ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის შეფასება

28 ნოემბერი, 2022

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”-ს საპარლამენტო მონიტორინგის პროექტის ფარგლებში შესრულებული კვლევა მოიცავს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობას X მოწვევის პარლამენტში 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2022 წლის 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში.

ძირითადი მიგნებები

ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და სამოქალაქო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა. მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმის შედგენისას საბჭო არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების უმეტესობას ითვალისწინებს, პრობლემად რჩება გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების დადგენილ ვადაში შესრულება. საპარლამენტო საქმიანობაში არაერთი გამოწვევაა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და პარლამენტის საქმიანობის ღიაობასთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემას წარმოადგენდა არასამთავრობო სექტორის, მედიისა და მოქალაქეებისათვის პარლამენტის შენობაში შესვლა და სხდომებზე დასწრება. ამასთან ერთად, 2021 წლის შემოდგომიდან, შესასვლელთან კვლავ აღმართული იყო რკინის ჯებირი. აღნიშნულ საკითხებზე პარლამენტს, მათ შორის, ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს რეაგირება არ მოუხდენია.

სტატისტიკური მონაცემები

  • საანგარიშო პერიოდში საბჭომ ჩაატარა 4 სხდომა;
  • საბჭოში შეიქმნა 19 სამუშაო ჯგუფი;
  • 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 19 ვალდებულებიდან სრულად შესრულდა 3, დანარჩენზე მიმდინარეობს მუშაობა.

მიღწევები

  • პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში ცვლილებებს, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე, კერძოდ, კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მომზადებისა და გამოცემის წესს, სამუშაო პროცესის ვადებისა და მიზნების გაწერას, სამუშაო ჯგუფების სტატისტიკის შედგენასა და სამუშაო ჯგუფების საჯარო შეხვედრების ოქმების/აუდიო ჩანაწერების პროაქტიულად გამოქვეყნებას;
  • სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, სახალხო დამცველის ანგრიშის მოსმენის შემდეგ, უწყებების მხრიდან მოსაზრებების მომზადების და კომიტეტისთვის გაზიარების ორივე ეტაპზე, კომიტეტისათვის გაგზავნილი პასუხები, მათი მიღებიდან 3 დღის ვადაში გამოქვეყნდება ვებგვერდზე;
  • სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, კომიტეტი, პერიოდულად, პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს ჯანდაცვის სამთავრობო პროგრამების საზედამხედველო ონლაინ პლატფორმის ანგარიშებს;
  • პარლამენტის აპარატმა შეიმუშავა საგანგებო მდგომარეობისას (ასევე კრიზისულ სიტუაციებში) პარლამენტის ფუნქციონირებისა და სამუშაო პროცესის უწყვეტობის შესახებ მეთოდოლოგია/ გეგმა;
  • სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, განახორციელდა კვლევა „საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და მათი ეფექტურობის შესახებ“;
  • პარლამენტში მოქალაქეთა განახლებულმა მისაღებმა ფუნქციონირება დაიწყო.

გამოწვევები

პრობლემას წარმოადგენდა პარლამენტის შენობაში შესვლა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, მათ დაუსაბუთებლად ეუბნებოდნენ უარს. ამასთან ერთად, 2021 წლის შემოდგომიდან, შესასვლელთან კვლავ აღმართული იყო რკინის ჯებირი. აღნიშნულ საკითხებზე საბჭოს რეაგირება არ მოუხდენია.

  • სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 19 ვალდებულებიდან სრულად შესრულებულია მხოლოდ 3. დანარჩენ ვალდებულებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადა 2022 წელია, თუმცა შეუსრულებელი ვალდებულებების ნაწილს უკვე გასული აქვს გეგმით გათვალისწინებული შესრულების ვადა.
  • დადგენილ ვადაში არ შესრულდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შემდეგი მნიშვნელოვანი ვალდებულებები:
  • არ არის შემუშავებული და მიღებული ცვლილებები რეგლამენტში, რომლებიც უნდა ითვალისწინებდნენ საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის როლის გაზრდას. ცვლილებებმა უნდა უზრუნველჰყონ საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტში დისტანციურ რეჟიმში საქმიანობის წარმართვის შესაძლებლობა და ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმი;
  • პარლამენტისა და კომიტეტების ანგარიშების სტრუქტურის დახვეწის მიმართულებით ცვლილებები არ განხორციელებულა;
  • საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე ცვლილებები არ განხორციელებულა, კერძოდ, პარლამენტს უნდა შეექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავდა კონტროლის შესახებ ვებგვერდზე ახალ მოდულს, წარუდგენდა საბჭოს და ახალი მოდულის ინტეგრაცია განხორციელდებოდა პარლამენტის ვებგვერდზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამჭვირვალე იყოს ინფორმაცია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე კონტროლის მიმართულებით.

შეფასება და რეკომენდაციები

საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემას წარმოადგენდა არასამთავრობო სექტორის, მედიისა და მოქალაქეებისათვის პარლამენტის შენობაში შესვლა და სხდომებზე დასწრება, რასაც საბჭოს რეაგირება არ მოჰყოლია. მიუხედავად იმისა, რომ 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა საპარლამენტო საქმიანობის მიმართულებით მნიშვნელოვან ვალდებულებებს ითვალისწინებს, მათი ნაწილი კვლავ არ არის შესრულებული.

  • საბჭო ყურადღებას უნდა აქცევდეს დაინტერესებულ პირთათვის პარლამენტის შენობაში შესვლაზე დაუსაბუთებლად უარის თქმის შემთხვევებს;
  • მიზანშეწონილია, საბჭოს სამოქმედო გეგმა მოიცავდეს მეტად ამბიციურ ვალდებულებებს და ითვალისწინებდეს სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით ღია მმართველობის პარტნიორობის რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანია არა სამოქმედო გეგმის ვალდებულებების რაოდენობა, არამედ მათი შინაარსი და მასშტაბურობა;
  • საქართველოს პარლამენტმა უნდა გაამარტივოს შენობაში მოქალაქეთა შესვლის პროცედურა, მოქალაქეებს საშვის გარეშე, უსაფრთხოების შემოწმების გავლით უნდა შეეძლოთ პარლამენტის შენობაში შესვლა; 
  • მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ვადებში შეასრულოს ვალდებულებები, ასევე, უფრო აქტიური უნდა იყოს სამუშაო ჯგუფების საქმიანობა;
  • საბჭომ უნდა შეიმუშაოს და მიიღოს რეგლამენტში ცვლილებები, რომლებიც შეეხება საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის როლის გაზრდას;
  • უნდა დამტკიცდეს პარლამენტისა და კომიტეტების ანგარიშების ერთიანი განახლებული ფორმა, რომელიც, მათ შორის გაითვალისწინებს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის უფრო ფართო სპექტრს;
  • უნდა შეიქმნას საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შესახებ ახალი მოდული;
  • პარლამენტის ვებგვერდი კვლავ საჭიროებს დახვეწას და მნიშვნელოვანია რომ განთავსებული ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი იყოს დაინტერესებული პირებისთვის.

 

*გამოქვეყნებული ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში წინადადება “საქართველოს პარლამენტმა უნდა გაამარტივოს შენობაში მოქალაქეთა შესვლის პროცედურა, მოქალაქეებს საშვის გარეშე, უსაფრთხოების შემოწმების გავლით უნდა შეეძლოთ პარლამენტის დარბაზში მოხვედრა” შეიცვალა  წინადადებით  “საქართველოს პარლამენტმა უნდა გაამარტივოს შენობაში მოქალაქეთა შესვლის პროცედურა, მოქალაქეებს საშვის გარეშე, უსაფრთხოების შემოწმების გავლით უნდა შეეძლოთ პარლამენტის შენობაში შესვლა”.