ENG

კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში

05 ივლისი, 2018

 

კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის კვლევა საქართველოში პირველად მომზადდა და მასში წარმოდგენილი მიგნებები 2018 წლის აპრილისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.

 სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორებია: (ა) მართლმსაჯულების ადმინისტრირებაზე არასათანადო გავლენა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ და (ბ) სასამართლო ხელისუფლების სისტემური პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია ხარვეზიანი კანონმდებლობით და  რომელთა გამოსწორებაც არ მოხერხდა სასამართლო სისტემაში და მის გარეთ არსებული წინააღმდეგობის გამო.

 კერძოდ:

●        არსებული კანონმდებლობა, მათ შორის, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს და მათ კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. არსებული ხარვეზიანი კანონმდებლობა ზრდის სისტემაში კორუფციის რისკებს და ძალთა კონცენტრაციას მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ხელში ახდენს, რის შედეგადაც გადაწყვეტილებების მიღება დახურულ კარს მიღმა, არაფორმალური მოლაპარაკებების შედეგად არის შესაძლებელი.

●        მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ხარვეზიანი წესი ზრდის ინტერესთა კონფლიქტისა და ქრონიზმის რისკებს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გააჩნია გაუმართლებლად  ფართო დისკრეცია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში, რის შედეგადაც მოსამართლეები დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე ინიშნებოდნენ.  შედეგად  თანამდებობაზე სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით გადაინიშნა, ლევან მურუსიძე, ხოლო უვადოდ დაინიშნენ: მანუჩარ კაპანაძე (სულხან მოლაშვილის საქმე), გიორგი გოგინაშვილი (სერგო თეთრაძის საქმე) და სხვა ისეთი მოსამართლეები, რომელთა მიერ წარსულში განხილული საქმეები არადამაკმაყოფილებელ პროფესიულ რეპუტაციაზე მიუთითებდა.

●        სასამართლოში არსებობენ გავლენიანი მოსამართლეები, რომლებიც ძირითადად საბჭოში ერთიანდებიან და აქვთ მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენის სხვადასხვა ბერკეტი. მათ შორის: მოსამართლეთა დისციპლინირების, დანიშვნის/გათავისუფლების, დაწინაურების, დანამატების განსაზღვრისა და სასამართლოს თავმჯომარეების დანიშვნის მექანიზმები, რაც ხშირად, მოსამართლეთა ამ გავლენიანი ჯგუფის მიერ, შერჩევითად გამოიყენება. აღნიშნული ბერკეტები ქმნის მოსამართლეებზე არასათანადო ზემოქმედების საფრთხეებს, რაც, თავის მხრივ, ზრდის კორუფციის რისკებს. სასამართლოში ასეთ გავლენიან მოსამართლებად მიიჩნევიან: მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია, ლევან მურუსიძე, გიორგი მიქაუტაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, ლევან თევზაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, შოთა გეწაძე, დავით მამისეიშვილი.

●        მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გავლენიანი მოსამართლეების მიერ სისტემაში განსხვავებული აზრის დევნა. ამის მაგალითია, ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის” წევრების სისტემიდან თანდათანობით განდევნა. თავდაპირველად ასოციაცია 50-მდე მოქმედ მოსამართლეს აერთიანებდა, დღეის მდგომარეობით, მასში, არცერთი მოქმედი მოსამართლე წევრი აღარ ირიცხება - მოსამართლეების ნაწილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ  თანამდებობაზე აღარ გადაინიშნა, ხოლო ნაწილმა საკუთარი ინიციატივით დატოვა ასოციაცია. განსხვავებული აზრის მიუღებლობის მაგალითია ასევე მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებები.

●        სასამართლოსადმი უნდობლობას ასევე აძლიერებს ისიც, რომ წლების განმავლობაში სასამართლოებისა და კოლეგია/პალატების თავმჯდომარეების პოზიციები უკავია მოსამართლეთა ერთი და იგივე მცირე ჯგუფს, რომლებიც დანარჩენი მოსამართლეების უფროსებად აღიქმებიან. ეს მოსამართლეები გავლენიან მოსამართლეებად მიიჩნევიან სისტემაში.

●        არ არსებობს სასამართლოში კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანი სისტემა. რეაგირების გარეშე რჩება, როგორც დანაშაულის შესაძლო შემთხვევები, ასევე შესაძლო დისციპლინური გადაცდომები. მაგალითად, ე.წ. „ტესტების საქმის” გამოძიება 2016 წელს დაიწყო,  თუმცა გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის კვლავაც უცნობია. ასევე საბჭოს მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის - ვალერიან ცერცვაძის მიერ სასამართლოს რესურსების უკანონოდ გამოყენების ფაქტი. საქმესთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2016 წელს დისციპლინური საჩივრით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს,  თუმცა საბჭოს მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

●        პროფესიულ წრეებში არსებობს მკაფიო მოსაზრებები, რომ სასამართლოში კორუფციული გარიგებები ხორციელდება. განსაკუთრებით საგანგაშოა კვლევის ფარგლებში რიგი ადვოკატების მიერ გამოთქმული პრეტენზიები საქმეთა კორუფციული გარიგებების გზით გადაწყვეტის შესახებ. პროფესიულ წრეებში საუბრობენ, რომ სასურველი შედეგის მისაღებად საქმე უნდა „დალაგდეს” გავლენიან მოსამართლეებთან , რომლებსაც სისტემაში „ბოსებად” მოიხსენიებენ.

●        საქართველოში სასამართლო სისტემის პრობლემურ მდგომარეობაზე საუბრობენ ასევე ბიზნეს ასოციაციები, მათ შორის მნიშვნელოვანი ინვესტორები. მათ მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე ეფექტიანი რეაგირება არ ხდება, რაც, მათ შორის, მნიშვნელოვნად აზიანებს საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში. ასეთ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ „ფილიპ მორისის” საქმე. აღნიშნული საქმე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც” შეისწავლა, სადაც საფუძვლიანი კითხვები გაჩნდა საქმის ობიექტურ განხილვასა და სასამართლოს მიუკერძოებულობასთან დაკავშირებით.

●        საზოგადოების ნდობა ვერ დაიმსახურა სასამართლოს მიერ პოლიტიკურად სენსიტიური საქმეების განხილვამ. გარკვეული ეჭვები გაჩნდა პოლიტიკურად მოტივიებული გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე. მაგალითად ასეთი ეჭვები წარმოიშვა ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ისა და ე.წ. „კაბელების საქმის” განხილვების დროს.

პრობლემების მოგვარების მიზნით, მნიშვნელოვანია:

●        საგამოძიებო ორგანოებმა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოახდინონ ეფექტიანი რეაგირება სასამართლოში კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე, ხოლო სასამართლო სისტემასთან და მის მოხელეებთან დაკავშირებული ყველა მიმდინარე გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს.

●        მიღებულ იქნას საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეამცირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადამეტებულ უფლებამოსილებებს. კანონით გარანტირებული უნდა იყოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციური და ფუნქციონალური დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, საბჭოს არ უნდა ჰქონდეს სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნის უფლებამოსილება- თავმჯდომარეები  თავად მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ. 

●        სასამართლოების თავმჯდომარეებს უნდა ჩამოერთვას ის უფლებამოსილებები, რომლებიც მათ საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემაზე მანიპულირების შესაძლებლობას აძლევთ. მათ შორის, თავმჯდომარეებს უნდა ჩამოერთვათ უფლებამოსილება, ერთპიროვნულად განსაზღვრონ ვიწრო სპეციალიზაციის შემადგენლობა სასამართლო კოლეგიებში, რაც საქმეთა განაწილების მოქმედი წესის მიზნების საპირისპიროდ, საქმეთა განაწილებაში არასათანადო ჩარევის სერიოზულ რისკებს შეიცავს.

●     უნდა გაძლიერდეს მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების მექანიზმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის დამოუკიდებლობის გარანტიები მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის  არსებული ფართო და ბუნდოვანი საფუძვლები უნდა დაკონკრეტდეს და შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.

იმედს ვიტოვებთ, რომ კვლევის შედეგად გაკეთებული მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისიწნებული იქნება საბჭოს წევრების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ. 

კვლევის მეთოდოლოგია: წინამდებარე კვლევაში მოცემული ძირითადი მიგნებებისასამართლო სისტემის მდგომარეობის სიღრმისეული კვლევის შედეგად გაკეთდა, რაც მოიცავს არსებული კანონმდებლობის დეტალურ ანალიზს, ბოლო წლების რამდენიმე გახმაურებული საქმის შესწავლას, ჩაღრმავებულ ინტერვიუებს სამართლის სფეროს სპეციალისტებთან და საზოგადოებრივი აზრის მონაცემების ანალიზს. ამასთან კვლევაში განხორციელებული მიგნებები არ ეყრდნობა ანგარიშში მოცემულ ინტერვიუებს და ისინი მხოლოდ და მხოლოდ  პროფესიულ წრეებში არსებული განწყობების დემონსტრირებას ისახავს მიზნად.

 

პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”. შესაძლოა ის არ ასახავდეს ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხედულებებს.