მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობა გენდერული თანასწორობის მიმართულებით
მეათე მოწვევის პარლამენტში მიმდინარე არადემოკრატიული პროცესები, პარლამენტის მიერ საკუთარი ფუნქციების არაეფექტური შესრულება, პარლამენტის გამჭვირვალობის გაუარესება და პოლიტიკური პოლარიზება გავლენას ახდენდა პარლამენტის საქმიანობაზეც გენდერული თანასწორობის მიმართულებით. გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. საბჭო არ რეაგირებდა მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რაც უკავშირდებოდა როგორც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ქალთა უფლებების მხრივ, ასევე პარლამენტის ქალი დეპუტატების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაზე საკანონმდებლო ორგანოში.
გენდერული თანასწორობის მიმართულებით განხორციელებული ძირითადი აქტივობები
- პარლამენტმა დაამტკიცა “გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია” და “ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია”;
- საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი გენდერული თანასწორობის გაძლიერებას შეეხებოდა. რეკომენდაციის შესასრულებლად განხორციელდა საკანონდებლო ცვლილებები გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით;
- დაინიცირდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა „მსხვერპლის სტატუსის“, როგორც თავშესაფრის სერვისებით სარგებლობის წინაპირობის გაუქმებას;
- საბჭოსთან შექმნილმა ჯგუფმა, ექსპერტების ჩართულობით, შეიმუშავა კონცეფცია და მეთოდოლოგია პარლამენტის საქმიანობაში გენდერული გავლენის ანალიზის (GIA) ინტეგრირებისათვის;
- საბჭო მუშაობდა მარტოხელა მშობლის სტატუსის შეცვლის საკითხთან და „გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონში ცვლილებების საკითხებზე.
გამოწვევები
- გაუქმდა გენდერული კვოტორების წესი, რაც ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მიმართულებით მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენდა;
- აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებზე საბჭოს ზედამხედველობა არ განხორციელებულა. მთავრობა დადგენილ ვადაში არ წარუდგენდა საბჭოს ანგარიშებს;
- საბჭოს სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებდა დროში ეფექტურად განსახორციელებელ ამბიციურ ვალდებულებებს, მათ შორის, საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას; გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაში აქტივობებისთვის გათვალისწინებული ინდიკატორები და შესრულების ვადები ზოგადი ხასიათის იყო;
- საბჭოში არ შექმნილა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფი, რაც უზრუნველყოფდა საბჭოს საქმიანობაში ექსპერტების ინტენსიურ ჩართულობას;
- არ ხორციელდებოდა კანონდებლობის გენდერული ანალიზი, ისევე როგორც ბიუჯეტის გენდერული ანალიზი.
რეკომენდაციები კანონმდებლობის გაუმჯობესების მიმართულებით:
- გენდერული თანასწორის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობა სრულად მოვიდეს შესაბამისობაში “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან” (სტამბოლის კონვენცია). აუცილებელია, რომ სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოვიდეს სქესობრივი დანაშაულები, მათ შორის გაუპატიურების დეფინიცია;
- უნდა გაგრძელდეს განხილვა და მხარდაჭერილ იქნეს არასრულწლოვნების მიმართ სქესობრივი დანაშაულების შესახებ ცვლილებები;
- მნიშვნელოვანია დროულად შემუშავდეს კანონპროექტი, რომელიც, სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდს სპეციალური ნორმით დაარეგულირებს;
- მნიშვნელოვან ინიციატივებზე კომიტეტების ჩართულობით უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის გენდერული ზეგავლენის ანალიზი (GIA);
- ბიუჯეტის პროექტის გენდერული ანალიზი ყოველწლიურად უნდა ხორციელდებოდეს.
რეკომენდაციები გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით:
- გენდერული თანასწორობის საბჭომ სრულფასოვნად უნდა შეასრულოს მისი უფლებამოსილებები, როგორც გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსაზღვრისას, ასევე საკანონმდებლო პროცესში ჩართულობისა და საზედამხედველო ფუნქციის შესრულების მიმართულებით;
- საბჭო თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე უნდა ასრულებდეს მთავარ მიზანს და ხელს უნდა უწყობდეს გენდერული თანასწორობის მიღწევას პრაქტიკაში, კანონმდებლობის გაუმჯობესებას და ეფექტურად უნდა რეაგირებდეს მნიშვნელოვან მოვლენებსა და მოქალაქეთა განცხადებებზე;
- საბჭომ უნდა გააძლიეროს აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა, დაიბაროს უფლებამოსილი პირები სხდომებზე, გასცეს რეკომენდაციები და აკონტროლოს მათი შესრულება;
- დეპუტატები უნდა ესწრებოდნენ საბჭოს სხდომებს და ახორციელებდნენ კანონით დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს;
- ანგარიშვალდებული პირები პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას და საბჭოს დროულად წარუდგენდნენ ანგარიშებს;
- საბჭო ეფექტურად და პერიოდულად უნდა აკონტროლებდეს თემატური მოკვლევის ჯგუფების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას;
- საბჭოს საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე. საბჭოს განცხადებები უნდა ქვეყნდებოდეს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.