ქვეყანაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობა საშიში ხდება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ქვეყანაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობა საშიში ხდება

09 აპრილი, 2021

 

საგანგაშო ტენდენციის სახე მიიღო მედიის წარმომადგენლებზე და ამ შემთხვევაში, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებმა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს იმოქმედონ კანონის ფარგლებში, სასწრაფოდ გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტები და საზოგადოებას დროულად აცნობონ გამოძიების შედეგები.

ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადებით, 9 აპრილს, ორ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ღამის სამ საათზე, კომენდანტის საათის დროს დააზიანეს ტელევიზიის მძღოლის ავტომობილი, რომელზეც მაუწყებლის ლოგო იყო განთავსებული. ჩამსხვრეულია მანქანის მინები, თუმცა ავტომობილიდან ნივთები არ არის მოპარული. მეორე ინციდენტის შემთხვევაში კი ნაცემია ასევე „ფორმულას“ მძღოლი, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები  აღენიშნება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმისა. მიმდინარე წლის 25 თებერვალს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეწამყვან ვახო სანაიას, რომელიც ამ ფაქტს, მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

ტელეკომპანია „ფორმულასთან“ დაკავშირებული მორიგი ინციდენტები ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად რთული და საშიში გახდა მედიისათვის მუშაობა ქვეყანაში არსებული მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში. ფაქტია, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. მმართველი პარტიის აგრესიული რიტორიკა კრიტიკული აზრის მიმართ, პროოპოზიციური მედიის მფლობელებისა თუ მენეჯერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ჩარევის თუ თავდასხმის გამოუძიებელი ფაქტები, ცალსახად ახალისებს ქვეყანაში ძალადობას მედიის წარმომადგენლების და ზოგადად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად გამოიძიონ მედიის თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ინციდენტები. მნიშვნელოვანია, რომ მმართველმა პარტიამ რადიკალურად შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულება განსხვავებული აზრის და ზოგადად კრიტიკული მედიის მიმართ.