„ქართული ოცნების” ფინანსური მხარდაჭერა სამშენებლო ნებართვების სანაცვლოდ ძმები დუმბაძეებისგან და მათი ბიზნესპარტნიორებისგან - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„ქართული ოცნების” ფინანსური მხარდაჭერა სამშენებლო ნებართვების სანაცვლოდ ძმები დუმბაძეებისგან და მათი ბიზნესპარტნიორებისგან

26 სექტემბერი, 2024

ბათუმში, სამშენებლო ბიზნესში ჩართული ძმების, ზებურ და ზურაბ დუმბაძეებისგან და მათი ბიზნესპარტნიორებისგან „ქართულმა ოცნებამ” შემოწირულების სახით, 2020-2024 წლებში, 965,000 ათასი ლარი მიიღო, მათ შორის 230,000 ლარი - მხოლოდ 2024 წელს. ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბოლო წლებში 6 სამშენებლო ნებართვა მიიღეს, რაც საერთო ჯამში ბათუმში 75,456 კვადრატული მეტრის მშენებლობას ითვალისწინებს. 

დუმბაძეებთან დაკავშირებული სამშენებლო კომპანიები 

მმართველი პარტიის მსხვილი შემწირველი ძმები: ზურაბ და ზებურ დუმბაძეები სხვადასხვა სექტორში ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. ისინი, პარტნიორებთან ერთად, 22 ბიზნეს სუბიექტის საქმიანობაში მონაწილეობენ, ფლობენ წილებს და ხელმძღვანელობენ მათ. მათ შორის 5 სამშენებლო კომპანიაა. ამ სამშენებლო კომპანიებს 6 სამშენებლო ნებართვა აქვთ აღებული, რის საფუძველზეც დუმბაძეები ბათუმში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს აშენებენ, რომელთა ჯამური ფართი 75,456 კვადრატული მეტრია, კერძოდ:

 

„ქართული ოცნების” შემოწირულებები

ზებურ და ზურაბ დუმბაძეებმა და მათმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართულ ოცნებას” შეწირეს 965,000 ათასი ლარი, მათ შორის 230,000 ლარი - 2024 წელს. 

კვადრატული მიწის ფართობი 40 თეთრად - დუმბაძეების და მათი პარტნიორების კიდევ ერთი მსხვილი პროექტი აჭარაში 

ზურაბ დუმბაძესა და მის კიდევ ერთ პარტნიორს, მუხრან ბაგრატიონს ეკუთვნის კომპანია „აჭარა აგროჯგუფი“, რომელმაც ელექტრონული აუქციონის გზით 2022 წლის 3 მაისს, ქობულეთში, დაბა ოჩხამურში 223,287 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები 25-წლიანი იჯარით მიიღო. მეიჯარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრია”, რომელსაც, ხელშეკრულების თანახმად, კომპამიამ იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის თითოეულ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 40 თეთრი უნდა გადაუხადოს (ჯამში იჯარის წლიური ღირებულება 90,443 ლარია). 

აჭარის მთავრობამ მიწის იგივე ნაკვეთი რამდენიმე თვით ადრე აუქციონზე გაყიდა 415,143 ლარად, თუმცა აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულება არ გააფორმა. ამის შემდეგ აღნიშნული ტერიტორიის იჯარით გასაცემად მეორე აუქციონი გამოაცხადეს და გამარჯვებულ კომპანიას თითქმის მეხუთედ ფასად გადასცეს იგი.

“აჭარა აგროჯგუფს”, ხელშეკრულების პირობების თანახმად, 1 წლის ვადაში ტერიტორიაზე 500,000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, გაეშენებინა მრავალწლიანი ნარგავები. ორგანიზაციის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, „აჭარა აგროჯგუფმა” ლურჯი მოცვის პლანტაციების გასაშენებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოდან 156,000 ლარის დაფინანსება, იაფი აგრო კრედიტის პროგრამიდან, ასევე, ფინანსური მხარდაჭერა, ქობულეთის მერიიდან კი - წყლის რესურსების გამოყენების ნებართვა მიიღო

დუმბაძეების მსგავსად, „აჭარა აგროჯგუფში” მისი პარტნიორი, მუხრან ბაგრატიონი შვილებთან, თეონა და ლაშა ბაგრატიონებთან ერთად, „ქართული ოცნების” აქტიური შემწირველები არიან: სამივემ ჯამში მმართველ პარტიას 2020-2024 წლებში 870,000 ლარი შეწირა, მათ შორის, 180,000 ლარი - 2024 წელს.

 

print