ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს ფოკუსირება მოახდინოს საკუთარ მისიაზე და უზრუნველყოს თანამშრომელთა დაცვა პოლიტიკური ზეწოლისაგან

10 ოქტომბერი, 2012

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებით დაიხურა ვახო სანაიას ორი სატელევიზიო გადაცემა: „ევროპული არჩევანი“ და „ვახო სანაიას რეპორტაჟი“. ორივე გადაცემა საზოგადოებრივ ტელევიზიაზე  დებატებისა და დისკუსიის მნიშვნელოვან ფორმატს წარმოადგენდა. media.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტი ვახო სანაია თავის თანამშრომლებთან ერთად გათავისუფლებული იქნა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს. ვახო სანაიამ არჩევნების წინ გააკრიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა, რადგან ტელევიზიამ ვერ უზრუნველყო პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოს დროული გაშუქება.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიაჩნია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ თავი უნდა შეიკავოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისგან. საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ფოკუსირება მოახდინონ საკუთარ მისიაზე, რომლიც გულისხმობს ემსახურონ ქართულ საზოგადოებას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს, როგორც დამოუკიდებელი ინფორმაციის გავრცელება, ასევე მიმდინარე მოვლენებზე სადისკუსიო და საგამოძიებო რეპორტაჟებისათვის შესაბამისი ფორმატების არსებობა.  საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისა და სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობას წარმოადგენს ტელევიზიის მიერ საკუთარ მისიის განხორციელება და რეპორტიორთა და სარედაქციო სექტორის თანამშრომელთა დამოუკიდებლობის დაცვა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც აღბეჭდილია საუბარი ტელევიზიის ხელმძღვანელობასა და  გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის.  მიგვაჩნია,რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისათვის მნიშვნელოვანია განიხილოს და დაასაბუთოს სარედაქციო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებულად იქნეს მიჩნეული საზოგადოების მიერ.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს ტელევიზიის თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების აუცილებლობას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ სარედაქციო სფეროში, ჰქონდეთ ხანგრძლივი კონტრაქტები, რომელიც მისცემს მათ საშუალებას იყვნენ უფრო დამოუკიდებლები და არ ჰქონდეთ  სამსახურიდან გათავისუფლების შიში.


საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „ევროპული არჩევანი“ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან კოოპერაციით ხორციელდებოდა და ფინანსდება შვეციის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ (Sida). „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოც“ ასევე ფინანხდება  შვეციის სააგენტოს მიერ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანამშრომლები, რომლებიც მედია საკითხებზე მუშაობენ, თანამშრომლობენ “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან”.

Media