მმართველმა პარტიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიას ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადოს და ევროკავშირის კონკრეტული მოთხოვნების შესრულება უნდა დაიწყოს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მმართველმა პარტიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიას ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადოს და ევროკავშირის კონკრეტული მოთხოვნების შესრულება უნდა დაიწყოს

18 ივლისი, 2022

საქართველოს პრეზიდენტმა 2022 წლის 15 ივლისს გამოსცა განკარგულება 2022 წლის 18 ივლისიდან პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ, რომლის დღის წესრიგშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატობის სტატუსის მიღებისთვის საჭირო რიგი საკითხებია გათვალისწინებული. რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით პრეზიდენტს 46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა  მიმართა.

რიგგარეშე სესიის საკითხებად განსაზღვრულია საარჩევნო სისტემაზე პირველი მოსმენით უკვე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები  და ინიცირებული კანონპროექტები: “საერთო სასამართლოების კანონში” ცვლილებების შეტანის და ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ, რომელთა  განხილვაც შეჩერებულია პარლამენტში.

დღის წესრიგით  სწორედ ის საკითხებია განსაზღვრული, რომლებიც ხელს შეუწყობს დემოკრატიულ ცვლილებებს, პოლიტიკურ პლურალიზმს და მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გზაზე.

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების ინიციატივა და პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევა უნდა შეფასდეს პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევისაკენ გადადგმულ ნაბიჯად. მნიშვნელოვანია მმართველი პარტიის წევრებმა უარი არ თქვან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვაში ჩაერთონ და  პლენარულ სხდომას დაესწრონ.

რეალური ცვლილებების განხორციელება, რომელიც დაგვაახლოვებს ევროკავშირს, მხოლოდ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობითაა შესაძლებელი. პირველ რიგში,  მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა ხელი შეუწყოს პოლარიზაციის შემცირებას, არა მხოლოდ მის მიერ დადგენილ ფორმატში თანამშრომლობა შესთავაზოს ოპოზიციას, არამედ  კონკრეტული ცვლილებების მიღებით დაადასტუროს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების ნება.

“ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციის შემოთავაზების უარყოფა აღქმული იქნებან თანამშრომლობაზე და რეალური ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმად. როდესაც მმართველი ძალის ინტერესშია, უმრავლესობა ყოველთვის ახერხებს მობილიზებას და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას.

მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს რიგგარეშე სესიით განსაზღვრული საკითხები განიხილონ კომიტეტის სხდომებზე, დაესწრონ რიგგარეშე პლენარულ სხდომას და მხარი დაუჭირონ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც ჩვენ ქვეყანას წინ წასწევს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. 

 

print