ცესკოს ბოლო დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი არ არის - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ცესკოს ბოლო დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი არ არის

22 აგვისტო, 2016

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 19 აგვისტოს მიღებული დადგენილება, რომელიც პარტიის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის პროცედურებს უკავშირდება მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს, ზოგიერთი დებულება კი  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი არ არის. დადგენილების მიხედვით:

  • რეგისტრირებულ პარტიებს, რომლებსაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში არ უფიქსირდებათ ხელმძღვანალობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, 2016 წლის 08 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მიზნებისთვის, ამ პარტიების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებად ჩაითვლებიან მათი წესდების მიხედვით განსაზღვრული ხელმძღვანელი პირები;

    პრობლემა: ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს პარტიის წესდების შესაბამისად ვადა აქვს გასული და მისი განახლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ მოხდა (ცვლილებები არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში) მას პრობლემა არ შეექმნება ცესკოში საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის დროს. ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, პარტია „ცენტრისტებს” საჯარო რეესტრისგან რომ ცვლილებების რეგისტრაცია არ მოეთხოვა და უარი არ მიეღო, ანუ პირდაპირ ცესკოსთვის მიემართათ, რეგისტრაცია არ გაუუქმდებოდათ.  

  • პირველ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც წესდებაში მითითებულ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად 2016 წლის 08 სექტემბერამდე უარი უთხრა/ეტყვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში ცვლილების განხორციელებასა და მის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მითითებაზე.

პრობლემა: ამ შემთხევაში საჯარო რეესტრის პოლიტიკურ გაერთიანებათა რეესტრი  კარგავს თავის ფუნქციას, რადგან იქმნება რისკი, რომ პარტიები მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის განახლებას აღარ განახორციელებენ. შესაბამისად, ცესკო ამ დადგენილებით შესაძლებლობას აძლევს პოლიტიკურ პარტიებს გვერდი აუარონ კანონის მოთხოვნებს. ამასთან, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ  სახელმწიფოს და  საზოგადოებას არ ექნება სწორი ინფორმაცია პარტიის წევრებსა და წარმომადგენლების შესახებ, რომელიც მათ საჯარო რეესტრის გვერდიდან შეიძლება მოიპოვონ. პარტიის წარმომადგენლებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა კი ამომრჩევლების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას ზღუდავს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, რადგან:

  • „საარჩევნო კოდექსის” 113-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს;

  • პარტიის ხელმძრღვანელობის შესახებ ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმების ვალდებულება აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რადგან მხოლოდ ის არის ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო. ამ ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის საშუალებით, რადგან სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია;

  • „მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ” საქართველოს კანონს 20 ივნისს დაემატა ასევე სპეციალური პუნქტი, რომლის თანახმადაც პარტიის ხელმძღვანელი პირის მონაცემებში შეტანილი ცვლილება მოქმედებს მხოლოდ ამ ცვლილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ;

  • აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 18 აგვისტოს გამართულ პროცესზე, სადაც პ/გ „ცენტრისტების” წინააღმდეგ დავა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” ჰქონდა, წარმომადგენლად არ დაუშვა პარტიის წესდებაში ხელმძღვანელად მითითებული პირი, სწორედ იმ საფუძვლით, რომ ის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერში არ ფიქსირდებოდა, როგორც წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცესკოს ინფორმაციით პ/გ „ცენტრისტების” გარდა საარჩევნო სუბიექტად კიდევ 9 პარტია დარეგისტრირდა, რომელთა ხელმძღვანელი პირების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული არ არის. ხოლო ცესკოს მიერ მიღებულმა დადგენილებამ კი შესაძლოა გავლენა იქონიოს აღნიშნული 9 პარტიის რეგისტრაციის გაუქმებაზე. ამ პარტიების რეგისტრაციების ძალაში დატოვების შემთხვევაში, იქმნება რისკი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი კანონმდებლობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ, მათ რეგისტრაცია შეუნარჩუნდებათ.  

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს აღნიშნული დადგენილება და ასევე იმსჯელოს იმ 9 პარტიის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომელთაც ასევე არ ჰყავთ რეესტრში რეგისტრირებული ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი მიმართოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობის ზომებს.

print