მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები ანტიკორუფციულ სისტემაში ძირეული ცვლილების საჭიროებაზე მიუთითებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები ანტიკორუფციულ სისტემაში ძირეული ცვლილების საჭიროებაზე მიუთითებს

14 სექტემბერი, 2018

 

კორუფციის სავარაუდო შემთხვევების შესახებ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციაზე საგამოძიებო სტრუქტურების რეაგირება ნელი, გაუმჭვირვალე და არაეფექტური იყო, რაც საქართველოში ანტიკორუფციული სისტემის რეფორმირების საჭიროებაზე  მიუთითებს. 

კორუფციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, სავარაუდოდ, ტელეკომპანია “იბერიისა” და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს შორის გავრცელებული  საუბრის ფარული ჩანაწერები, სადაც საუბარია ბიზნესისთვის საგადასახადო პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო “კონტრიბუციაზე”.

12 სექტემბერს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა თანამდებობიდან გადადგნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, ზუგდიდის მერსა და ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას შორის სავარაუდოდ ქრთამის სანაცვლოდ ქონების გადაცემაზეა საუბარი.

ამ შემთხვევებს წინ უსწრებდა 2018 წლის ივლისში მოულოდნელი  სამთავრობო ცვლილებები, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამდებობები დატოვეს. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე (რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა უფრო ადრე, 2018 წლის 30 მარტს დატოვა) გამოკითხვაზე დაიბარეს. თუმცა, საზოგადოებისთვის ეს ამბავი მხოლოდ მათ მიერ პოსტების დატოვების შემდეგ გახდა ცნობილი.

აღნიშნული შემთხვევები იმის დასტურია, რომ საქართველოში დღეს მაღალია კორუფციის რისკი ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთქმედების პროცესში. სახელმწიფოს კი დანაშაულის პრეცენციისა და მასზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები არ აქვს. 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პოსტზე კანდიდატად დასახელებისას, ანტიკორუფციულ სისტემაში ცვლილებები ახალი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაასახელა. მან ახალი ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნაზე ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროსაც, თუმცა მთავრობას დღემდე არ გადაუდგამს პრაქტიკული ნაბიჯები ამ მიმართულებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში არსებობის გამო, ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობა არ შეესაბამება გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს და კორუფციული დანაშაულების გამოძიების პროცესზეც ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა. აუცილებელია კორუფციული დანაშაულის გამოძიებასა და პრევენციაზე პასუხისმგებელი უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოეყოს, რაზეც  საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც საუბრობენ. ასეთი უწყება ცალკე, დამოუკიდებელ ინსტიტუტად უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და ექნება სათანადო ინსტიტუციური, ფინანსური და ადამიანური რესურსი.

 

განცხადება მომზადდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით

 

print