GNCC-ის წევრების დიპლომებთან დაკავშირებით ორი უმაღლესი სასწავლებლის პოზიციის შეცვლა კითხვებს ბადებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

GNCC-ის წევრების დიპლომებთან დაკავშირებით ორი უმაღლესი სასწავლებლის პოზიციის შეცვლა კითხვებს ბადებს

20 თებერვალი, 2018

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ეხმიანება ბოლო პერიოდში მიმდინარე საეჭვო და ნეგატიურ ტენდენციას, რომელიც საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების -  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ პოზიციების შეცვლას უკავშირდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორი წევრის დიპლომების კანონით დადგენილ საგანმანათლებლო საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.  

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა ორი კვლევა, სადაც საუბარი იყო, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის მსგავსად, არც კომისიის კიდევ ერთი წევრის, მერაბ ქათამაძის საგანმანათლებლო ხარისხი უთანაბრდებოდა კანონით დადგენილ საგანმანათლებლო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ორგანიზაციის აღნიშნული დასკვნები  კახა ბექაურის შემთხვევაში, მთლიანად ეფუძნებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ) მიღებულ ოფიციალურ წერილს, ხოლო მერაბ ქათამაძის შემთხვევაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან (სტუ) მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტს.

შესაბამისი ინფორმაცია უნივერსიტეტებიდან “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოითხოვა და ორივე შემთხვევაში დიპლომები პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად, კომისიის წევრების იდენტიფიცირების გარეშე, დაშტრიხული ფორმით მიაწოდა. უმაღლესი სასწავლებლებიდან, ერთგვაროვანი პასუხები მივიღეთ, რომ არც ერთი დიპლომი არ აკმაყოფილებდა თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

თუმცა მას შემდეგ, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ეს ინფორმაცია კონკრეტული კომისიის წევრების მითითებით გაასაჯაროვა, ორივე უნივერსიტეტმა მათი პირველადი ოფიციალური პოზიცია შეცვალა, რაც ძალიან საეჭვო ტენდენციაზე მიუთითებს და ტოვებს შთაბეჭდილებას გარედან შესაძლო ჩარევის შესახებ.

ამ ვითარებაში, 20 თებერვალს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა მერაბ ქათამაძის დიპლომთან დაკავშირებული განცხადება, სადაც მოგვმართავს „დაუყოვნებლივ“ უარვყოთ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც  ეფუძნებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორ, ლ. კლიმიაშვილის ხელმოწერილ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მერაბ ქათამაძისთვის 1981 წელს გაცემული დიპლომი, სპეციალობით “მართვის ავტომატიზებული სისტემები”, ინჟინერ-სისტემოტექინკოსის კვალიფიკაციით (სწავლის პერიოდი 1975-1981) არ უთანაბრდება კომისიის წევრისთვის კანონმდებლობით ჩამოთვლილ (ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის) აკადემიური ხარისხის მოთხოვნებს.  ამ ინფორმაციის გასაბათილებლად კომისია ასაჯაროებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის ხელმოწერილ, 15 თებერვლით დათარიღებულ ახალ წერილს, სადაც პოზიცია შეცვლილია და ნათქვამია, რომ  „მერაბ ქათამაძის დიპლომი, სპეციალობით „მართვის ავტომატიზებული სისტემები“, ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის კვალიფიკაციით უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით“.

კახა ბექაურის შემთხვევაში კი თსუ-ს ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ირინე დარჩია აცხადებს, რომ  “თსუ-ს პოზიცია საკითხის სიღრმისეულად შესწავლის” შემდეგ შეიცვალა და კახა ბექაურის დიპლომი კანონით დადგენილ საგანმანათლებლო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ირინე დარჩია ცოტა ხნით ადრე საპირისპიროს ამტკიცებდა.  

სამწუხაროდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დროის მოკლე პერიოდში შეცვლილი პოზიციები, უარყოფითად მოქმედებს სასწავლებებლების რეპუტაციასა და პროფესიონალიზმზე როგორც ადგილობრივი საზოგადოების, ასევე უცხოელი პარტნიორების თვალში და კითხვებს აჩენს უნივერსიტეტების დამოუკიდებლობისა და მათ საქმიანობაში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, მოვუწოდებთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას საჯაროდ განმარტონ, თუ რატომ კეთდება ერთსა და იმავე დოკუმენტთან დაკავშირებით, დროის მცირე პერიოდში, განსხვავებული განმარტებები.

ასევე მოვუწოდებთ საქართველოს განათლების სამინისტროს დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და შეისწავლოს, თუ რამდენად პროფესიულად და ობიექტურად მოხდა უმაღლესი სასწავლებლების მიერ კომისიის წევრების დიპლომების შესწავლა; რამ განაპირობა მათი პოზიციების დროის მცირე მონაკვეთში ცვლილება და ადგილი ხომ არ ჰქონდა მათ საქმიანობაში ჩარევას პოზიციის შესაძლო შეცვლის მიზნით.

print