თბილისის მერიის განცხადება არ შეიცავს დამაკმაყოფილებელ პასუხებს ეკოლოგიისა და გამწვანების სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით
თბილისი, 2013 წლის 23 აპრილი - ვეხმაურებით განცხადებას, რომელიც თბილისის მერიამ 18 აპრილს გააკეთა ჩვენ მიერ მიმდინარე თვის დასაწყისში გამოქვეყნებული განცხადების საპასუხოდ, სადაც ეკოლოგიისა და გამწვანებისა და მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობაზე ვწერდით.
ჩვენს თავდაპირველ განცხადებაში ხაზი გავუსვით სამ ძირითად პრობლემას:
- ქალაქ თბილისში არსებული არადამაკმაყოფილებელი ეკოლოგიური მდგომარეობა;
- ქალაქის მწვანე საფარის საგანგაშო მდგომარეობა;
- გამწვანების სფეროში წარმოებულ მუნიციპალურ შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გამოყენებისა და კორუფციის მაღალ რისკს წარმოშობს.
უპირველეს ყოვლისა, გვსურს მადლობა ვუთხრათ დედაქალაქის მთავრობას ჩვენს განცხადებაზე გამოხმაურებისთვის, თუმცა აქვე სინანულით აღვიშნავთ, რომ მერიის განცხადება არ შეიცავს დამაკმაყოფილებელ პასუხებს ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით. მეტიც, თბილისის მერიის პასუხი დამატებით კითხვებს წარმოშობს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის საქმიანობის შესახებ. კერძოდ, განცხადებიდან ჩანს, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელობა, სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებს იმ უმძიმესი პრობლემების არსს, რომლებიც ამჟამად ქალაქის წინაშე დგას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ მიზანშეწონილია ქალაქის მთავრობისა და საკრებულოს მიერ შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელძღვანელთა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა. არსებული მდგომარეობიდან და ბოლო წლების პრაქტიკიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის დღევანდელ ხელმძღვანელობას არ შესწევს ქალაქის წინაშე მდგომი პრობლემების გადაჭრის უნარი, ხოლო მისი ზოგიერთი ნაბიჯი პირდაპირ აყენებს ზიანს ქალაქის გარემოს. ამდენად, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ხსენებული პრობლემების ცალკე განხილვა სამსახურის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან. სწორედ ამ მიზეზით ვთქვით უარი სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე 17 აპრილს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ (ჩვენთვის უცნობი მიზეზით) „მწვანე ალტერნატივა“ ამ შეხვედრაზე არ მიუწვევიათ.
ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, შევხვდეთ ქალაქის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელობას და უფრო ვრცლად გავაცნოთ ჩვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე. პრობლემის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილი იქნება პროცესში გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ჩართვაც.
ქვემოთ გთავაზობთ თბილისის მერიის განცხადების პუნქტობრივ განხილვას და ჩვენი ორგანიზაციების პოზიციას თითოეულ საკითხთან დაკავშირებით.
- მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამსახურის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე „დგება შესაბამისი დოკუმენტი, სადაც ქალაქის ტერიტორიაზე, მისამართების მიხედვით, მითითებულია თუ რამდენი ხე-მცენარე საჭიროებს გასხვლა-ფორმირებას, გადაბელვასა და მოჭრას.“ მერიის ამგვარი განცხადება გაკვირვებას იწვევს, რადგან ასეთი დოკუმენტი მერიამ დღემდე ვერ წარმოადგინა (ვერც ჩვენი მიმართვის საფუძველზე და ვერც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესაბამის ტენდერებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვისას, რაც სააგენტოს მიერ ამ ტენდერების შეჩერების საფუძველი გახდა). თუ სამსახურს მართლაც აქვს შედგენილი ასეთი დოკუმენტი, მიზანშეწონილი იქნებოდა მისი გამოქვეყნება.
- მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქალაქის მასშტაბით, ტარდება ფიტო-სანიტარული კვლევა, რომელსაც ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომლის დასკვნის საფუძველზეც ხე-მცენარეთა წამლობა და შესაბამისი სანიტარული ღონისძიებები ტარდება.“ ასეთი ტენდერები მართლაც ტარდება ყოველწლიურად, თუმცა არსებობს სერიოზული და დასაბუთებული ეჭვი, როგორც თავად ფიტო-სანიტარული კვლევის, ისე მისი დასკვნების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების ხარისხთან დაკავშირებით. მაგალითისთვის, 2011 წელს აღნიშნული ტენდერი კომპანია „ფორესთ კონსალტინგმა“ მოიგო, თუმცა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა მოგვიანებით, „უსაფრთხო სივრცის“ მოთხოვნის საპასუხოდ, ვერ წამოადგინა კომპანიის მიერ ჩატარებული ფიტო-სანიტარული კვლევის შედეგების ამსახველი რაიმე დოკუმენტი. აღნიშნულ შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემები ნაწილობრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომაც გაიაზარა, როდესაც თბილისის მერიის მიერ მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადებული ტენდერი შეაჩერა. არსებობს სერიოზული კითხვები თავად სატენდერო პროცესის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, რადგანაც წლევანდელ ტენდერში მონაწილე ორ კონკურენტ კომპანიას ელექტორნული ფოსტის ერთი და იგივე მისამართი ჰქონდა. რაც შეეხება სანიტარულ ღონისძიებებს, შესაბამისი საქმიანობის ხარისხის მხრივ არსებულ სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს ბოლო წლებში ხე-მცენარეთა სხვადასხვა დაავადების მასშტაბური გავრცელება და ამ მიზეზით ხეების მასობრივი ხმობა ქალაქში, განსაკუთრებით კი მის სარეკრეაციო ზონებში.
- მერიის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავების მოჭრაზე ნებართვის გაცემისას საკუთრების მფლობელი იხდის ნარგავების აღდგენის ღირებულებას, ხოლო მშენებლობის შემთხვევაში, მშენებელს საკომპენსაციო ნერგების დარგვა ეკისრება. ამასთან დაკავშირებით, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური ხშირად სათანადო დასაბუთების გარეშე გასცემს ხეების ჭრის ნებართვას არა მხოლოდ კერძო, არამედ საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (მაგალითად, ტროტუარებზე ან ქალაქის პარკებში). ზოგადად, რადგანაც (თვით საკომპენსაციო ნერგების დარგვის შემთხვევაშიც კი) მრავალწოვანი ხეების მოჭრის შედეგად შესაბამისი ტერიტორიის ეკოლოგიურ მდგომარეობისთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებას ათწლეულები ჭირდება, სამსახურის უპირველესი ამოცანა არსებული ხე-მცენარეების შენარჩუნება უნდა იყოს.
- რაც შეეხება კერძო საკუთრებას, აქ ყურადღებას იმსახურებს ქალაქის იმ გამწვანებული ტერიტორიების (მაგ. სკვერების) საკითხი, რომლებიც საპრივატიზაციო პოლიტიკის ფარგლებში სხვადასხვა კომპანიის კერძო საკუთრებაში მოექცა. კანონით დადგენილი უფლებამოსილებები ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს ასეთ ტერიტორიებზე არსებული გამწვანება (კერძო საკუთრებაში მათი გადასვლის მიუხედავად), თუმცა, ბოლო წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სამსახური ამ უფლებამოსილებას რეალურად არ იყენებს, ხოლო გადაწყვეტილებებს მეტწილად კერძო კომპანიების სასარგებლოდ და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის საზიანოდ იღებს.
- ჩვენს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ამჟამად არ არსებობს თბილისის გამწვანების ერთიანი პოლიტიკა და კონცეფცია. ამის საპასუხოდ, თბილისის მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეკოლოგიის სამსახურის ინიციატივით, თბილისის გამწვანების ერთიანი პოლიტიკის კონცეფციის შემუშავების მიზნით, შეიქმნა გამწვანების სივრცითი რუკა, რათა სრულყოფილად განხორციელდეს ხე-მცენარეთა ინვენტარიზაცია.“ ამასთან დაკავშირებით, გვსურს აღვნიშნოთ, რომ გამწვანების სივრცითი რუკის შექმნა ქალაქის გამწვანების ზოგადი პოლიტიკისა და კონცეფციის მხოლოდ ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს და თავად ის ფაქტი, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა დაარსებიდან დღემდე პოლიტიკის მხოლოდ ამ კომპონენტზე შეძლო მუშაობის დაწყება, სერიოზულ ნაკლოვანებებზე მიუთითებს სამსახურის საქმიანობაში. მეტიც, თუ საუბარია იმ რუკაზე, რომლის ბმულიც ამჟამად მერიის საიტზეა განთავსებული, ეს რუკა არ შეიცავს არსებით ინფორმაციას ქალაქის გამწვანების შესახებ და დღევანდელი სახით პრაქტიკულად გამოუსადეგარია.
- ქალაქში არსებულ არადამაკმაყოფილებელ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით თბილისის მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თბილისის ტერიტორიაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას შემდგომი რეაგირებისათვის.“ ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ, წინა ხელისუფლების დროს, ხსენებული საკითხი არაერთხელ დაისვა გარემოს დაცვის სამინისტროს წინაშე. სამინისტროს იმდროინდელი ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ხსენებული საქმიანობა თბილისის მერიის კომპეტენციაა, ხოლო თბილისის მერიას ამის საპირისპირო პოზიცია იმ პერიოდში არ გამოუთქვამს. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გარემოს დაცვის ახალმა მინისტრმა თბილისის მერიას საჯაროდ მიმართა თანამშრომლობის წინადადებით, თუმცა გაურკვეველია, თუ რა მდგომარეობაა დღეს ამ კუთხით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს მისივე დებულება ავალდებულებს ქალაქში ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას. თუ სამსახურში „ეკოლოგიად“ მხოლოდ გამწვანების საკითხები მიაჩნიათ, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი პოზიციის მართებულობას, რომ რომ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის დღევანდელ ხელმძღვანელობას არ შესწევს ქალაქის წინაშე მდგომი პრობლემების გადაჭრის უნარი.
- გამწვანების სფეროში წარმოებული შესყიდვების თაობაზე ჩვენს მიერ დასმული კითხვების პასუხად, თბილისის მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამუშაოს შესრულების ღირებულება განისაზღვრება ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით, ხოლო სახელმწიფო ტენდერები ელექტრონული ფორმით, გამჭირვალედ ტარდება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწდომია.“ უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული ტენდერები შესყიდვების პროცესის მხოლოდ ერთი ნაწილია და შესაბამისად არამიზნობრივი ხარჯვისა თუ კორუფციის რისკების შემცირებას მხოლოდ ეს მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს (ამაზე მეტყველებს, თუნდაც, თბილისის მერიისა და კომპანია „გრინსერვისის“ თანამშრომლობის მაგალითი). ამგვარი რისკების შესამცირებლად აუცილებელია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა ხარჯებისა და შესყიდვების დაგეგმვის ეტაპზე, რაც ამჟამად არ ხდება. მეტიც, შესაბამის სფეროში ერთიანი პოლიტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპებისა თუ დოკუმენტების არარსებობის პირობებში, საერთოდ გაუგებარია, თუ როგორ და რის საფუძველზე ხდება ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ყოველწლიური საქმიანობისა და ხარჯების დაგეგმვა, ან სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. შედეგად, სახეზეა მდგომარეობა, როდესაც ეკოლოგიისა და გამწვანებისთვის ქალაქის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთ ღონისძიებებზე იხარჯება, რომელთა პოზიტიური გავლენა ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე მინიმალურია (ერთწლიანი ყვავილების დარგვა სკვერებში და ა.შ.).
- რაც შეეხება თბილისის მერიის განცხადებაში მოყვანილ ინფორმაციას ქალაქის შემოგარენის გამწვანების მიზნით ჩატარებულ სამუშაოზე და ამ ტერიტორიებზე დარგულ ათასობით ხეზე, ასეთი საქმიანობა უსათუოდ მისასალმებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიებები დადებით ეფექტს მხოლოდ ათწლეულების შემდეგ მოგვცემს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალაქის ტერიტორიაზე უკვე არსებული მრავალწლოვანი ნარგავების მაქსიმალური შენარჩუნების პრიორიტეტულობას. ამასთან, ზემოჩამოთვლილი ნაკლოვანებები ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის საქმიანობაში კითხვებს წარმოშობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესწევს სამსახურს (მისი დღევანდელი მდგომარეობით) ასეთი მასშტაბური სამუშაოების სათანადოდ დაგეგმვის უნარი. აუცილებელია, რომ ქალაქის მთავრობამ პროაქტიურად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ამ პროექტების მიმდინარეობის შესახებ და უზრუნველყოს მათი ფართო საზოგადოებრივი განხილვა.
„მწვანე ალტერნატივა“
„უსაფრთხო სივრცე“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“