გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესზე უარის თქმით ქართული ოცნება მართლმსაჯულების სისტემაზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შემაშფოთებლად მიიჩნევს ქართული ოცნების სურვილს საკონსტიტუციო ცვლილებები გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილების გარეშე მიიღოს. პროგრესული ცვლილებების უარყოფითა და არსებული წესის ძალაში დატოვებით ქართული ოცნება მართლმსაჯულების სისტემაზე სრული კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს.
დღეს მოქმედი რეგულაციის თანახმად, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე არჩევის გადაწყვეტილებას პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, იღებს, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების შესაძლებლობას იძლევა. 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთ საკითხს სწორედ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა წარმოადგენდა. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, პარლამენტმა გენერალური პროკურორი სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით უნდა აირჩიოს, რაც საპარლამენტო სუბიექტებს შორის კონსესუსის აუცილებლობასა და პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალი გენერალური პროკურორის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა.
6 სექტემბერს, საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში განხილვისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ ცვლილებებს იმ დათქმით დაუჭირა მხარი, რომ გენერალური პროკურორის 3/5-ის უმრავლესობით არჩევის საკითხს პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტდა. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით ცვლილებები მხოლოდ იმიტომ დაინიცირდა, რომ ეს 19 აპრილის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. თუმცა, მისივე შეფასებით მსგავსი რეგულაცია სრული „სიმახინჯეა“, რაც ქვეყნის კონსტიტუციაში არ უნდა ეწეროს.
ქართული დემოკრატიისა და პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პროკურატურისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტების დეპოლიტიზირება და ამ უწყებების პარტიული გავლენებისგან გათავისუფლება რჩება. პარლამენტის მიერ კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება ხელს შეუწყობს პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ნდობისა და მაღალი პროფესიული რეპუტაციის მქონე გენერალური პროკურორის არჩევას. კვალიფიციური უმრავლესობით გენერალური პროკურორის არჩევას ვენეციის კომისიაც უწევს რეკომენდაციას. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით კიდევ უფრო მეტად შეფერხდება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები, რაც მმართველი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა იქნება.