ENG

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეხუთე ანგარიში

30 მაისი, 2017

მონიტორინგმა გამოავლინა შემდეგი მნიშვნელოვანი შედეგები:

საანგარიშო პერიოდში საბჭოს საქმიანობაში გამოვლინდა არაერთი ხარვეზი - მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, წარმოშობდა ეჭვებს აღნიშნულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობისა და ნეიტრალობის თვალსაზრისით; საბჭოში კვლავ არ არის პლურალისტური გარემო;  მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა კვლავ არაეფექტურია და შეიცავს საფრთხეებს მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის. საანგარიშო პერიოდში პირველად განხორცილდა გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების პროცესის ანალიზი და გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები. ასევე, შენარჩუნდა  სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა და სხვადასხვა სასამართლოებში თავმჯდომარეთა დანიშვნის პროცესში საბჭოს არაერთგვაროვანი მიდგომა.

მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც დაფიქსირდა საბჭოს საქმიანობაში, გამოწვეული იყო როგორც არასათანადო საკანონმდებლო მოწესრიგებით, ისე საბჭოს მიერ რეგულაციებისა და კარგი პრაქტიკის დაუდგენლობით. კერძოდ:

  • წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, საბჭოში რეალური დისკუსიების დეფიციტი გამოიკვეთა. პარლამენტის მიერ დანიშნული არამოსამართლე წევრები და საბჭოს თავმჯდომარე, რომლებიც უფლებამოსილების პირველ პერიოდში გამოირჩეოდნენ მნიშვნელოვან საკითხებზე პრინციპული პოზიციებით, საანგარიშო პერიოდში კვლავაც არ აფისირებდნენ საბჭოს მოსამართლე წევრების/მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისაგან განსხვავებულ პოზიციებს. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე განსხვავებული პოზიცია მხოლოდ პრეზიდენტის კვოტით დანიშნული საბჭოს წევრის მხრიდან იქნა გაჟღერებული;
  • კვლავ დაბალია საბჭოს სხდომების გამჭვირვალობის ხარისხი - მედიასაშუალებებს, ძირითადად,  მხოლოდ სხდომის გახსნის გადაღების უფლება ეძლეოდათ; კვლავ პრობლემად გამოიკვეთა საბჭოს სხდომების შესახებ ინფორმაციის წინასწარი და დროული გამოქვეყნება. სხდომის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, ყოველთვის არ ხდებოდა დღის წესრიგის გამოქვეყნება. ამასთან, ხშირად, დღის წესრიგში მოცემული საკითხების ფორმულირება არ იძლეოდა ამომწურავ ინფორმაციას სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ; ორ შემთხვევაში საბჭომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება სხდომების დახურვის შესახებ;   
  • მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსები ტოვებდა კონკურსის პროცესისადმი საბჭოს მხოლოდ ფორმალური მიდგომის შთაბეჭდილებას - ორივე კონკურსი ჩატარდა არაგონივრულად მცირე ვადებში, დადგენილი პროცედურების დარღვევით. მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნის არათანმიმდევრულმა პრაქტიკამ გააჩინა ეჭვები საბჭოს მიერ შერჩევითი მიდგომის გამოყენების თაობაზე. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურულად ჩატარების შემთხვევები;
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სკოლაში მისაღები კონკურსი მხოლოდ ერთხელ ჩაატარა. აღნიშნული უარყოფითად მოქმედებს მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესზე - იწვევს გამოცხადებულ კონკურსებში ერთი და იმავე კანდიდატების მონაწილეობას და ზღუდავს ახალი სახეების გამოჩენას სასამართლო სისტემაში;
  • სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კანონმდებლობით სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნის კრიტერიუმებისა და პროცედურის დაუდგენლობა. ხარვეზიანი კანონმდებლობა ხელს უწყობს თავმჯდომარეთა დანიშვნის მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას. ამასთან, შენარჩუნებულია თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლებად განუსაზღვრელი ვადით დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა. დაფიქსირდა სხვადასხვა სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნისადმი არაერთგვაროვანი მიდგომები. აღნიშნული პრაქტიკაში ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თავმჯდომარეთა დანიშვნის მექანიზმი საბჭოს მიერ გამოიყენება სასამართლო სისტემაზე, მოსამართლეებზე არასათანადო გავლენის შესანარჩუნებლად;
  • დისციპლინური საჩივრების განხილვის დაყოვნება და წლების წინ შეტანილი საჩივრების განხილვის განახლება სერიოზული საფრთხის შემცველია სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობისთვის;
  • გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის შეფასების  მარეგულირებელი ნორმები და უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი არ შეიცავს მოსამართლის ობიექტური და გამჭვირვალე პროცესით შეფასებისთვის საჭირო გარანტიებს და იძლევა სუბიექტური და თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას;
  • გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების ანგარიშები დაუსაბუთებელია - ანგარიშებში დასკვნები ისეა გაკეთებული, რომ არ იკვეთება რას დაეყრდნო შემფასებელი აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას. ამასთან, რიგ შემთხვევებში, ანგარიშებს წინ არ უძღვის იმ დოკუმენტაციისა თუ სხვა მასალების შესახებ ინფორმაცია რასაც შეიძლება დაყრდნობოდა შემფასებელი.

მონიტორინგის შედეგად წარდგინილ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენ მიერ განხორციელების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება საბჭოს წევრების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მიერ. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლავაც გააგრძელებს საბჭოს მონიტორინგს.   

მონიტორინგის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. შეიძლება ის არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.