იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში N7 - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში N7

16 სექტემბერი, 2019

 

                 

თბილისი - 2019 წლის 16 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ წარადგინეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეშვიდე, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში, სადაც შეფასებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის წესისა და პრაქტიკის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა მიმართულებებით. 

მონიტორინგმა შემდეგი მნიშვნელოვანი შედეგები გამოავლინა :

საბჭომ ვერ უზრუნველყო სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის” სათანადოდ განხორციელება პრაქტიკაში.ამ ნოვაციამ არსებითად ვერ აღმოფხვრა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში თავად შეიტანა წვლილი მათ გაღრმავებაში. არსებული ნორმატიული ჩარჩო არსებითად ხელს უწყობს და აძლიერებს მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს. მოსამართლეები თანამდებობაზე დაინიშნენ იმავე ხარვეზებით, რომელთა აღმოფხვრასაც რეფორმა ისახავდა მიზნად.  საბჭოს შემადგენლობაში რჩება აზრთა პლურალიზმის და კრიტიკული აზრის აშკარა მიუღებლობის პრობლემა, რაც ხელს უშლის საბჭოს სხდომებზე საგნობრივ მსჯელობას და გადაწყვეტილებების დასაბუთებას. მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა კვლავ არაეფექტურია, რაც შეიცავს საფრთხეს მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის. შენარჩუნდა სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა. კანონმდებლობა ხასიათდება ისეთი ხარვეზებით, რაც საბჭოს დაუსაბუთებელი და სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების ფართო შესაძლებლობას უტოვებს. კერძოდ:

  • კლანი უმთავრესად დანიშვნა/გათავისუფლების მექანიზმების მეშვეობით სხვა მოსამართლეებზე ახდენს გავლენას და უქვემდებარებს მათ საკუთარ მიზნებს.  მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ხარვეზიანი კანონმდებლობა საბჭოს აძლევს შესაძლებლობას  პროცესი არაობიექტურად და გაუმჭვირვალედ წარმართოს: მოსამართლის დანიშვნის კენჭისყრის წესით გადაწყვეტა  შესაძლებელს ხდის, რომ  საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება  შეფასების შედეგების გათვალისწინების გარეშე მიიღონ. ამასთან: კანდიდატებისთვის, რომლებიც კენჭისყრის ეტაპზე არ დაიშვებიან, არ არის გათვალისწინებული გასაჩივრების  მექანიზმი; არ არის დადგენილი მოსამართლეთა შეფასების დასაბუთების ვალდებულება; კანდიდატთან გასაუბრების პროცესი არ არის ფორმალიზებული, რაც გასაუბრების ეტაპზე იძლევა თვითნებობის ფართო შესაძლებლობას; პრობლემურია საბჭოს მიერ დადგენილი გასაუბრებების დახურულ ფორმატში ჩატარების წესი;  
  • კონკურსი ინტერესთა კონფლიქტის პირობებში მიმდინარეობდა. კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, საბჭოს წევრები მონაწილეობენ კონკურენტი კანდიდატების გასაუბრების პროცესში, წვდომა აქვთ კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების შედეგად საბჭოში არსებულ კონფიდენციალურ დოკუმენტებთან. ეს კონკურსში მონაწილე საბჭოს წევრებს, დანარჩენ კანდიდატებთან მიმართებით, არასამართლიან და უთანასწორო პირობებში აყენებს;
  • საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების უფლებამოსილება საბჭოს აძლევს შესაძლებლობას, სრულად გააკონტროლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი, ვინაიდან საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება, ისევე, როგორც სკოლაში მსმენელთა მიღება და, საბოლოოდ, მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესება მთლიანად საბჭოს ხელშია. აღნიშნული საბჭოს აძლევს ფართო ძალაუფლებას და შესაძლებლობას, არასათანადო გავლენა მოახდინოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესზე.
  • საბჭო სასამართლოს/კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეებს შესაბამისი კრიტერიუმებისა და პროცედურების გარეშე, უმეტესად უკონკურენტო გარემოში ნიშნავს. კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს ფორმალური ხასიათი აქვს და ტოვებს განცდას, რომ კონკრეტული კანდიდატების დანიშვნა წინასწარ იყო გადაწყვეტილი; კვლავ პრობლემურია თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის მექანიზმის დაურეგულირებლობა, რაც შესაძლებლობას იძლევა, ეს უფლებამოსილება კონკრეტულ პირს განუსაზღვრელი ვადით და გაურკვეველი საფუძვლებით დაეკისროს.
  • ინსპექტორის დანიშვნისა და გათავისუფლებისთვის საკმარისია საბჭოს ხმების აბსოლუტური უმრავლესობა. ეს შესაძლებლობას აძლევს მოსამართლე წევრებს, თანამდებობაზე მათთვის მისაღები წევრი გაიყვანონ და მაშინვე გაათავისუფლონ, როგორც კი მათი კონტროლიდან გავა, მით უფრო იმ პირობებში, როცა მისი გადაყენებისთვის მხოლოდ ზოგადი და მანიპულირებადი საფუძვლებია დადგენილი;
  • მიუხედავად, განხორცილებული პოზიტიური ცვლილებებისა არსებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ დისციპლინური საქმისწარმოების მექანიზმები იშვიათად გამოიყენება. კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვა და დისციპლინური სამართალწარმოების გაჭიანურება კვლავ პრობლემაა.  მაღალია დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის მაჩვენებელი.
  • საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა სხდომებისთვის არასათანადოდ მომზადების შემთხვევები. ამ კუთხით მნიშვნელოვან პრობლემებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ საბჭოს წევრებს ხშირად განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტები სხდომამდე დარჩენილ არასამუშაო დღეებში ან პირდაპირ სხდომაზე მიეწოდებოდათ. წინა წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც იყო შემთხვევები, როდესაც საკითხების განხილვა ამ მიზეზით გადაიდო.
  • 2018 წლიდან საბჭო სხდომის ოქმებს მხოლოდ აუდიოჩანაწერის სახით გასცემს, რაც, წინა წლებთან შედარებით (როდესაც ოქმები ვიდეო-აუდიო სახით გაიცემოდა), გამჭვირვალობის ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებაზე მიუთითებს. აუდიო ოქმები ვერ უზრუნველყოფს სხდომის დარბაზში არსებული რეალობის სრულფასოვნად ასახვას.
  • საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის დაბალ ხარისხზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 2018 წელს მოსამართლეობის 34-მა კანდიდატმა გასაუბრების ეტაპი დახურულ ფორმატში გაიარა. სრულებით არაგამჭვირვალედ წარიმართა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების შესარჩევი კონკურსიც.
  • მეშვიდე წელია, მონიტორინგის ჯგუფი მიუთითებს საბჭოს სხდომების საჯაროდ (მედიის საშუალებით) გაშუქების პრობლემაზე. მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდშიც მედია-საშუალებები, ძირითადად, მხოლოდ სხდომის გახსნას იღებდნენ და არ ეძლეოდათ შესაძლებლობა, სრულად გადაეღოთ სხდომის მიმდინარეობა;

მონიტორინგის შედეგად წარდგენილ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები. იმედს ვიტოვებთ, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება საბჭოს წევრების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მიერ. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლავაც გააგრძელებს საბჭოს მონიტორინგს.  

 

                

მონიტორინგის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელიასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო. შეიძლება ის არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ანაღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისშეხედულებებს

 

print