პარლამენტმა ადამიანის კომპანიონ ცხოველების შესახებ საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაიწყო
ცხოველებისადმი სადისტური მოპყრობის ბოლო დროინდელმა შემთხვევებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობის საჭიროება.
გასულ წელს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ცხოველთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების1 საკანონმდებლო წინადადება ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ ახალი კანონის პროექტისა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
საკანონმდებლო წინადადების მიზანია ადამიანის კომპანიონ ცხოველთა დაცვის გარანტიების შექმნა2. მსგავსი შინაარსის ინიციატივა დარეგისტრირებული იყო ასევე წინა, მერვე მოწვევის პარლამენტშიც3, თუმცა მისი განხილვა პირველი მოსმენით საკომიტეტო საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გაჩერდა.
რას ითვალისწინებს საკანონმდებლო წინადადება?
განისაზღვრება კომპანიონ ცხოველთა სამართლებრივი სტატუსი, მათი მოვლა-პატრონობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პირობები, მათი მფლობელების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენცია კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობისა და დაცვის უზრუნველყოფისთვის
დგინდება კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარში მოთავსების შესაძლებლობა და განისაზღვრება თავშესაფრებში საჭირო პირობების და თავშესაფრის მოწყობის სტანდარტი
სისხლის სამართლებრივად დასჯადი ხდება ცხოველთა მონაწილეობით ორთაბრძოლების მოწყობა, მათი რიტუალური მოკვლა, ექსპერიმენტები და ვეტერინარის დანიშნულების გარეშე ქირურგიულ ოპერაციების ჩატარება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის ცვლილებები და დგინდება ჯარიმები ცხოველთა ტრანსპორტირების წესის, მოკვდინებისათვის დასაშვები წესების დარღვევისათვის და სხვა შემთხვევებზე
კომპანიონი ცხოველები დაექვემდებარებიან სავალდებულო პირველად რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას და ყოველწლიურ საკონტროლო რეგისტრირებას, შეიქმნება კომპანიონ ცხოველთა ერთიანი რეესტრი, ასევე განისაზღვრება მათი მოვლა-პატრონობის პირობები
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებებით ფართოვდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება და ხდება მითითება კომპანიონ ცხოველთა პოპულაციის მართვა-კონტროლის ორგანიზებაზე
მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფრების შექმნას. ასევე განსაზღვრულია ცხოველთა თავშესაფრის მოწყობის სტანდარტები. იგი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ლაბორატორიით, ვეტერინარული და საკარანტინო და გასეირნებისათვის შესაბამისი სივრცეებით, ასევე განთავსების ვოლიერებით, ასევე განსაზღვრულია კონკრეტული მოთხოვნები ვოლიერებთან დაკავშირებით.
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ არსებული რეგულაცია
არსებული საკანონმდებლო რეგულირება არ განსაზღვრავს ადამიანის კომპანიონი ცხოველების ცნებასა და მათი უფლებების დაცვის თვალსაზრისით ერთიან სტანდარტებს.
სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს რეგულაციას, რომლის შესაბამისადაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე. ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი,იგივე ქმედება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.
საერთაშორისო პრაქტიკა
ცხოველთა უფლებები, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, რეგულირდება როგორც ცალკე, სპეციალური კანონებით, ასევე ნაწილობრივ, სისხლის სამართლის კოდექსით. სპეციალური კანონები ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მოქმედებს ავსტრიაში, ბელგიაში, კვიპროსში, ხორვატიაში, სლოვენიაში და ა.შ.
მაგალითად, ავსტრიაში4, პირს, რომელიც ტკივილს აყენებს, ძლიერი შიშის ქვეშ ამყოფებს ან კლავს ცხოველს, ეკისრება ჯარიმა 7 500 ევრომდე, ხოლო დანაშაულის განმეორების შემთვევაში - 15 000 ევრომდე. ბელგიაში, ცხოველის მიტოვებისთვის ან/და მის მიმართ ჩადენილი სისასტიკისთვის, გათვალსწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ თვემდე, ხოლო იგივე დანაშაული ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში ისჯება 3 წლიანი პატიმრობით5.
არსებულ შემთხვევებზე რეაგირება
2010 წლიდან 2017 წლის 10 თვის ჩათვლით, შსს-დან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე სულ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 8 შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ განიხილა 5 საქმე. საქართველოს პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად კი, მითითებულ პერიოდში დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო .
დიაგრამა 1. შსს-ს ინფორმაცია 2010-2017 წლებში სსკ-ს 259-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სტატისტიკის თაობაზე
დიაგრამა 2. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაცია 2011-2016 წლებსა და 2017 წლის 10 თვეში სსსკ-ის 259-ე მუხლით დევნის დაწყების შესახებ
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ცხოველთა დაცვის კუთხით. მნიშვნელოვანია, ეფექტური იყოს რეაგირება არსებული კანონდებლობის დარღვევაზე, ასევე გამკაცრდეს საკანონმდებლო ნორმა ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით და ზოგადად, შეიქმნას ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დაარეგულირებს ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
1. „ცხოველთა უფლებების კომიტეტი”, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია „ჰუმანილი”, „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება”, „ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრი”.
2. კანონპროექტის ტერმინთა განმარტების მიხედვით, კომპანიონი ცხოველი არის ცხოველი, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად.
3. ინიციატორი: პარლამენტის წევრი გ, ცაგარეიშვილი. ავტორი: „ცხოველთა უფლებების კომიტეტი“, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია „ჰუმანიმალი“, „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“.
4. Federal Act on the Protection of Animals (Animal Protection Act – TSchG) § 38 https://goo.gl/A41yJo.
5. Criminal Code of the Kingdom of Belgium, Section 161, https://goo.gl/eu5Wqo
ეს ბლოგი მომზადდა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის პროგრამის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” დაფინანსებული პროექტის „პარლამენტის ანგარიშვალდებულების და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის გაძლიერების“ ფარგლებში. ბლოგში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
