წარმომადგენლის კომენტარი, სადაც არ გვიხსენებია, რომ ეს დარღვევა ამნისტირებულია. ვწუხვართ, რომ თემის ირგვლივ სრულყოფილი ინფორმაციის წარმოჩენას ამან ხელი შეუშალა.
