ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

22 ნოემბერი, 2024

26 ოქტომბრის არჩევნები მოქალაქეთა დაშინების, იძულების, ტოტალური კონტროლის, ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის, ძალადობისა და მოსყიდვის დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით ჩატარდა.  “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები გააყალბა. შედეგი, რომელიც ცესკომ გამოაცხადა, არ ასახავს მოქალაქეების ნებას.  ეს არ იყო არჩევნები, რადგან არ იყო ფარული,  თავისუფალი და სამართლიანი.

ამ ვითარებაში გვესმის, რომ საზოგადოებაში შესაძლოა ბევრი იმედგაცრუებულია,  თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ რას მივაღწიეთ ამ დრომდე:

  • სადამკვირვებლო მისიებმა და სამოქალაქო დამკვირვებლებმა შეძლეს მტკიცებულებების მოპოვება. ჩვენ ვიდავეთ საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოში და გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას. ამ პროცესში მოხდა საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოს ხელისუფლების რეალური სახის კიდევ ერთხელ წარმოჩენა. სწორედ ის ფაქტი, რომ არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა ამ არჩევნების ლეგიტიმაციას დამატებით კითხვის ნიშნებს სძენს.

  • რომ არა მოქალაქეების მობილიზაცია და მაღალი აქტიურობა არჩევნების დღეს,  რომლებმაც საკუთარი სამსახურის, სოციალური დახმარების, უსაფრთხოების დაკარგვის რისკის ფასად საქართველოს ევროპულ მომავალს მისცეს ხმა,  ხელისუფლება უფრო მეტ ხმას გააყალბებდა და დაანონსებულ საკონსტიტუციო უმრავლესობას “გაიფორმებდნენ”. ამიტომ, ჩვენ აქტიურობას და არჩევნებში მონაწილეობას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა.

  • რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში ვერ გაიმარჯვეს პრორუსულმა ძალებმა. ეს ყველაზე კარგად უწყის “ქართულმა ოცნებამ”. უპრეცედენტო დეზინფორმაციის, ზეწოლისა და კონტროლის მიუხედავად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აირჩია საქართველოს ევროპული გზა და უარი უთხრა საქართველოს რუსეთში ინტეგრაციას.

  • “ქართული ოცნება” ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას ვერც საერთაშორისო პარტნიორების და ვერც საკუთარ მოქალაქეების თვალში ახერხებს. ყოველივე ეს სწორედ სამოქალაქო დაკვირვების და მედიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დამსახურებაა. “ქართულმა ოცნებამ” “გამარჯვებაც” კი ვერ იზეიმა.

  • დემოკრატიულ სამყაროს “ქართული ოცნებისთვის” გამარჯვება არ მიულოცავს. ისინი არ აღიარებენ არჩევნებს, როგორც თავისუფალსა და სამართლიანს.

  • არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში დაიწყო სხვადასხვა ჯგუფებს შორის კოორდინაციის პროცესები. მოხდა შეთანხმება საერთო მოთხოვნაზე, კერძოდ, დაინიშნოს ხელახალი თავისუფალი არჩევნები.

რა უნდა გავაკეთოთ:

  1. ჩვენი ყველას მიზანი ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მიღწევაა. ამ მიზანზე შეთანხმება აუცილებელია საზოგადოების ყველა ჯგუფს შორის.

  2. ძალაუფლებაში მყოფმა “ქართულმა ოცნებამ” ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით. ამისთვის საჭიროა შეურიგებლობა მოპარული არჩევნების შედეგებთან, “ე.წ. ხელისუფლებასთან” თანამშრომლობაზე უარის თქმა ყველა ფორმატში.

  3. უნდა მოხდეს საერთაშორისო იზოლაცია იმ პოლიტიკური ძალის, რომელმაც ხელისუფლება კრიმინალის გზით მოიპოვა; ამისთვის უნდა გაგრძელდეს მუშაობა საერთაშორისო არაღიარების შესანარჩუნებლად და გასამტკიცებლად.

  4. სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოვხატავთ მზადყოფნას ევროკავშირის ტექნიკურ მისიას მივაწოდოთ საარჩევნო დარღვევების დოკუმენტირებული მტკიცებულებები, შევახვედროთ მოწმეები.

  5. საერთაშორისო საზოგადოებას მნიშვნელოვანია ეცნობოს იმ პირთა ვინაობა, ვინც ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებებს ასრულებდა არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო საზოგადოებამ კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს იმ პირთა წინააღმდეგ ვინც ივანიშვილს არჩევნების გაყალბებასა და გაყალბების სქემების განხორციელებაში ეხმარებოდა.

  6. აუცილებელია ოპოზიციური ძალების ქმედებების კოორდინაცია და ერთიანი მოთხოვნის კომუნიკაცია არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის და ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან.

  7. ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას, არ უნდა მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში. არც ერთი ოპოზიციზიური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში.

  8. მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტთან კოორდინაცია. პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის გააგრძელებს საკუთარი კონტაქტების გამოყენებით საერთაშორისო ზეწოლის და მოთხოვნების გასაძლიერებლად. მივესალმებით 18 ნოემბერს პრეზიდენტის მხრიდან მოვლენების განვითარების საკუთარი ხედვის წარმოდგენას.

  9. აუცილებელია საზოგადოების აქტიურობა და მობილიზაცია. მშვიდობიანი მასობრივი მობილიზაცია და პროტესტების მოთხოვნები მიმართული უნდა იყოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ; მოქალაქეებო, ჩვენი სამომედო გეგმა არის ამ საპროტესტო აქციებზე დგომა. ეს არის ყველაზე დიდი საქმე, რასაც გავაკეთებთ. ხალხს დანაშაულებრივად წაგვართვეს ძალაუფლება, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ კონსტიტუციური უფლებები, აღვადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი.

უნდა გვახსოვდეს ის, რომ როგორიც იქნება საქართველოს მოქალაქეების შეურიგებლობა მიტაცებული არჩევნების მიმართ, ისეთივე იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება. არავინ იბრძოლებს ჩვენს ნაცვლად, მაგრამ ისინი იდგებიან ჩვენს გვერდით, თუ ჩვენ არ შევეგუებით მიტაცებულ არჩევნებს და მოპარულ ევროპულ მომავალს. მხოლოდ საერთო ეროვნული შეურიგებლობა და კოორდინაცია ყველა ჯგუფს შორის არის გზა, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ხელახალ არჩევნებამდე. და ამას ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ჩვენი ერთიანობით, შეურიგებლობით და სამართლიანი პროტესტით!

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

  2. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

  3. საქართველოს ევროპული ორბიტა

  4. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

  5. პრევენცია პროგრესისთვის

  6. დაქალი

  7. საფარი

  8. საეას იმერეთის წარმომადგენლობა

  9. დემოკრატიის მცველები

  10. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

  11. ყვარლის ევროკლუბი

  12. ღია სივრცე კავკასია

  13. სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი

  14. პროაქტივ ჯგუფი საქართველო

  15. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

  16. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

  17. ადამიანის უფლებათა ცენტრი

  18.  ევროპის ფონდი

  19. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT

  20. პროგრესის სახლი

print