პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედება მეოთხედ გადაავადა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედება მეოთხედ გადაავადა

03 ივლისი, 2019

 

2019 წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა, მამუკა მდინარაძის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, რატი იონათამიშვილისა და გოგა გულორდავას მიერ ინიცირებულ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა, რის შედეგადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედება კიდევ ერთხელ, მეოთხედ, გადაიდო - ამჯერად, 2019 წლის 1 ნოემბრამდე. როგორც კანონის მიღებამდე განვითარებული პროცესების, სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოსალოდნელი იყო, გადავადების მიზეზია იმ ფინანსური სახსრების არარსებობა, რომელიც, თითქმის 1 წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ არ გახადა ხელმისაწვდომი სამსახურის ლოჯისტიკური და კადრებით უზრუნველყოფისათვის.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი, 2018 წლის 21 ივლისიდან („სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან) დღემდე, მუდმივად და თანმიმდევრულად უსაბუთებენ და ახსენებენ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის დროულად და ეფექტიანად ამოქმედების მნიშვნელობას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროულად და ეფექტიანად ამოქმედების უპირობო აუცილებლობა კიდევ უფრო მწვავედ გახდა ნათელი 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეების მიმართ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებისას (დაკავებული იყო 305 ადამიანი) და დაკავების შემდგომ სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების ფონზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - იმ მუხლით, რომელზეც, ფინანსური სახსრების გამოყოფისა და დროულად ამოქმედების პირობებში, გავრცელდებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილება.

სწორედ, საზოგადოებაში არსებული უნდობლობისა და სამართალდამცავთა დაუსჯელობის გამო, ითხოვს არასამთავრობო სექტორი, წლების განმავლობაში მექანიზმის შექმნას. მხოლოდ ჩვენი შიდა სტატისტიკით, 2017-2019 წლებში 50-ზე მეტი არასათანადო შემთხვევა დაფიქსირდა და შესაბამისი მოთხოვნა გაიგზავნა პროკურატურაში. თუმცა, ამ დრომდე, არც ერთი პირის მიმართ არ დამდგარა განაჩენი.

კოალიცია საგანგაშოდ აფასებს, საქართველოს მთავრობის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც გახდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედების მეოთხედ გადავადების საფუძველი.

ამასთანავე, დროულად ამოქმედების მოთხოვნასთან ერთად, საზოგადოებას, საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვახსენებთ იმ ხარვეზებს, რომელიც არსებობს სახელმწიფო ინსპექტორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოდელში:

  • სამსახურის მანდატი - მოქმედი კანონი ინსპექტორის მანდატიდან სრულად გამორიცხავს გამოძიების კომპეტენციას ისეთ დანაშაულებზე, რომელიც შესაძლოა ჩადენილი იყოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ. 20 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადყო, რამდენად დაუსაბუთებელი და ალოგიკურია იმ პირების მანდატიდან გამორიცხვა, რომელთა ხელში ყველაზე მეტი ძალაუფლება არის კონცენტრირებული და შესაბამისად, მაღალია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გამოძიებაზე ზემოქმედების რისკები.
  • სამსახურის კომპეტენცია - მოქმედი კანონმდებლობით, სისხლისსამართლებრივი დევნა კვლავ პროკურატურის უფლებამოსილებაა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოპერაციულ დამოუკიდებლობას მნიშვნელოვნად ასუსტებს. აუცილებელია, რომ სამსახური, სულ მცირე, საპროკურორო ზედამხედველობის გარეშე წარმართავდეს გამოძიებას.
  • დანაშაულთა წრე, რომელსაც იძიებს სამსახური - აუცილებელია გაფართოვდეს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებას დაქვემდებარებულ დანაშაულთა წრე და ამოღებულ იქნეს კანონპროქტიდან ის სპეციალური დათქმები, რომელთა გარეშეც საქმე ვერ მოექცევა ახალი უწყების საგამოძიებო ქვემდებარეობაში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საქმის არასწორად კვალიფიკაციის ეჭვი, უპირატესი იურისდიქცია ავტომატურად ჰქონდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
print