კანონთან შეუსაბამო პოლიტიკური რეკლამები ტელეკომპანია „ობიექტივზე”
ბოლო კვირების განმავლობაში ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ტრიალებს პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამები, რაც არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე აკრძალულია და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევად ითვლება.
27 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” დასავლეთ საქართველოში ამომრჩეველთან შეხვედრები გამართა. სწორედ ამ შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ტელეკომპანია „ობიექტივის” მეშვეობით საკმაოდ მაღალი ინტენსივობით გადაიცემოდა ვიდეორგოლები, (მაგალითად: http://www.myvideo.ge/tv/obiektivi/2018-07-02/21:15:40), რომლებშიც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარტიული სიმბოლიკის და საარჩევნო ნომრის ფონზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მოსახლეობას მათთან შეხვედრაზე მოსვლისკენ მოუწოდებს. ამავე ვიდეორგოლებიდან ვიგებთ, რომ პარტია შეხვედრებს მთელი ზაფხულის განმავლობაში გააგრძელებს, რომელთა შესახებაც ინფორმაციას ამომრჩეველს მოგვიანებით მიაწვდის. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამებში არ არის მითითებული წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საჭირო ატრიბუტები (ფასიანი/უფასო პოლიტიკური რეკლამა და საარჩევნო სუბიექტი), ვიდეორგოლები თავიანთი შინაარსით ცალსახად წარმოადგენს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრულ პოლიტიკურ რეკლამას. შესაბამისად, აშკარაა მაუწყებლის ეთერში არასაარჩევნო პერიოდში განთავსებული პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 15 ივნისის N392/18 გადაწყვეტილების თანახმად, აკრძალულია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქმედების გამო გასულ წელს „ობიექტივი” ერთხელ უკვე იქნა გაფრთხილებული კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ.
გარდა ამისა, თუ დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული სარეკლამო შინაარსის ვიდეორგოლები უსასყიდლოდ გადის ტელეკომპანია „ობიექტივის” ეთერში, ადგილი ექნება ტელეკომპანიის მიერ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებას.
მივმართავთ:
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს - შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები;
ტელეკომპანია „ობიექტივსა” და პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” - შემდეგი შეხვედრების შესახებ ამომრჩეველთან ინფორმირების მიზნით აღარ გაუშვან მსგავსი ვიდეორგოლები ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე.
