ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის შეფასება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობას დააკვირდა 2022 წლის 17 ივნისიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, შედეგად კი გამოიკვეთა, რომ საბჭოს საქმიანობას ძირითადად ფორმალური დატვირთვა აქვს, ის არ რეაგირებს პარლამენტის დახურულ უწყებად გადაქცევის საგანგაშო ტენდენციაზე და არ შეაქვს წვლილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში.
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო არ უჭერს მხარს სამოქმედო გეგმებში მნიშვნელოვანი ვალდებულებების შეტანას, არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ მნიშვნელოვან ინიციატივებს. საბჭო არ ახდენს რეაგირებას პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუარესებაზე, მათ შორის, როდესაც დაუსაბუთებლად იზღუდება პარლამენტის შენობაში საშვების დაშვება და წლების განმავლობაში პარლამენტის შესასვლელთან აღმართული იყო რკინის ჯებირი. სამთავრობო დონეზე ღია მმართველობის პროცესი კრიზისულ მდგომარეობაშია, რაზეც საპარლამენტო საბჭოს ასევე არ აქვს რეაგირება.
მე-10 მოწვევის პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს დახურულ და გაუმჭვირვალე უწყებად ქცევის პოლიტიკის განხორციელება აქტიურად დაიწყო. 2022 წელს პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პარლამენტის მონიტორინგს ახორციელებენ, რაც მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა პარლამენტის საქმიანობაზე დაკვირვების პროცესში. 2023 წელს ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის განახლებული რეგულაციები, რომელმაც პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა, რაც თავის მხრივ, აისახება მოსახლეობის ინფორმირების ხარისხზე და საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისათვის. 2023 წელს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმად პარლამენტის ყოფილ წევრს საშვის გარეშე შესვლა აღარ შეუძლია პარლამენტის შენობაში.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პარლამენტის გამჭვირვალე საქმიანობა. თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვისას, რომელიც მაგალითად ე.წ. “რუსული კანონი” იყო, პარლამენტში საშვების დაშვება იზღუდებოდა, რაც კრიტიკული აზრის გამოთქმის სივრცესაც ზღუდავდა.
პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო, რომლის ძირითადი ფუნქცია პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, არსებულ გამოწვევებზე არ ახდენს რეაგირებას.
საბჭოს აქტივობები
- ჩატარდა 4 სხდომა;
- ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით მუშაობდა 5 სამუშაო ჯგუფი;
- ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის 19 ვალდებულებიდან სრულად/არსებითად შესრულდა 10 ვალდებულება, შეზღუდულად შესრულდა 6, არ შესრულდა 3 ვალდებულება.
- პარლამენტის ვებგვერდზე განახლდა საზედამხედველო მექანიზმების მოდული, რომელიც კვლავ მნიშვნელოვან დახვეწას საჭიროებს;
- სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა და პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის ფანჯარაში განათავსა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების პირველი ანგარიში“;
- მომზადდა გზამკვლევი საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ, რომელიც პარლამენტის წევრებს აცნობს საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების, ინფორმაციაზე წვდომის და ურთიერთთანამშრომლობის ინსტრუმენტებს.
- მომზადდა და პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდა საკანონმდებლო დაიჯესტები კანონმდებლობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით.
გამოწვევები
- პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა ბოლო წლების განმავლობაში გაუარსდა, რაზეც საბჭოს რეაგირება არ ჰქონია;
- 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები სრულად და დროულად არ შესრულდა;
- არ არის მიღებული რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომელიც 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით იყო გათვალისწინებული;
- 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა დაგვიანებით დამტკიცდა, შეიცავს მხოლოდ 3 ვალდებულებას, რომელიც ძირითადად სხვადასხვა საკითხის ანალიზსა და პრაქტიკის შესწავლას უკავშირდება და არ არის გათვლილი იმ რეალურ შედეგებზე, რომელიც საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას და პარლამენტის გამჭვირვალობას გააუმჯობესებს;
- სამოქმედო გეგმის შედგენისას საბჭომ, მისი საკონსულტაციო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი 21 ინიციატივიდან მხოლოდ 1 გაითვალისწინა.
- საბჭო არ ახდენს მონიტორინგს და ზედამხედველობას სამთავრობო OGP-ის მიმართულებით არსებულ კრიზისულ სიტუაციაზე, ამ დრომდე მთავრობას არ აქვს შემუშავებული OGP სამოქმედო გეგმა.
- წევრები ხშირად არ ესწრებიან საბჭოს სხდომებს.
შეფასება და რეკომენდაციები
მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ბოლო წლებში პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა მნიშვნელოვანად გაუარესდა. ღია მმართველობის მიმართულებით საქართველოში არსებული სიტუაცია კომპლექსურად უნდა შეფასდეს. აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი ლიდერი OGP-ში. ამ პერიოდში, საპარლამენტო ღიაობის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რომელთა მონაწილე და მთავრი ინიციატორი იყო სამოქალაქო საზოგადოება. ღია მმართველობაზე მუშაობის პროცესი იყო თანამშრომლობითი ფორმატის, მასში მონაწილეობდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ისე ოპოზიცია, მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები იყვნენ ყველა ფრაქციის წარმომადგენლები. საპარლამენტო ღიაობის პროცესში მიღწევებიც ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობა არსებითად გართულდა.
- გართულდა სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. 2022 წელს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, პარლამენტის შენობაში სამუშაო სივრცის დატოვება მოსთხოვეს, რომლითაც ისინი წლების მანძილზე სარგებლობდნენ. მოტივად, პარლამენტის შენობის რემონტი დასახელდა. ამას მალევე მოჰყვა მათთვის საშვების გაუქმებაც. აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაციები პარლამენტის მონიტორინგს ახორციელებენ და მათთვის პარლამენტის შენობაში შესვლის შეზღუდვა მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა პარლამენტის საქმიანობაზე დაკვირვების პროცესში.
- მიმდინარე წლის მარტში განვითარებული მოვლენების ფონზე კი საკონსულტაციო ჯგუფის ნაწილმა შეაჩერა პარლამენტთან თანამშრომლობა. შეჩერების პროცესს კი საბჭოს მხრიდან, ამ ორგანიზაციებისთვის წევრობის შეწყვეტა მოჰყვა.
არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში არ შეფერხდეს OGP-ის პროცესი და პარლამენტმა შესაბამისი ნაბიჯები გადადგას, კერძოდ:
- პარლამენტის ღია მმართველობის საბჭო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით უნდა დაინტერესდეს სამთავრობო მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე და გამართოს საჯარო მოსმენა;
- საპარლამენტო ღიაობის იმ მოცემულობაზე რაც დღეს არის, კერძოდ პარლამენტის დახურულ უწყებად ჩამოყალიბის პროცესზე, საბჭო და მისი წევრები რეაგირებას უნდა ახდენდეს, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ხშირია პარლამენტში შესვლისათვის ხელის შეშლა, ამას ემატება პარლამენტის თავმჯდომარის, ამავდროულად ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარის ბრძანება პარლამენტში შესვლის წესების გამკაცრების შესახებ, რაც გაურთულებს დაინტერესებულ პირებს საპარლამენტო ჩათულობის მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას;
- საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი უნდა იყოს აქტიური, მათ შორის იგულისხმება სამუშაო ჯგუფების თუ ინდივიდუალური აქტიურობა დეპუტატების მხრიდან. საბჭომ სრულად უნდა შეასრულოს ის ამბიციური ვალდებულებები, რომელიც რეალურ შედეგს მოიტანს პარლამენტის ღიაობის გაუმჯობესებაში;
- რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინიციატივა, რომელიც ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელ ინფორმაციებს შეეხება, მნიშვნელოვანია რომ დროულად იქცეს კანონად;
- საბჭოს საქმიანობა უნდა იყოს ორიენტირებული მეტად ამბიციურ აქტივობებზე და რეფორმებზე.
