ENG

"საერთაშორისო გამჭვირვალობა” 2009 წლის "გლობალური კორუფციის ბარომეტრის” შედეგებს აქვეყნებს

20 ივლისი, 2010
• 2005 და 2007 წლების მსგავსად, 2009 წელს გამოკითხულმა საქართველოს მოქალაქეებმა დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ყველაზე ნაკლები ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ გამოხატეს • ზოგადად, ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯები გამოკითხულთა 57%-მა დადებითად შეაფასა სასწრაფოდ გავრცელებისთვის: 3 ივნისი, 2009 წ. თბილისი, საქართველო – დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბერლინის ოფისმა(სამდივნომ) საერთაშორისო კვლევის – „გლობალური კორუფციის ბარომეტრის” – 2009 წლის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა 69 ქვეყანაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა თხუთმეტ წელს გადაცილებულმა 73 132-მა რესპონდენტმა მიიღო. „გლობალური კორფუციის ბარომეტრის” მიზანია განსაზღვროს, (ა) მოქალაქეების შეფასებით, მათ ქვეყნებში რამდენად გავრცელებულია კორუფცია ისეთ მნიშნელოვან სფეროებში, როგორიცაა სასამართლო, მედია, პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები, საჯარო სამსახური და კერძო სექტორი, (ბ) როგორ აფასებენ ისინი ხელისუფლების მიერ წარმოებულ ანტიკორუფციულ კამპანიას, (გ) რამდენად ხშირად უწევთ ქრთამის გადახდა და (დ) რამდენად არიან მზად, რომ პროდუქცია შედარებით მეტ ფასად იმ კომპანიებისგან შეიძინონ, რომლებიც გამჭვირვალე და სუფთა ბიზნესს ეწევა. „გლობალური კორუფციის ბარომეტრი” საქართველოში საქართველოს მოქალაქეების აზრით, საქართველოში კორუფციის პრობლემა ყველაზე მწვავედ სასამართლო სისტემაში დგას. ეს სისტემა 2005 და 2007 წლებში ჩატარებულ „გლობალური კორუფციის ბარომეტრის” კვლევებშიც ყველაზე პრობლემურად დასახელდა. 2009 წლის მაჩვენებლით საქართველო ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნებს შორის ბოლოდან მეხუთე ადგილზე გავიდა. სასამართლოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება მხოლოდ 14%-მა, ხოლო მკვეთრად უარყოფითი – 37%-მა გამოხატა. დანარჩენ სფეროებს შორის ადგილები შემდეგნაირად განაწილდა (ყველაზე კორუმპირებულიდან ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულამდე) : საჯარო სამსახური(ძალიან კორუმპირებული – 21%-ის აზრით), პარლამენტი (16%),პოლიტიკური პარტიები (12%), კერძო სექტორი (9%) და მედია (6%). მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე პრობლემური სფეროს შეფასება ბოლო წლების განმავლობაში არ შეცვლილა, ხელისუფლების ზოგადი ანტიკორუფციული საქმიანობასთან მიმართებაში, 2007 წელთან შედარებით, 2009 წელს საზოგადოების განწყობა უფრო პოზიტიური გახდა. 2007 წელს ხელისუფლების ანტიკორუფციულ ნაბიჯებს ძალიან ან მეტნაკლებად ეფექტურად რესპონდენტთა 34% თვლიდა, 2009 წელს იგივე მოსაზრება 57%-მა გამოთქვა. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, ჰოლანდიისა და მაკედონიის შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება კვლევის ბოლო ორ საკითხს, 2009 წელს ქრთამის გადახდა გამოკითხულ საქართველოს მოქალაქეთა 2%-ს მოუწია, ხოლო – უფრო გამჭვირვალე და სუფთა ბიზნესის მხარდაჭერისთვის პროდუქციის შედარებით მაღალ ფასში შესყიდვაზე მზადყოფნა 37%-მა გამოთქვა. კვლევაში დასმულ ყველა კითხვაზე ქართველ რესპონდენტთა საკმაოდ დიდი ნაწილი `არ ვიცის” ან `პასუხზე უარს” ირჩევდა. ამ პასუხების სიხშირით საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აღმოჩნდა. `მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებისგან ქრთამის გამოძალვის შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო და რომ ანტიკორუფციული კამპანია საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს, – აღნიშნა `საერთაშორისოგამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა თამუნა ქაროსანიძემ, – თუმცა, სასამართლო ხელისუფლება, რომელსაც მოქალაქეების ნდობა არა აქვს, არა მხოლოდ ანტიკორუფციული კუთხით დღემდე მიღწეულ შედეგებს, არამედ საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივასაც უქმნის სერიოზულ საფრთხეს. სასამართლო სისტემის რეფორმა რეალურად უნდა იქცეს ქყვენის ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად და რეფორმის წარმატება უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუწყობს ის ხელს სასამართლოს მიმართ მოქალაქეების ნდობის განმტკიცებას”.